ირაკლი ღარიბაშვილი:

ირაკლი ღარიბაშვილი: "ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება"

"თქვენ წარმოიდგინეთ, თარიღიც კი მახსოვს, - 2005 წლის 17 ოქტომბერი..."

"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩემი ოჯახია"

"გავეცანი ისეთ შემზარავ მასალებსა და ფაქტებს, რომ ძნელია ადამიანი გულგრილი დარჩე"

"პოლიციელის დანახვა შიშის ნაცვლად უსაფრთხოების განცდას უნდა იწვევდეს"

"ვიქნები სამართლიანი,  პრინციპული, კანონიერი და იმავდროულად, ჰუმანური"

"ჩემთვის მიუღებელია პოლიტიზებული პოლიცია"

"სისტემაში მომუშავე კანონდამრღვევებს ხელს ვერ დავაფარებთ"


ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუზე დათქმულ დროს მივედი. ჩემი ხანგრძლივი ჟურნალისტური საქმიანობის მიუხედავად, შუშებიან შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველად ვარ. "ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობის განმავლობაში, დიდი მცდელობის მიუხედავად, წინამორბედ შს მინისტრთან შეხვედრა ვერ მოვახერხე.

შუშებიანი სამინისტროს გრანდიოზული დარბაზები უსიამოვნო განცდას მიჩენს, შენობა, მიუხედავად იმისა, რომ შიგ ადამიანები დადიან, ერთ დიდ სიცარიელეს მაგონებს. თუმცა, 30 წლის მინისტრის მასპინძლობის მანერა მახალისებს და იმ უსიამოვნო განცდას ცოტათი მიქარწყლებს, რაც შუშებიან შს სამინისტროში ფეხის შედგმისთანავე გამიჩნდა. 

- სად დავსხდეთ? - მეკითხება ირაკლი ღარიბაშვილი, - აქ თუ აქ? სადაც კომფორტულად იგრძნობთ თავს. ყავა თუ ჩაი?
- გმადლობთ, ინტერვიუ მირჩევნია. 
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ადამიანის ცხოვრებაში, და ქვეყნის წარმატებაშიც, კარგი და მოსიყვარულე ოჯახი მთავარი ფასეულობაა, ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუ ოჯახზე საუბრით დავიწყე.


- რაც ზრდასრულ ასაკში შევედი, ნამდვილ ფასეულობებზე დავიწყე ფიქრი და გავაცნობიერე ოჯახის ფასი და მისი ღირებულება, მიზნად დავისახე, რომ უპირველესად მყარ ოჯახს შევქმნიდი. ყოველთვის მინდოდა ძალიან შეკრული ოჯახი მქონოდა. ასეთ ოჯახში გავიზარდე და მადლობა ღმერთს, მეც ასეთივე შევქმენი. ქართული ოჯახი განსაკუთრებული ფენომენია და მას გაფრთხილება სჭირდება. თუ რაიმეს მივაღწიე, ეს ჩემი ოჯახის წევრების დამსახურებაცაა. 

ჩემს მეუღლეს ბავშვობიდან ვიცნობ. ერთ სკოლაში ვსწავლობდით. გვყავს ორი ვაჟი - ნიკოლოზი და ანდრია. მეუღლე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია, ამჟამად დიასახლისი. სკოლა დედოფლისწყაროში დავამთავრე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტზე (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით) ჩავაბარე, მოგვიანებით სწავლა პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე განვაგრძე. შემდეგ თბილისში დავბრუნდი, დავქორწინდი და "ქართუ ჯგუფში" დავიწყე მუშაობა, სადაც ყოველგვარი რეკომენდაციის გარეშე მენეჯერის ასისტენტად მიმიღეს. წელიწად-ნახევრის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი, ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელე, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მაშინ დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დამირეკა და პირად თანაშემწედ ამიყვანა. თქვენ წარმოიდგინეთ, თარიღიც კი მახსოვს, - 2005 წლის 17 ოქტომბერი...

- ამბობენ, ცხოვრება ის არის, რაც გახსოვსო...
- იმასაც ამბობენ, თუ გინდა, ადამიანს  ცუდი გაუკეთო, უნდა აქოო, მაგრამ არ შემიძლია ორი სიტყვა არ ვთქვა ბიძინა ივანიშვილზე, რადგან მან მთლიანად შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა. მასთან ურთიერთობამ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შემძინა. როცა შევხედე მისი ცხოვრების წესს, გავიაზრე მისი მსოფლმხედველობა და ფილოსოფია, მივხვდი, რა არის ამქვეყნად მთავარი ღირებულება.

