ქვეყანაში უდავოდ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ის, რაც ჯერ არ შეცვლილა და ერთგვარი მუდმივაა, ეს ქართული სახელმწიფო უწყებების პრესსამსახურებია, რომლებიც, მცირე გამონაკლისების გარდა, ვერა და ვერ დაკომპლექტდა პროფესიონალებით. ნაციონალური ხელისუფლების პიარ-კულუარები ბაჩო ახალაიასა და დიმიტრი შაშკინის ყოფილმა პრესმდივანმა სალომე მახარაძემ "რეიტინგთან" უკვე გაშიფრა. მისი თქმით, რა პოლიტიკაც იყო ქვეყანაში, იმას ექვემდებარებოდნენ მინისტრებიც და მათი პრესსამსახურებიც, შესაბამისად, ჟურნალისტებთან ურთიერთობა მაქსიმალურად შეზღუდული გახლდათ. მინისტრებიდან ხელმისაწვდომი მხოლოდ გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე იყო, რომელიც ჩვენს ჟურნალსაც არაერთხელ ჩაუწერია.
რა შეიცვალა დღეს ამ კუთხით? - არაფერი. რამდენიმე მინისტრის პრესმდივანთან ჩვენი მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოდ დასრულდა. მაღალჩინოსნები კვლავ თავს არიდებენ, საზოგადოებას საკუთარი ცხოვრების გარკვეული დეტალების შესახებ გულახდილად ესაუბრონ პრესის ფურცლებიდან, გააცნონ თავიანთი მოსაზრებები, რომ მკითხველს გარკვეული წარმოდგენა ჩამოუყალიბდეს იმ ადამიანებზე, რომელთა ხელშიც მთელი ქვეყნის ბედია.
რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ერთ-ერთი გამონაკლისი ამ მხრივ, ერთი შეხედვით, ყველაზე დაკავებული და საქმიანი ქალბატონია ახალი მთავრობიდან, თეა წულუკიანი, რომელიც ასწრებს საქმის კეთებასაც, ხანგრძლივ პრესკონფერენციაზე თანხმდება "მაესტროს", ყველა შეკითხვაზე აქვს პასუხი და რაც მთავარია, არ ერიდება საკუთარი პირადი ცხოვრების აფიშირებასაც, რასაკვირველია, გარკვეულ ფარგლებში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეზე, ამ ქალბატონებს რამდენიმე ჟურნალისთვის, მათ შორის, ჩვენთვისაც საინტერესო ინტერვიუები აქვთ უკვე მიცემული და დარწმუნებული ვართ, თხოვნის შემთხვევაში, ახლაც შეძლებენ 20-დე წუთის გამონახვას საზოგადოების გაზრდილი ინტერესის დასაკმაყოფილებლად. რა არის იმაში გასაკვირი, რომ ხალხს აინტერესებს, რას წარმოადგენენ ახალი მინისტრები თუ მათი მოადგილეები? მით უმეტეს, როდესაც იური მეჩითოვის გურამ ოდიშარიას მოადგილედ დანიშვნა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, საქმე ეხებოდა იმ ტელეინტერვიუს, რომელიც უკრაინელმა ჟურნალისტებმა იური მეჩითოვის სახლში, მის სამზარეულოში ჩაწერეს, მოგვიანებით კი გავრცელდა ფოტოგრაფის შიშველი ფოტოც, სადაც ის სკანდალურ მწერალ ერეკლე დეისაძესა და სხვებთან ერთად პოზირებდა. ფოტოგრაფმა, რომელსაც უამრავი ადამიანი მისი შემოქმედებით მაინც იცნობს, თავი ვალდებულად ჩათვალა და უამრავ მედიასაშუალებას, მათ შორის, ჩვენს ჟურნალსაც უპასუხა შეკითხვებზე.
გურამ ოდიშარიას მეორე მოადგილე, ქალბატონი ხათუნა ხუნდაძე კი ყურადღების ცენტრში მის "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული რამდენიმე სტატუსის გამო მოექცა, სადაც ის უცენზურო სიტყვით მოიხსენიებდა პრეზიდენტს. ამგვარი საჯარო ლექსიკის გამო ადამიანს ალბათ არათუ კულტურის სამინისტროს რომელიმე მიმართულებას, ორ ბატსაც არ ჩააბარებდნენ. მისი გადადგომის მოთხოვნით "ფეისბუქზე" გვერდი გაიხსნა, სადაც მისი "ფეისბუქის" გვერდიდან ამონარიდები დადეს. გვერდი დღემდე 132-მა ადამიანმა მოიწონა. ისინი მიიჩნევენ, რომ ხათუნა ხუნდაძის გამონათქვამები ძალადობისა და აგრესიის მოწოდებასაც შეიცავს და აქ, სავარაუდოდ, მიუთითებენ მის მიერ დაწერილ შემდეგ ფრაზაზე - "ამის მკვლელს (ერთ-ერთი გარდაცვლილი პატიმარი იგულისხმება - ავტ.) სასქესო ორგანო უნდა მოაჭრა, დაკიდო გულზე და ასე ატარო ქალაქში..." თუმცა კი ხათუნა ხუნდაძის "ფეისბუქურ" მარგალიტებს შორის ასეთს ბევრს ამოიკითხავთ. მცირე ხნის შემდეგ კულტურის მინისტრის მოადგილემ ინტერნეტში გარკვეული განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ ამ გამონათქვამების ნაწილი მას ეკუთვნის, ნაწილი კი არა მან, არამედ უცნობმა ადამიანმა დაწერა მას შემდეგ, რაც მისი "ფეისბუქის" გვერდი გატეხეს.
