”კორუფციის აღქმის ინდექსი” - საქართველო პოზიციას მცირედით აუმჯობესებს

”კორუფციის აღქმის ინდექსი” - საქართველო პოზიციას მცირედით აუმჯობესებს

ორგანიზაციამ ”საერთაშორისო გამჭვრივალობა” 2012 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა. გამოკვლევა 176 ქვეყანაში ჩატარდა და შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ შესწავლილი ქვეყნების ორი მესამედი კორუფციულ ქვეყნებად მოიაზრება. კორუფციის დონის შეფასება 100–ქულიანი სისტემით განხორციელდა. ”კორუფციის აღქმის ინდექსის” განმარტებითი პუბლიკაციის თანახმად, რაც უფრო მაღალია კონკრეტული ქვეყნის მაჩვენებელი, მით უფრო დაბალია ამ ქვეყანაში კორუფციის აღქმა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ არც 100 და არც 0 ქულა 2012 წელს გამოკვლეული ქვეყნებიდან არც ერთს არ მიუღია. ისევე როგორც გასულ წელს, საუკეთესო შედეგი, ანუ კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, დანიამ, ფინეთმა და ახალმა ზელანდიამ მიიღო, კორუმპირებულ ქვეყნებს კი სათავეში კვლავაც სომალი, ჩრდილოეთ კორეა და ავღანეთი უდგას. 176 ქვეყანას შორის საქართველო 52 ქულით 51-ე ადგილს იკავებს, რაც, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, არ არის სახარბიელო მაჩვენებელი.

”კორუფციის აღქმის ინდექსის” მიხედვით, რომელიც ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობამ” 4 დეკემბერს გამოაქვეყნა, ცხადი ხდება, რომ კორუფციის აღქმის თვალსაზრისით სიტუაცია, გასულ წელთან შედარებით, მსოფლიოში დიდად არ შეცვლილა: ნათელია, რომ მთელ რიგ ქვეყნებში საჯარო სექტორში არსებული კორუფციის დონე ისევ მაღალია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი იუგეტ ლაბელი ამბობს, რომ ის ქვეყნები, რომლებშიც კორუფციის აღქმის ინდექსი 50 ქულაზე დაბალია, ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან.

უნდა ითქვას, რომ 50 ქულიან მაჩვენებელს სულ მცირედით, 2 ქულით ასცდა საქართველო და ”კორუფციის აღქმის ინდექსის” ნუსხაში 52 ქულით 51-ე ადგილი დაიკავა. გასულ წელთან შედარებით, საქართველომ მცირედით გაიუმჯობესა პოზიცია. მიუხედავად არცთუ სახარბიელო მაჩვენებლისა, ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” რეგიონალური კოორდინატორი სვეტლანა სავიტსკაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის საქართველო კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერია. ამ მიმართულებით პოზიტიურ ცვლილებას ის საქართველოს წინა ხელისუფლებას უკავშირებს, თუმცა სვეტლანა სავიტსკაია ელიტური კორუფციის არსებობაზე მიუთითებს:

„მე ვფიქრობ, რომ ეს პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების დამსახურებაა. როდესაც ის მოვიდა მმართველობაში, მან მართლაც გაატარა საღი ანტიკორუფციული რეფორმა, განსაკუთრებით პოლიციასა და საგანმანათლებლო სექტორში და ამან, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო ქვეყნის კორუფციისაგან მცირედით გათავისუფლებას. თუმცა, როგორც ჩვენ შეგვეძლო დაგვენახა, ეს მართლაც ის არის, რაც ხდებოდა ხელისუფლებაში - ელიტური კორუფცია კვლავაც რჩებოდა საქართველოს მთავრობაში”, - ამბობს სვეტლანა სავიტსკაია.

ეკა გიგაური, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესებას რამდენიმე მიზეზს უკავშირებს. მაგალითად, მათ შორის ერთ-ერთია ხელისუფლების მიერ ახალი, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა:

”ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგალითად, იუსტიციის სახლებში განხორციელებული რეფორმა, ანუ ის სერვისი, რომელსაც მოქალაქეებს იუსტიციის სახლები სთავაზობს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს გასული წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული შესყიდვების ელექტრონული სისტემა, რაც ასევე წინ გადადგმული ნაბიჯია”, - მიაჩნია ეკა გიგაურს.