- და რა არის?
- მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, მისი უბრალოება, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული. გარდა იმისა, რომ მისგან შევითვისე ძალიან ბევრი პროფესიული უნარ-ჩვევა, შევისისხლხორცე ადამიანური თვისებებიც. კრიტიკა კრიტიკისათვის მიუღებელია მისთვის, მაგრამ ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ანგარიშს უწევს.

- ახალ ხელისუფლებას ოპონენტები მიანიშნებენ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა. ამის საფუძველიც არსებობს. ბოლო დროს იმატა ძარცვა-ყაჩაღობამ, ქურდობამ. მოხდა რამდენიმე მძიმე დანაშაულიც.
- მინდა საზოგადოებას განვუმარტო,  რომ "ნაციონალური მოძრაობა", ანუ ყოფილი მთავრობის წევრები, მიზანმიმართულად ცდილობენ, წარმოაჩინონ რეალობისაგან განსხვავებული სურათი, თითქოს საქართველოში კრიმინოგენული სიტუაცია  გართულებულია, რომ პოლიცია ეფექტურად ვერ რეაგირებს მომხდარ დანაშაულებზე და ა.შ. ცდილობენ შექმნან ფონი, თითქოს სიტუაცია დღითი დღე უარესდება. ეს მიზანმიმართული მტრული დამოკიდებულებაა ქვეყნის ინტერესებისადმი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ქვეყანაში სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია. დანაშაული ყოველთვის ხდებოდა და ხდება. სამწუხაროდ, ვერც ერთ საზოგადოებაში ვერ შევქმნით ისეთ მოდელს, სადაც დანაშაული აღარ მოხდება. ბუნებრივია, არსებობს ობიექტური მიზეზები, კონკრეტულად კი შეიქმნა ფონი, რომ ჩვენმა ოპონენტებმა გაგვაკრიტიკონ. მოგეხსენებათ, ხელისუფლების გადაბარება ოქტომბერში დაიწყო. 25 ოქტომბრამდე ჩვენ  ვერ შევძელით სამინისტროში შემოსვლა და იმის გარკვევა, თუ რასთან გვქონდა საქმე. არც ის ვიცოდით, რამდენად ეფექტურად ართმევდნენ თავს სიტუაციას ესა თუ ის სამსახურები, კრიმინალური პოლიცია, სპეციალური ოპერატიული თუ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტები. შინაგან საქმეთა სამინსტროში ჩვენს შემოსვლამდე საკვანძო თანამდებობაზე მუშაობდნენ პოლიტიკურად უკიდურესად ანგაჟირებული პირები, რომელთაც ჩემი მოსვლისთანავე დატოვეს არა მარტო სამინისტრო, არამედ ქვეყანაც. შესაბამისად, შეიქმნა ვაკუუმი. ის სამსახურები, რომელთა ხელმძღვანელები წავიდნენ სამინისტროდან, ვეღარ მუშაობდნენ ეფექტიანად.

ხელისუფლების გადაბარებას დაძაბულობაც ახლდა თან. ადამიანებმა არ იცოდნენ, რა ბედი ელოდათ, ბევრს სამსახურის დაკარგვის შიში ჰქონდა, დემორალიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ამით ისარგებლეს ყაჩაღებმა თუ ქურდებმა და იმატა დანაშაულებმა. რამდენიმე მძიმე დანაშაული მართლაც მოხდა, რაც უკვე გახსნილია. ჩვენ სრულად დავაკომპლექტეთ პოლიციის შემადგენლობა. თანამშრომლების ძირითადმა ბირთვმა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძო მუშაობა. მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო დიდი მადლობა, რადგან ძალიან მალე მოახერხეს ახალ რეალობასთან შეგუება. ცვლილებები შეეხო მხოლოდ საკვანძო თანამდებობებს. მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია. როგორც მინისტრს, არავითარი საფუძველი არა მაქვს ვთქვა, რომ კრიმინალური სიტუაცია დაძაბულია და ამ მხრივ საშიშროება არსებობს. ნარკოტიკების ამოღებისთვის ეფექტურად მუშაობს შესაბამისი უწყება, ბევრი ფაქტი იქნა გამოვლენილი და აღკვეთილი. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, - ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა.

- და მაინც, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტია იგეგმება. ეს არ არის დანაშაულის შესაძლო მატების წინა პირობა?
- დღემდე მიმდინარეობს კონსულტაციები იმ ჯგუფთან, რომელმაც შეიმუშავა კანონპროექტი ამნისტიის შესახებ. ჩვენი მოსაზრებები გადავუგზავნეთ პარლამენტს და ვთხოვეთ, მაქსიმალურად გაითვალისწინოს ჩვენი რეკომენდაციები. 

