იური ვაზაგაშვილი:

იური ვაზაგაშვილი: "საქმე გახსნილია! - უამრავი მოწმე გამოჩნდა კიდევ, რომლებიც ალაპარაკდნენ..."

"ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმაციას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს: როგორც ჟურნალისტებთან მთავარმა პროკუროორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, პროკურატურა ვაზაგაშვილის საქმეს სწავლობს და საზოგადოებას ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიაწვდის - "მალე გამოვაქვეყნებთ დამუშავებულ ინფორმაციას და საზოგადოებას გამოძიების შედეგებს გავაცნობთ", - განაცხადა მან ვაზაგაშვილის საქმის კომენტირებისას. შეგახსენებთ, რომ, ზურაბ ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. "ალია" კომენტარისთვის გარდაცვლილის მამას, იური ვაზაგაშვილს დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რა ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინა პროკურატურამ ვაზაგაშვილის საქმეში?!

"მუშაობა მიდის და მალე ბევრ რამეს გავიგებთ, ჯერ პროკურატურა მასალებს ამუშავებს. ძალიან დიდი საქმეა და ყველაფერს შესწავლა უნდა. რომ გადავხედე, 70 კაცია ჩართული და სერიოზული და შრომატევადი საქმე მიდის და დრო უნდათ. ძალიან ბევრი ახალი ინფორმაციაა, უამრავი მოწმე გამოჩნდა კიდევ, რომლებიც ალაპარაკდნენ - სამინისტროს ხალხია ძირითადად - ამბობენ, როგორ აყალბებდნენ საქმეებს, ვინ აკეთებდა ამას და რა დავალებები იყო. მაპატიეთ, გამიგეთ, თუ შეიძლება არ მინდა ყველაფრის თქმა, არ მინდა პროკურატურის გამოძიები წინ გავაკეთო განცხადებები. ბოდიშს ვიხდი გაზეთთან - ხომ იცით, ყოველთვის პირველი ვყვიროდი ყველაფერს და ახლა ვერიდები ლაპარაკს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იური ვაზაგაშვილი.

"როგორც გითხარით, ბევრი მოწმეა, თვითმხილველები გამოჩნდნენ, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა - საქმე გახსნილია. ძალიან მალე ითქმება ბევრი რამე. წარმოიდგინეთ ნივთმტკიცება იქ, სამინისტროში აქვთ. მე-7 წელია, რაც ეს ამბავი მოხდა და დაცხრილული მანქანა იქ დგას - ალბათ ისევ ხელახლა მოხდება მანქანისთვის ექსპერტიზის ჩატარება. თავის დროზე სოზარმა მოახერხა და მიაღწია ექსპერტიზას და ეს მოხდა პროკურატურაში. მაშინ საქმე იყო აღძრული პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე, მაგრამ ექსპერტიზის პასუხი არც ჩვენ და არც სოზარს არ გვინახავს. 10 გამომძიებელი იძიებდა ამ საქმეს და კი არ იძიებდა, სინამდვილეში აყალბებდა, რადგანაც 10-დან 7 იყო ამ მკვლელობის მონაწილე! ანუ, ვინც ეს სპეცოპერაცია ჩაატარა, საქმე მათ მისცეს გამოსაძიებლად", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "გვარებს დამისახელებთ ამ გამომძიებლების?" - პასუხობს:

"იყო ასეთი, გრიგოლ კვინიკაძე, ვალერი ეზუხბაია, ასევე ალეკო მგელაძე. და ეს გაყალბებები ხდებოდა მაშინ, როცა გიორგი ღვინიაშვილი იყო ქალაქის პროკურორი. ახლა რომ გამოდიან და ღვინიაშვილზე ბრტყელ-ბრტყელებს ლაპარაკობენ, ბოდიშს ვიხდი და დახრჩობა მინდა ამ ხალხის. უფრო მაგარ სიტყვებს ვიტყოდი, მაგრამ თავს ვიკავებ. პარლამენტში რომ სხედან, ისეთებს ლაპარაკობენ, თითქოს ამ 9 წლის მანძილზე ქვეყანა არ დაუნგრევიათ და მხოლოდ აშენებდნენ და ყველანი მამა აბრამის ბატკნები არიან - რა უფლებებზე ლაპარაკობენ ესენი? შვილები ჩაგვიხოცეს თვალწინ მაგ..., ვიცი რაც ვუწოდო, მაგრამ თავს ვიკავებ, გაზეთ არ ვაკადრებ".