პალესტინისთვის გაეროს ”არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს” სტატუსის მინიჭების თემამ საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. 3 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში, ჯერ ისევ არ იყო ცნობილი, თუ ვინ და რატომ მიიღო საქართველოს სახელით გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების - პოზიციას ეწინააღმდეგება. აღმასრულებელი ხელისუფლება აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პარტნიორებთან მოლაპარაკებების საფუძველზე იქნა მიღებული.
ისრაელი გაწბილებულია საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯით, - აღნიშნა 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა. ხსენებულ პრობლემას ელჩი პირდაპირ არ უკავშირებს, მაგრამ ფაქტია, რომ გადაიდო ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში. თუმცა, როგორც ირკვევა, უკმაყოფილება იმდენად დიდი არ არის, რომ სერიოზული კორექტივები შეიტანოს ორი ქვეყნის ურთიერთობაში, როგორც ამას ბევრი ვარაუდობდა. ელჩი ამბობს, რომ ისრაელის დიპლომატიური მისია კვლავაც რჩება საქართველოში და კვლავაც განაგრძობს მუშაობას ორი ქვეყნის ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მიზნით.
მოდით, აქვე განვმარტოთ, რომ უკმაყოფილების მიზეზად იქცა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 29 ნოემბერს მიღებული რეზოლუცია, რომელსაც სხვა, 137 სახელმწიფოსთან ერთად, ხმა მისცა საქართველომ და რომლის მიხედვითაც პალესტინას გაეროს „არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიენიჭა. ახალი, უფრო მაღალი საერთაშორისო სტატუსით პალესტინას შესაძლებლობა ეძლევა წრმოდგენილი იყოს გაეროს სააგენტოებში და, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, სადაც მას ისრაელის წინააღმდეგ მოქმედების შანსიც ექნება. გენერალური ასამბლეის მიერ გადადგმული ნაბიჯი ირიბად ნიშნავს პალესტინის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარებას, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს, ღაზის სექტორისა და აღმოსავლეთ იერუსალიმის ფარგლებში. მართალია, პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და ანალიტიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მოვლენა რეალობაში ბევრს ვერაფერს შეცვლის, მაგრამ ამ ფაქტმა საყოველთაო აღფრთოვანება მაინც გამოიწვია პალესტინაში და საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია ისრაელში, რომლის პოზიციასაც იზიარებს შეერთებული შტატები. ის ერთ-ერთია იმ 9 სახელმწიფოს შორის, რომელმაც რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა.
პალესტინაზე არ მკითხოთ, თორემ გავგიჟდები, - ასე უპასუხა რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა და როცა შეიტყო, რომ შეკითხვა სწორედ პალესტინის საკითხს შეეხებოდა, საუბრის გაუგრძელებლობის მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. ასეთი ემოცია არსებითად გასაგებიც შეიძლება იყოს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ დავით დარჩიაშვილს 3 დეკემბერს არაერთხელ მოუწია განმარტებების გაკეთება პალესტინის ახალ სტატუსთან დაკავშირებით. დღის პირველ ნახევარში გაკეთებულ კომენტარებში დეპუტატი ხაზს უსვამდა დისკუსიის აუცილებლობას ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის თაობაზე და, ამასთან, ირწმუნებოდა, რომ დისკუსია არც ქვეყნის შიგნით ყოფილა და არც ქვეყნის გარეთ.
ის, რომ კოორდინაცია მართლაც არ ყოფილა ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის, საპარლამენტო უმცირესობის გარდა, უმრავლესობის კომენტარებიდანაც ირკვევა. მაგალითად, როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ, კომიტეტი წინასწარ ინფორმაციას არ ფლობდა. თუმცა რაც შეეხება დისკუსიის არარსებობას პარტნიორებთან, ამგვარ ვარაუდებს დღის მეორე ნახევარში საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და, როგორც მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ აღნიშნა, გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ინტერესების შესაბამისად იქნა მიღებული, წინ უძღოდა აქტიური კონსულტაციები:
”მიმდინარეობდა ყველა მონაწილე მხარესთან - ევროპულ ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან - ინტენსიური კონსულტაციები. გადაწყვეტილება არ იყო თავისთავად იოლი. საქართველო ამ გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობდა ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ამ რეგიონის მიმართ”.
საქართველოს ინტერესები რეგიონში აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ
მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს, ასე ვთქვათ, ცუდად არ მოუბრუნდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების კონტექსტში, ეჭვქვეშ აყენებს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე. მართალია, ამას ისრაელი არ გააკეთებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება 3 დეკემბერს ქვეყნის ელჩმა იუვალ ფუქსმაც დაადასტურა, მაგრამ თენგიზ ფხალაძე მოელის, რომ ამ საკითხის გამოყენებას რუსეთის ფედერაცია უკვე ნაცადი მეთოდებით შეეცდება:
”ანალოგიური სიტუაცია რომ დააყენოს ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, - და აუცილებლად დააყენებს, რადგან გვახსოვს აპელირება კოსოვოს მაგალითზე, - ასეთ შემთხვევაში რას ვშვრებით, როცა დაფიქსირებულია, რომ ჩვენ ანალოგიურ სიტუაციაში მივეცით ხმა პალესტინას?”
თენგიზ ფხალაძეს აინტერესებს, თუ რის საფასურად გადადგა საქართველომ თავისთვის საკმაოდ სარისკო ნაბიჯი, და იმედოვნებს, რომ საფასური ამად ღირდა. თუმცა ანალიტიკოსების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ პალესტინის სახელმწიფოებრივი სტატუსის ამაღლების საკითხზე კენჭისყრისას საქართველოს, სხვა 41 სახელმწიფოს მსგავსად, 29 ნოემბერს თავი უნდა შეეკავებინა.