- თქვენი პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან.
- მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პირველი, ვინც ფულის გამოძალვის ბრალდებით დავაკავეთ, "ქართული ოცნების" აქტიური წევრი, ერთ-ერთი რაიონული ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი, ვინმე ბერუაშვილი იყო. რას ეძახიან ჩვენი ოპონენტები პოლიტიკურ დევნას? როცა  ადამიანს ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაული, ეს პოლიტიკური დევნაა? 

თუ პოლიტიკურ დევნას უწოდებენ სისხლის სამართლის ისეთ დანაშაულს, როგორიც არის ადამიანების ცემა, წამება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სხვისი ქონების მიზანმიმართულად მითვისება-დაზიანება, ადამიანებისათვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა და მკვლელობა, მაშინ ძალიან დიდ ანომალიასთან გვქონია საქმე. 

ვურჩევ თითოეულ მათგანს, პოლიტიკურ სპეკულაციებს თავი დაანებონ. ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს კრიტიკად, მით უმეტეს, ჯანსაღ კრიტიკად ნამდვილად ვერ ჩავთვლით. ჩვენი ამოცანაა სამართლიანობისა და კანონიერების დამკვიდრება და არა პოლიტიკური ანგარიშსწორება. ჩვენ კანონს არ დავარღვევთ და არ გავიმეორებთ "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომებს. 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში გავეცანი ისეთ შემზარავ მასალებსა და ფაქტებს, რომ ძნელია ადამიანი გულგრილი დარჩე და არ გაგიჩნდეს სურვილი სამართლის აღდგენისა. ვპირდები თითოეულ უდანაშაულოდ დასჯილ ადამიანს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება, მაგრამ მათ მიმართ, ვინც მონაწილეობდნენ უდანაშაულო ადამიანების ჩაგვრასა და დაშინებაში, შემწყნარებლები ვერ ვიქნებით.

- რა არის თქვენთვის მთავარი ახალ თანამდებობაზე საქმიანობისას?
-  საქმისადმი სწორი მიდგომა, ერთგულება და თავდაუზოგავი შრომა. შეცდომის აღიარების არ მეშინია და სხვისი შეცდომის გაანალიზებისა და გათვალისწინების უნარიც მაქვს. თუ ადამიანი პროფესიონალი, პატიოსანი და ერთგულია, ნებისმიერ საქმეში მიაღწევს წარმატებას. ჩემთვის მიუღებელია, როცა ვინმე სხვის ხარჯზე იწყებს ცხოვრებას.

ყველა თანამდებობა დროებითია. მინდა გავამართლო პრემიერ-მინისტრის, ახალი მთავრობის, პარლამენტისა და, რაც მთავარია, საზოგადოების ნდობა. მთავარია, პირნათლად და პროფესიონალურად შევასრულო დაკისრებული მოვალეობა, ვიყო საზოგადოების უსაფრთხოების გარანტი და ავაწყო სამაგალითო სისტემა. ეს ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობაცაა და დიდი ბედნიერებაც. საბოლოოდ ხალხი შეაფასებს ჩემს საქმიანობას. ვფიქრობ, ახალ გუნდთან ერთად შევქმნა ისეთი სისტემა, რომლის გამოც პოლიციელობა მართლაც საამაყო პროფესია გახდება. პოლიციელის დანახვა შიშის ნაცვლად უსაფრთხოების განცდას უნდა იწვევდეს.

- ძალოვან უწყებაში არასდროს გიმუშავიათ. ხომ არ შეაფერხებს ეს ფაქტორი თქვენს საქმიანობას?
- ამ ერთი თვის განმავლობაში სწრაფად მოვახერხე ადაპტაცია და ვთვლი, რომ უკვე სისტემის განუყოფელი ნაწილი გავხდი. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, ნებისმიერ სტრუქტურას სჭირდება სწორი მართვა. მე ეს ბოლო 9 წლის განმავლობაში ბატონი ბიძინასგან ვისწავლე. ვფიქრობ, არასწორია, როდესაც ამბობენ, ძალოვან უწყებას მხოლოდ დარგის სპეციალისტი უნდა ხელმძღვანელობდესო. სწორად შერჩეული გუნდით ნებისმიერი სისტემის მართვა შეიძLლება. ჩემ გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. ვგულისხმობ არა მხოლოდ მათ, ვინც სამინისტროში ჩემთან ერთად მოვიდა, არამედ იმათაც, ვინც წლების განმავლობაში პატიოსნად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობით ყველა პრობლემის დაძლევასა და სამართლიანი პოლიციის ჩამოყალიბებას შევძლებთ.

