ხელისუფლებისა და "ნაცმოძრაობის" ურთიერთობების თავისებურებებსა და იმაზე, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მიერ საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომინუკაციის დეპარტამენტის შექმნა, "ინტერპრესნიუსი" ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძეს ესაუბრა.
- როგორ შეაფასებდით, ახალი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების გადაბარებიდან თითქმის თვენახევრის შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ვითარებას? რეალობას, როცა ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ახლებს ყოველდღიურად წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა "პოლიტიკურ დევნაში" ადანაშაულებენ; როცა "ახლებს" უპირატესად ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნითაც უჭირთ იმის დასაბუთება, რომ არანაირ დევნას ადგილი არა აქვს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის განცხადება - "ჩვენ არ ვიმოქმედებთ არც ერთი განცხადებით, რომელიც კეთდება საზღავრგარეთ. ჩვენ საქართველოს მთავრობა ვართ", სწორედ იმას ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრმა არ მიიღო დასავლეთის გზავნილი, რომ "დაკავებების თემა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური საკითხია"?
- ასე საკითხს არ დავსვამდი, პოლიტიკურია თუ სამართლებრივი, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა სამართლიანობის აღდგენის დაპირებით. ასე რომ, მან მხარდაჭერა და პოლიტიკური დივიდენდები ამ დაპირებითაც მიიღო. შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენა მისი პოლიტიკის შემადგენელია და ამიტომ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი მის პოლიტიკასაც უკავშირდება.
სასამართლოს დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, დამნაშვეების გამოვლენა და მათი პასუხისმგებლობა, უდანაშაულოთა და პოლიტიკურ რეპრესიების მსხვერპლთა უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა - ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც მთლიანობაში სამართლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი პირობაა. თავისთავად, ეს გულისხმობს დაკავებებსაც. რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის პოლიტიკურ კომპონენტს წამოწევს და საერთო პოლიტიკიდან მხოლოდ ერთ დეტალს - "დაკავებას" - "პოლიტიკურ დევნას" დაარქმევს. მით უმეტეს, რომ ყველა იმ დანაშაულისგან პასუხისმგებლობის თავის დასაღწევად ეს ერთადერთი თავდაცვის საშუალებაა. ახალი ხელისუფლების სისუსტე ინფორმაციის მიწოდების, ძირითადი გზავნილის ფორმულირების და ტექნიკის არცოდნაა, რომელშიც "ნაციონალურ მოძრაობას" 9-წლიანი გამოცდილება აქვს. სამწუხაროა, რომ ამ საკითხს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.
- როგორც ჩანს, დასავლეთში კარგად ესმით, რომ მაღალჩინოსანთა საქმიანობის გამოძიებების შედეგად შეიძლება "ნაცმოძრაობა", როგორც პოლიტიკური ძალა, მნიშვნელოვნად დაზარალდეს. შეუძლებელია, ეს არ ესმოდეს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილსაც. რით შეიძლება დასრულდეს ვითარება, როცა "ძველები" ცდილობენ, ახალ ხელისუფლებას რაიმე სფეროში წარმატება არ ჰქონდეს, ხოლო ახალი ხელისუფლება ძველის მაქსიმალურად დისკრედიტაციას ნებსით თუ უნებლიეთ უწყობს ხელს?
- შეიძლება ითქვას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართული ოცნება" პრესინგში ყავს. მათ წინასწარ აქვთ გაწერილი ყველა ძირითადი გზავნილი. ეს იქიდანაც ჩანს, რომ პარლამენტარმა ღვინიაშვილმა პარლამანტის სხდომაზე, სადაც მთავრობის დამტკიცება უნდა მომხდარიყო, "ქართული ოცნება" პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ეს მას მომავალი წლის მაისში რომ გაეკეთებიანა, გასაგები იქნებოდა. უბრალოდ, მან ეს ბრალდება დროზე ადრე თქვა, რითაც, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე გონიერი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ყოველდღე ერთი და იგივეს გამეორება, რომ "ქართული ოცნება" დანაპირებს არ ასრულებს, ქმნის ილუზიას, რომ დიდი ხანია, "ნაციონალები" ამბობენ და მართლაც არაფერი კეთდება. ჯერ ორი თვეც არ არის გასული და ასეთი შეფასებები ნაადრევი და გონიერებას მოკლებულია. თუმცა, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ტაქტიკა, შექმნას გარკვეული განწყობა მოსახლეობაში.
პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომინუკაციის დეპარტამენტი შექმნა, რომელსაც სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ ამ დეპარტამენტს დასავლურ პრესასთან ურთიერთობაც ევალება გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა ცნობილი ამერიკული და ევროპული ლობისტური კომპანიების მომსახურებაზე. ასეთ ვითარებაში რამდენად შეიძლება მასვე ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ ამ დეპარტამენტის შექმნით ახალი ხელისუფლების იმიჯი დასავლეთში ისე იქნება წარმოდგენილი, როგორც ეს ქართული სახელმწიფოს ინტერესებშია?