თუმცა, მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მტკიცებით, სამუშაო მაინც ბევრი რჩება. იმისათვის, რომ კორუფციის დონის შემცირება მაქსიმალურად მოხერხდეს, აუცილებელია ანტიკორუფციული სისტემის გაუმჯობესება, აცხადებენ ისინი. ეკა გიგაურის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს დაბალანსებული სისტემა, ხოლო პარლამენტი მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ აკონტროლებდა აღმასრულებელ ხელისუფლებას. სუსტი რგოლების შესახებ საუბრისას, ეკა გიგაური განსაკუთრებით გამოყოფს კონტროლის პალატის საქმიანობას წინასაარჩევნო პერიოდში:

”კორუფცია მხოლოდ ქრთამის აღება და შეთავაზება არ არის. კორუფციაა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაც. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში არ იყო დამოუკიდებელი და იყო ძალიან მიკერძოებული. ის მოქმედებდა ერთი რომელიმე ძალის სასარგებლოდ”, - ამბობს ეკა გიგაური.

ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რასაც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” გენერალური დირექტორი ხელისუფლების მისამართით გზავნის, არის პარლამენტის როლის გაძლიერება. რადიო თავისუფლებამ კითხვით, გეგმავს თუ არა პარლამენტის ახალი შემადგენლობა ანტიკორუფციული მუშაობის მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, ვახტანგ ხმალაძეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიმართა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტში ამ მიმართულებით მუშაობა არ მიმდინარეობს.

”დღეს არსებული უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საკოორდინაციო საბჭო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე მოქმედებს, დამოუკიდებელი სტრუქტურით უნდა შეიცვალოს”, მიაჩნია საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორს კახა კახიშვილს. მისი თქმით, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური უნდა დაკომპლექტდეს როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებისაგან. კახა კახიშვილის განმარტებითვე, საბჭო სამართალდამცველი სტრუქტურების მუშაობაში არ ჩაერევა, თუმცა მან უნდა მოახერხოს საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილება, ანუ პასუხი გასცეს წინა წლებში დასმულ შეკითხვებს და იფიქროს სამომავლო პრობლემების გამოვლენასა თუ პრევენციაზე:

”ამ საბჭოს უნდა ჰქონდეს ისეთი ინიციატივის უფლება, რომ მოამზადოს ისეთი კანონპროექტები, რომლებიც პრევენციის როლს გაატარებს ანტიკორუფციულ საქმიანობაში. ჩემს იდეაში ანტიკორუფციული სამსახურის საქმიანობა მხოლოდ იმით კი არ არის შემოფარგლული, რომ, მაგალითად, რომელიმე ჩინოვნიკის დეკლარაცია შეისწავლოს, არამედ ძალიან ფართო დებულებაა შესამუშავებელი”, - ამბობს კახა კახიშვილი.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე მითითებულია, რომ 2012 წელს ჩატარებული ევროპის კომისიის კვლევის ”ევრობარომეტრის” მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მოქალაქეებზე 4-ჯერ ნაკლებად აწყდებიან კორუფციას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

არის თუ არა საქართველოში კორუფცია და რა შეიცვლება კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ახალი ხელისუფლების პირობებში? რადიო თავისუფლებამ ამ კითხვებით რიგით მოქალაქეებს მიმართა. უნდა ითქვას, რომ მათი შეხედულებები საქართველოში კორუფციის შესაძლო არსებობის შესახებ არაერთგვაროვანია:

- ადრე იყო, მაგრამ ახლა არ არსებობს და არც იარსებებს.
- ამჟამად შესაძლოა კორუფციის დონე შემცირებულია, მაგრამ, ჩემი აზრით, კორუფცია მაინც არის.
- ახალი ხელისუფლება მოვიდა. ვფიქრობ, ყველანაირად ცდილობენ, რომ კორუფცია აიკრძალოს.
- პირიქით, მგონია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ყველაფერი უარესად იქნება. ისეთი ხალხი გამოუშვეს ციხიდან, რომ არ ვიცი, რა იქნება.
- არ მგონია, რომ საქართველოში კორუფცია დაბრუნდეს.