"იგორ გიორგაძე საქართველოში ბრუნდება".

"საქართველოში ყველამ იცის, რომ იგორ გიორგაძე ვარდოსნებს თანაუგრძნობდა. დადასტურებულია, რომ მან მიხეილ სააკაშვილს რევოლუციის წინ დაჯავშნილი მანქანა უფეშქაშა. იგორს ეგონა, რომ სააკაშვილი მას საქართველოში დააბრუნებდა. მოლოდინმა არ გაამართლა. ნაციონალები მისი ჩამოსვლის წინააღმდეგ წავიდნენ. გია ბარამიძემ და მიშა მაჭავარიანმა თქვეს, იგორს აეროპორტში იარაღით დავხვდებითო. ახლა ბარამიძესაც და მაჭავარიანსაც საკუთარი თავი გასჭირვებიათ და საეჭვოა, მათ გიორგაძეს აეროპორტთან "დაუპადიეზდონ". ეს იგორმაც იცის და ალბათ ამიტომაც გადაწყვიტა, კიდევ სცადოს ბედი. ბედის მაძიებელმა იგორმა უკვე დაიწყო მოქმედებები. ის ითხოვს, რომ მას ძებნილის სტატუსი მოუხსნან", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "იგორ გიორგაძე საქართველოში ბრუნდება".

"მინდა მქონდეს საშუალება, დავბრუნდე საქართველოში. მე ამისათვის ვერანაირ წინააღმდეგობასა და ხელის შემშლელ პირობებს ვერ ვხედავ", - განაცხადა იგორ გიორგაძემ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე. ის თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს და იმედი აქვს, რომ ახალი ხელისუფლება სამშობლოს კარს გაუხსნის. შეგახსენებთ, რომ იგორ გიორგაძეს ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობა ბრალდება. იგორ გიორგაძე ამ ტერაქტთან რამე კავშირს დღემდე კატეგორიულად უარყოფს", - აღნიშნავს გამოცემა.

"არც ერთი ბრალი, არც ერთი განაჩენი ჩემ წინააღმდეგ არ ყოფილა. 1995 წლის ოქტომბერში სამმა დაკავებულმა ჩვენება მისცა ჩემ წინააღმდეგ, თუმცა მათ ეს ჩვენება უარყვეს იმიტომ, რომ წამებით იყო მოპოვებული. ჩემთვის ბრალი არ წაუყენებიათ. სამგზის მივმართეთ საქართველოს წინა მთავრობებს ძებნის მოხსნის მოთხოვნით, თუმცა კატეგორიული უარი მივიღეთ. ჩემ წინააღმდეგ სასამართლო დაუსწრებლადაც კი არ გაუმართავთ, რადგან იცოდნენ, რომ თუ ამას გააკეთებდნენ, მე განაჩენს ევროსასამართლოში გავასაჩივრებდი და ყველაფერს გამოვააშკარავებდი", - განაცხადა იგორ გიორგაძემ, რომლის აზრით, ამ საქმის შესახებ საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული", - განაგრძობს გამოცემა.

"გიორგაძეს საქართველოში დაბრუნების გარდა, სხვა სურვილიც აქვს. მას სურს, სამშობლოში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას მიჰყოს ხელი. მის მიერ დაარსებული პარტია "სამართლიანობა" საქართველოში დღემდე საქმიანობს. გიორგაძე პოლიტიკურ არენაზე ამ პარტიასთან ერთად აპირებს ასპარეზობას. უშიშროების სამსახურში გამოწრთობილი გიორგაძე კარგად აცნობიერებს, რომ მარტო ის და მისი პარტია ვერაფერს შეძლებენ. ამის გამო მას სათანამშრომლოდ რამდენიმე პარტიის მოძებნა მოუწევს. ძებნა უკვე დაწყებული ჰქონია. გამოკვეთილი სიმპათია არც ერთი პარტიის მიმართ არ აქვს. სამაგიეროდ იცის, რომ არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლებს "ნაციონალურ მოძრაობასთან". ამასთან გიორგაძე ადასტურებს, რომ გასული წლების განმავლობაში ქართველ პოლიტიკოსებს, მათ შორის, კახა კუკავას შეხვედრია და მათთან უსაუბრია. მას აინტერესებდა ხედვები, როგორ აპირებდა ოპოზიცია სააკაშვილის მიერ ჩიხში შეყვანილი ქვეყნის გამოყვანას", - წერს სტატიის ავტორი.

"შევარდნაძემ დე ფაქტოდ, ხოლო სააკაშვილმა - დე იურე დაუსვეს წერტილი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ტერიტორიული მთლიანობის გარეშე კი სახელმწიფოებრიობა შეუძლებელია. ძალიან რთული იქნება ამ სიტუაციიდან გამოსვლა. ჩვენ ნულიდან არ ვიწყებთ, მინუს 1000-დან ვიწყებთ. ძალიან რთული იქნება. პირველი ნაბიჯები მართებულად გადაიდგა, ახლა სიტუაციის განვითარებას უნდა ვადევნოთ თვალყური. განსაკუთრებული იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ეს დაზიანებული ურთიერთობა ორ-სამ დღეში ან ორ-სამ თვეში დალაგდება. მის ჩიხიდან გამოყვანას თვეები და წლები დასჭირდება", - დასძინა იგორ გიორგაძემ და შეკითხვაზე - "რა შეფასებას აძლევს საქართველოში აგორებულ დაპატიმრებების ტალღას, განაცხადა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების პირობებში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტები კანონიერების ფარგლებშია. ეს მისი, როგორც უცხოეთში მცხოვრები ადამიანის მიერ დანახული რეალობაა. ყველამ იცის, რომ ბევრი დანაშაული იქნა ჩადენილი ამ წლების განმავლობაში და "ხალხი იმედიანადაა, რომ სამართალი პურს ჭამს საქართველოში". დაპატიმრებები კი, მისი აზრით, კანონიერების ფარგლებშია", - დასძენს სტატიის ავტორი.