- რას შეცვლით ამ სამინისტროში?
- პოლიციაში რომ რეფორმები წარმატებულად განხორციელდა, ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით, მაგრამ გავაუმჯობესებთ ამ რეფორმებს. ეს ეხება როგორც მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ასევე თითოეული პოლიციელის სოციალური და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ყველა კეთილსინდისიერ პოლიციელს სათანადოდ დავაფასებთ როგორც ჩვენ, ასევე საზოგადოება. ჩემი მიზანია, პოლიცია ემსახუროს არა ხელისუფლებას ან კონკრეტულ პარტიას და ადამიანების ჯგუფს, არამედ ხალხს; დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, აღკვეთოს და გამოიძიოს დანაშაული, დაადგინოს და დააკავოს დამნაშავეები. პოლიციის მხოლოდ დამნაშავეებს უნდა ეშინოდეს, რომლებთანაც დაუნდობლები, მაგრამ სამართლიანები ვიქნებით. ქვეყანაში აღარასდროს დაირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია. პირს დამნაშავედ მხოლოდ მას შემდეგ აღიარებენ, რაც დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო საბოლოო, გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

- წინა ხელისუფლების ქმედებებიდან რა არის თქვენთვის მიუღებელი?
- მხოლოდ იმ სტრუქტურაზე ვილაპარაკებ, სადაც მე ვმუშაობ. ჩემთვის მიუღებელია პოლიტიზებული პოლიცია. როცა ამ თანამდებობაზე წარმადგინეს, მაშინვე ვთქვი, რომ პოლიციას გავათავისუფლებ პოლიტიკური წნეხისგან. დამნაშავეს არა აქვს ეროვნება. შესაბამისად, მას არა აქვს პარტიული, თანამდებობრივი, რელიგიური და რასობრივი კუთვნილება. ყველა დამნაშავე კანონისა და სამართლიანობის სრული დაცვით უნდა დაისაჯოს, მაგრამ არც ერთი ადამიანი არ დაისჯება უდანაშაულოდ. 

- საქართველო პოლიციელთა რაოდენობით პროცენტულად მსოფლიოში მესამე ადგილზეა. პირველზე - რუსეთია, მეორეზე - უკრაინა, მესამეზე - საქართველო (1000 სულ მოსახლეზე 6,2 პოლიციელით). ეს ქვეყანას პოლიციური სახელმწიფოს იმიჯს უქმნის. ხომ არ იგეგმება ქვეყანაში პოლიციელთა რაოდენობის შემცირება?
- პრობლემა პოლიციელთა რაოდენობა კი არა, ის არის, თუ რამდენად ღირსეულად ემსახურებიან ისინი საზოგადოებას. რეპრესიები შეუძლია მოაწყოს როგორც 40 000-მა, ასევე 10 000-მა პოლიციელმაც. მთავარია, არ არსებობდეს ამის პოლიტიკური ნება. სწორედ ამიტომ პირველი განცხადება პოლიციის დეპოლიტიზაციის შესახებ გავაკეთე. თუ პოლიციელი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან კონკრეტული პოლიტიკოსის ინტერესების გამტარებელია, ეს საზოგადოებისა და ქვეყნის იმიჯს ძალზე დააზარალებს.

- თითქმის ყველა ახალი მინისტრი აცხადებს, რომ წინამორბედის დანაშაულების ნიშნები იკვეთება. თქვენს სტრუქტურაში თუ აღმოაჩინეთ ასეთი რამ?

- ბოლო დღეებში საზოგადოებამ იხილა, თუ როგორ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულებისა და დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების გამოვლენაზე. ეს გრძელდება და ვფიქრობ, მომავალშიც გაგრძელდება. სამწუხაროდ, სისტემაში მომუშავე ბევრმა პირმა კანონი დაარღვია და ამაზე თვალის დახუჭვა ან მათთვის ხელის დაფარება შეუძლებელია.

- ხალხში თქვენზე ამბობენ, ისეთი მკაცრი გამომეტყველება აქვს, სასტიკი მინისტრი იქნებაო.
- როგორი მინისტრი ვიქნები, საზოგადოება სულ მალე ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე შეაფასებს. ერთს კი ვპირდები ყველას, რომ ვიქნები სამართლიანი, პრინციპული, კანონიერი და იმავდროულად, ჰუმანური.

P.S. ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუ დასაბეჭდად უკვე მზად იყო, როცა ვანო მერაბიშვილზე ყალბი პასპორტის გამოყენებისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა (ბუტა რობაქიძის საქმის ფალსიფიცირების გამო ზურაბ მიქაძის დაკავება, დათა ახალაიას, სოსო თოფურიძის და სხვათა მიმართ ყოფილი პოლიციის ჩინოსნების ცემასთან დაკავშირებით ძიების დაწყება და სხვ.), სამწუხაროდ, მინისტრთან ჩვენი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ განვითარდა, რის გამოც ამ საკითხებზე კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მოგვეცა.