"ეს არის ჩრდილოეთკავკასიელთა 5-6-კაციანი ჯგუფი, რომელთანაც დაკავშირებულია სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ნაძირალა წარმომადგენელი…"

"როგორც ჩანს, ყველაფერთან ერთად, ახმედ ჩატაევი არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი. ხელისუფლება ალბათ ცდილობს, ჩატაევის მეშვეობით გავიდეს იმ ქართველ დამნაშავეებზე და დეტალურად მოიპოვოს მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებმაც ეს დაჯგუფება საქართველოში ჩამოიყვანეს და ლაფანყურის სიახლიანი პროვოკაცია დაგეგმეს", - აცხადებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ეს არის ჩრდილოეთკავკასიელთა 5-6-კაციანი ჯგუფი, რომელთანაც დაკავშირებულია სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ნაძირალა წარმომადგენელი…"

"ეს არის ჩრდილოეთკავკასიელთა 5-6-კაციანი ჯგუფი, რომელთანაც დაკავშირებულია სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ნაძირალა წარმომადგენელი. ეს არის ყველაფრის მკადრებელი, რომლის გვარ-სახელსაც ახლა არ დავასახელებ! ამ ჯგუფმა ჩემ შესახებ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, მაგრამ როცა ჩემმა თანამებრძოლებმა ამ ყველაფრის გამო მათ ახსნა-განმარტება მოითხოვეს, მათ თავი იმართლეს და პირდაპირ დაასახელეს ის პიროვნება, ვინც მათ ეს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ძალიან მალე ჩვენები ბელგიაში შეიკრიბებიან და იმავე ვებგვერდზე გაავრცელებენ იმ ცრუ ინფორმაციას, სადაც მე თითქოსდა ტყუილი ვთქვი და ვიცრუე. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ჩრდილოეთკავკასიელი იბრძვის სირიაში და მათ უკან დასაბრუნებლად აუცილებლად დასჭირდებათ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორია. რუსეთის მხრიდან ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში ვერ შევლენ და ალბათ, ამას უნდა ემსახურებოდეს იმ ერთი ჯგუფის განცხადება, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ხელისუფლების კონკრეტულ წევრებზე ჯიჰადი არ გავრცელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადება პრაგმატული მიზნებისთვის გაკეთდა!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ კასრელიშვილი.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გარდამავალი პერიოდია და ინვესტიციების განსახორციელებლად არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციაა, სწორედ ჩვენი ორგანიზაციის - "კავკასიის ხალხთა კონფედერაციის" ავტორიტეტისა და გავლენის წყალობით მოხერხდა ის, რომ ოთხი უძლიერესი კომპანია ქართულ ენერგეტიკაში უსერიოზულესი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს!" - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "რომელ კომპანიებზეა ლაპარაკი და რა რაოდენობის თანხები შემოაქვთ საქართველოში?" - პასუხობს:

"ერთია ამერიკული კომპანია, მეორე - ევროპული, მესამე - თურქული, ხოლო მეოთხე თურქეთისა და ბაჰრეინის ერთობლივი კომპანიაა. მე უკვე ხელში მიჭირავს ამ კომპანიების გამოგზავნილი წერილები, სადაც ისინი თანხმობას აცხადებენ, რომ საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებენ. საერთო ჯამში, ლაპარაკია 1 მილიარდზე მეტ თანხაზე. მინდა გითხრათ, რომ იმ ორივე თურქული კომპანიის მეპატრონეები არიან თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები და სწორედ მათმა ეთნიკურმა წარმომავლობამ განაპირობა დიდწილად, რომ მათ საქართველოში ინვესტიციების დაბანდებაზე თანხმობა განაცხადეს. ჯერჯერობით არაფერს ვამბობ ერთ-ერთ უსერიოზულეს კომპანიაზე, რომლის წლიური ბრუნვაც 7 მილიარდი დოლარია. ამ კომპანიასთან ჯერ მხოლოდ მოლაპარაკება მიმდინარეობს".