ჟურნალი "რეიტინგი" ზუსტად ორი კვირის განმავლობაში ეკონტაქტებოდა ხათუნა ხუნდაძის პრესმდივან შორენა ჩიბუხაიას. მას ამ ორი კვირის განმავლობაში გულმოდგინედ ვუხსნიდით, რომ გვინდოდა ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა ქალბატონ ხათუნასთან და მისთვის შეკითხვების დასმა კულტურის მინისტრის მოადგილეობამდე განვლილ ცხოვრებაზე, ასევე სკანდალზე, რომელიც მისმა გამონათქვამებმა გამოიწვია. რასაკვირველია, ინტერვიუში მას ექნებოდა იმაზე საუბრის საშუალება, ის ცნობილი ფრაზები ნამდვილად მისი იყო თუ არა და საზოგადოების ინტერესი მეტ-ნაკლებად მაინც დაკმაყოფილდებოდა. ზემოხსენებულ ქალბატონ შორენას ჯერ ვერაფრით გავაგებინეთ საჟურნალე ინტერვიუს არსი, წყობა და ფორმა, ბოლოს, რომ მეგონა, მიხვდა, რაზე ვესაუბრებოდი, მომავალი კვირისთვის გადაგვიდო შეხვედრა და დამპირდა, რომ ინტერვიუებისთვის ხათუნა ხუნდაძე სწორედ ერთი კვირის თავზე მოიცლიდა. თუმცა პრესმდივნის ეს დაპირებაც არ აღმოჩნდა სიმართლესთან ახლოს. მრავალრიცხოვანი სატელეფონო ზარებისა და გარჩევების შემდეგ, როგორც იქნა, დაინიშნა დღე, როდესაც შევძლებდით ხათუნა ხუნდაძესთან გასაუბრებას და ეს იქნებოდა ოთხშაბათი, როდესაც კულტურის სამინისტროში დიდი შეხვედრა ტარდებოდა.
პრესმდივანმა სწორედ იქ დაგვიბარა, მაგრამ იქ მისულებს გვითხრა, რომ შეხვედრა ორ საათს გასტანდა და მერე შეგვეძლო ხათუნა ხუნდაძისთვის ერთი-ორი და არა მეტი შეკითხვა დაგვესვა, ისიც თეატრთან დაკავშირებით. ნახევარი საათი არა აქვს, რომ თქვენთან ინტერვიუ ჩაწეროსო, გვიპასუხა პრესსამსახურის თანამშრომელმა, რომლის პრეროგატივა სწორედ ინტერვიუებისთვის დროის გამონახვა და მათი სწორ დროს დაგეგმვაა. რატომ არის ხათუნა ხუნდაძე, ვთქვათ, იური მეჩითოვზე უფრო პრივილეგირებული, რომ მხოლოდ ერთ-ორ შეკითხვას უპასუხოს და არა ათს, მით უმეტეს, როდესაც მის მიმართ საკმაოდ ბევრი შეკითხვა არსებობს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისე უნდა მკითხველს მისი გაცნობა, ვინ არის და რა აქვს აქამდე გაკეთებული. და მეორეც, რატომ ასრულებენ თანამედროვე საქართველოში პრესსამსახურები კვლავ სპეცსამსახურების ფუნქციას, რომელთა უცილობელი ვალია, დაიცვან "ბოროტი" ჟურნალისტებისგან მაღალი თანამდებობის პირები და არ მოგცენ საშუალება, გააკეთო ინტერვიუ ხალხისთვის საინტერესო თემებზე?!. და რატომ გიბარებენ შეხვედრაზე მაშინ, როდესაც ინტერვიუს მოცემას არ აპირებენ? ასეთი რა უბედურება გვჭირს ამ პრესსამსახურებთან დაკავშირებით, რომ არ გვეშველა არაფერი?!.
ხათუნა ხუნდაძის პრესმდივანი მიიჩნევს, რომ მისმა უფროსმა დიდი-დიდი ორ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი და საინტერესოა, ეს "პიარ-სტრატეგია" თავად განსაზღვრა თუ ვინმე დაეხმარა? არ გვგონია, ეს დავალება მას ბატონი გურამ ოდიშარიასგან ჰქონდეს მიცემული, რომელიც პრესასთან ძალიან კარგი ურთიერთობით გამოირჩევა. და კიდევ ერთი, კულტურის სამინისტროში მისულებს პრესმდივანმა შორენამ ისიც დაგვაბრალა, ტელეფონზე საუბრისას ხომ მითხარით, რომ ამ შეხვედრაზე საინფორმაციო ჯგუფს აგზავნიდით და ისედაც ხომ აპირებდით აქ მოსვლასო. კარგი იქნება, პრესსამსახურის ხელმძღვანელებად ისეთი ადამიანები დანიშნონ, რომლებიც ცოტათი მაინც აზრზე იქნებიან, რომ, მაგალითად, ჟურნალს არანაირი საინფორმაციო ჯგუფი არ ჰყავს და საერთოდ, საინფორმაციო ჯგუფი რას ნიშნავს, იმასაც თუ აგვიხსნის კულტურის მინისტრის მოადგილის პრესმდივანი, ურიგო არ იქნება.