კახეთში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლების გადახურვას და კომპენსირებას ფონდი

კახეთში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლების გადახურვას და კომპენსირებას ფონდი "ქართუ" განახორციელებს

კახეთში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლების გადახურვას და კომპენსირებას ფონდი "ქართუ" განახორციელებს , - ამის შესახებ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შემსწავლელი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც ჟურნალისტებს ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა განუცხადა, ფონდი სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საკითხში აქტიურად არის ჩართული. ეს დახმარება ითვალისწინებს გადახურვის სამუშაოებს და ზარალის ანაზღაურებას სოფლის მეურნეობის დარგში. "დაიხარჯება იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება", - აღნიშნა ჩხეტიანმა.

საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, თინა ხიდაშელის განცხადებით კი, ჯარიმის სახით გადახდილი 80 მილიონი ლარი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნდა, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას მთლიანად მოხმარდება. მისივე თქმით, დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის კომპენსაციების გაცემა.

ხიდაშელის განცხადებით, ხელისუფლება ყველა დაზარალებულს ეხმარება. "ქართუ ჯგუფი" არის თანაბარი მონაწილე მთელი ამ პროცესების. ის ფული, რომელიც თავის დროზე გადახდილი იყო ბიუჯეტში და ახლა დაბრუნდა უკან, არის ფონდ "ქართუს" სარგებლობაში და იქიდან მოხდება ამ კომპენსაციების გაცემა", - აღნიშნა დეპუტატმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას თქმით კი, ამ დროისთვის 895 სახლის სახურავია შესაკეთებელი ან მთლიანად გადასახური. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო ზიანის კომპენსირებას, ამასთან დაკავშირებით მეთოდოლოგია მუშავდება.

"სასოფლო-სამეურნეო ზიანის კომპენსაციასთან დაკავშირებით ჩვენ ვამუშავებთ მეთოდოლოგიას. დავამუშავებთ არჩევნებამდე "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, თუ კონკრეტულად რა მოცულობის ზიანთან გვაქვს საქმე. აქედან გამომდინარე, წარმოვადგენთ კონკრეტულ ინფორმაციას კომპენსაციებთან დაკავშირებით", - აღნიშნა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ამ დროისათვის უცნობია მოხერხდება თუ არა წინასაახალწლოდ ყველა დაზიანებული სახლის გადახურვა. ნარმანიას ცნობით, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ამ დრომდე 65 მილიონი ლარია დახარჯული, თუმცა, ეს საკმარისი არ იყო.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა ზურაბ ჭიაბერაშვილმაც გააკეთა. მისი განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში კახეთში 5000-ზე მეტი სახლი და 123 მრავალბინიანი კორპუსი შეკეთდა.