კარგია, რომ ამ საკითხებს ყურადღება მიექცა, დეპარტამენტის შექმნა ამ საკითხის მნიშვნელოვანებაზე მიუთითებს. რადგან შექმნა, ალბათ, მოლოდინიც აქვს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. სულ რაღაც ერთ თვეში გამოჩნდება, გაამართლა თუ არა ამ დეპარტამენტმა.
ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე გამოწერილმა პასპორტმა, რომელშიც ვანო მერაბიშვილის სურათი იყო ჩაკრული, საზოგადოება გაოცებული დატოვა. როგორია ექსპრემიერის მიერ გაყალბებული პასპორტის გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენი ვერსია და რა ფსიქოლოგიური ქვეტექსტი თუ პოლიტიკური სვლა შეიძლება იმალებოდეს მერაბიშვილის ამ ქცევის მიღმა? და კიდევ, როგორადაც არ უნდა იყოს, მერაბიშვილის მსგავსი საქციელი ნებისმიერ მოქალაქეს რომ ჩაედინა, სისხლის სამართლის კოდექსით საბუთების გაყალბებისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა არ აცდებოდა. . .
ამაზე მოკლედ გიპასუხებთ, ვანო მერაბიშვილს შეეშალა და სხვა, ყალბი პასპორტი მისცა. დარწმუნებული ვარ, ამაში არანაირი კონტექსტი არ დევს. ხელისუფლებას შეეძლო, უფრო გაბედულად ემოქმედა.
თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურად აფასებს საზოგადოება "ქართული ოცნების" კადრებით დაკომპლექტებული მთავრობის საქმიანობას? და პირიქით, რამდენად უწევს ანგარიშს თავად ახალი ხელისუფლება საზოგადოებაში იგივე პოლიტიკურ პატიმართა შესახებ ამნისტიის მზადებაზე ჩამოყალიბებულ არც თუ მისთვის სასარგებლო დამოკიდებულებას ანაც ძველი ხელისუფლების მხრიდან ახალი ხელისუფლებისათვის იმის შეხსენებას, რომ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების დროა? ანაც იმაზე საუბარს, რომ ელექტროენერგიის ტარიფების შემცირება დაპირებისამებრ არ შესრულდება?
რაც შეეხება ამნისტიაზე მოცემულ განმარტებებს, აქაც არასწორად იყო მოწოდებული ინფორმაცია. ითქვა, რომ შეიძლება, ვინმე გამოგვეპაროს და კრიმინოგენური სიტუაცია ოდნავ გაუარესდესო. რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელშწყობით ეს გზავნილი ასე ფორმულირდა – "ამნისტიის შემდეგ კრიმინოგენური სიტუაცია გაუარესდება და ამას შეეგუეთო." ყურადღება მიაქციეთ - "გაგებით მოეკიდეთ" და "შეეგუეთ." სულ სხვადასხვა აქცენტებია. ამ გზავნილის მოწოდება ისე შეიძლებოდა, რომ არავის მისი დამახინჯება და შინაარსის შეცვლა არ შეძლებოდა. ახალმა ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს საზოგადოებასთან გასაგები ენით საუბარი ან ისწავლიან ან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.
საქართველოს უშიშროების ექს-ხელმძღვანელმა იგორ გიორგაძემ საქართველოს ახალ ხელისუფლებას სამშობლოში დაბრუნების მოთხოვნით მიმართა. უდაოა, რომ პოლიტიკურ სცენაზე გიორგაძის გააქტიურება უშიშროების ექსმინისტრის მხრიდან იმერული ყველისა და მჭადის მონატრებას არ უკავშირდება, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რას შეიძლება უკავშირდებოდეს გიორგაძის გააქტიურება? ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, მოსკოვმა სააკაშვილის მსგავსად, ივანიშვილზეც ხელი საბოლოოდ ჩაიქნია და ასპარეზზე გიორგაძეც გამოჩნდა?
არა მგონია, გიორგაძე რუსეთისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდეს საქართველოში პოლიტიკურ სცენაზე გააქტიურებისთვის. რაც შეეხება გიორგაძეს, მის მიმართ ბევრი საფუძვლიანი ეჭვია და ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან გაუჭირდება. მასზე ძალიან ბევრი მასალაა სამართალდამცავ სტრუქტურებში. თუ ახალი ხელისუფლება მის დაბრუნებას ვარაუდობს, ვურჩევდი, ყველა მასალას გულდასმით გაეცნოს და გადაწყვეტილება მერე მიიღოს.
- თქვენი აზრით, იმ შემთხვევაში თუ გიორგაძე საქართველოში ჩამოვიდა, რამდენად სავარაუდოა პოლიტიკურ ლანჩაფთში სერიოზული ცვლილებები?
- ამის პერსპექტივა ნულის ტოლია.