ყოფილი პატიმრები - გამგებლის მოადგილეებად

ყოფილი პატიმრები - გამგებლის მოადგილეებად

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებებია. ახალმა გამგებელმა პაპუნა კობერიძემ ახალი მოადგილეები დანიშნა. გასული კვირის ბოლოს ყოფილმა გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, მას მოადგილეებმაც მიბაძეს, კობერიძე კი საკრებულომ დაამტკიცა. პაპუნა კობერიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია და მოადგილეებადაც თანაპარტიელები შეარჩია. მათგან ორი ყოფილი პატიმარია.

ზაალ გუდაძე 2009 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ, ზაფხულში, საბრძოლო მასალის შენახვის ბრალდებით დააკავეს. გორში, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და საზოგადოების დიდ ნაწილს წაყენებული ბრალდების არ სჯეროდა. გუდაძე თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას და მისი დაკავება მაშინვე შეფასდა როგორც პოლიტიკური რეპრესია. ახალი გამგებლის კიდევ ერთი მოადგილე ზაზა ადუაშვილია, რომელიც არჩევნების წინ ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მაშინ ოპოზიციამ ადუაშვილიც პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა.

გამგებლის კიდევ ერთ მოადგილედ ნინო წეწვაძე დაინიშნა. მას ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურების ზედამხედველობა დაევალა. წეწვაძე ამბობს, რომ პირველ რიგში სამსახურების მუშაობას გაეცნობა.

ზაზა ადუაშვილი განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეების სამსახურებს გაუწევს კურირებას.

მეორე მოადგილე, ზაალ გუდაძე, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სოფლის მეურნეობის და ზედამხედველობის სამსახურს გაუწევს კურირებას. გუდაძემ გორის რაიონის სოფლები უკვე მოიარა და პრობლემებს ადგილზე გაეცნო. სავარაუდოდ, ამ დღეებში სოფლის რწმუნებულების გადადგომაც დაიწყება.

ზაალ გუდაძის საკურატორო სფეროში შედის ინფრასტრუქტურის სამსახური, რომლის უფროსი, ნუკრი აბალაკი, წუხელ სამართალდამცავებმა დააკავეს. აბალაკი წინა ხელისუფლების კადრია. მას 2007-2008 წლებში, პრივატიზაციის სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების უკანონოდ გაყიდვაში ედავებიან.

ახალი გამგებელი არაფერს ამბობს იმის თაობაზე, გატარდება თუ არა საკადრო ცვლილებები მის დაქვემდებარებულ სამსახურებში, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ თანამდებობის დატოვებას ადმინისტრაციისა და ყველა სამსახურის უფროსი აპირებს. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ყოფილი გამგებლის საქმიანობითაც დაინტერესდება.