საქართველოში სააკაშვილისა და ადეიშვილის სამართალი დამთავრდა!

საქართველოში სააკაშვილისა და ადეიშვილის სამართალი დამთავრდა!

ირაკლი ალასანია - "ჩვენი მოსვლის შემდეგ დაკავებული არც ერთი ადამიანი პოლიტპატიმარი არ არის!"

"ყველაფერი მარტივადაა - 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამოვლინდა, თუ როგორი კორუფცია და დემოკრატიის დეფიციტი იყო ჩვენს ქვეყანაში და დღეს ამის აღიარება საერთაშორისო თანამეგობრობის ბევრ წარმომადგენელს უჭირს! ამის აღიარება ავტომატურად ნიშნავს იმის აღიარებასაც, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ბევრი წარმომადგენელი მთელი ამ წლების განმავლობაში ხმას არ იღებდა, როცა სააკაშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერდა, როცა საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში სადიზმსა და წამებას ჰქონდა ადგილი. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის განაწილება არ სურს ჩვენს ზოგიერთ უცხოელ მეგობარს", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ირაკლი ალასანია: საქართველოში სააკაშვილისა და ადეიშვილის სამართალი დამთავრდა!

"პირადად მე ძალიან მშვიდად ვხვდები საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა შეშფოთებას, რადგან ვიცი, რომ ეს ყველაფერი დალაგდება და თავის კალაპოტში ჩადგება. მერწმუნეთ, პროკურატურა იმუშავებს ძალიან გამჭვირვალედ და ნებისმიერი გამოძიების დეტალები ეცოდინება საზოგადოებას. 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლება პიარით იყო დაკავებული, "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს ქართველი ხალხის ხარჯზე დაქირავებული ლობისტები, რომლებიც დღემდე აგრძელებენ საქმიანობას. ამ ფონზე მე ვისურვებდი, რომ ჩვენი მთავრობის კომუნიკაცია საერთაშორისო თანამეგობრობასთან გაუმჯობესდეს. ჩვენ ყველას ვეუბნებით ერთ რამეს - დამთავრდა შერჩევითი სამართალი. დიახ, საქართველოში სააკაშვილისა და ადეიშვილის სამართალი დამთავრდა! ამ ქვეყანაში არავის ექნება იმის იმუნიტეტი, რომ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან. ჩვენ უზრუნველვყოფთ კანონისა და სამართლის უზენაესობას. პრეზიდენტი იქნება, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი თუ მინისტრის მოადგილე, დანაშაული თუ აქვს ჩადენილი, აუცილებლად აგებს პასუხს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.

"რაც შეეხება ამერიკელების პოზიციას, აშშ-ისა და ნატო-ს უმაღლესი პოლიტიკური პირებისგან არაერთხელ მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოში მართლმსაჯულების აღსრულებაში არ ერევიან. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ დაკავებული არც ერთი ადამიანი პოლიტპატიმარი არ არის! დიახ, ივანიშვილის მთავრობას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. რა ჩეეხება "ნაციონალურ მოძრაობას" - ვისაც დანაშაული ჩადენილი არაბ აქვს, პასუხისგებაში არ მიეცემა, მაგრამ იმათ, ვისაც დანაშაულ;ი აქვთ ჩადენილი, მართლმსაჯულება არ ასცდებათ!" - ამბობს რესპონდენტი.

"მე უკვე გადავდგი კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ მსგავსი რამ ქართულ ჯარში აღარასოდეს განმეორდეს. ძალიან მკაცრ კონტროლზეა აყვანილი ყველა საჯარისო ნაწილი, რათა ადგილი აღარ ჰქონდეს ძალდობას, პატივისა და ღირსების შემლახავ ქმედებებს. რაც მტავარია, სამხედრო შეიარაღებულ ძალებში სამოქალაქო კონტროლი უკვე შედგა და მსურს გაძლიერდეს პარლამენტის ზედამხედველობა თავდაცცვის სამინისტროს ფინანსურ საქმიანობაზე, რათა ელიტური კორუფციისა და სხვადასხვა გადაცდომების ნაკლები შანსი არსებობდეს", - დასძენს ირაკლი ალასანია.