დავით უსუფაშვილი:

დავით უსუფაშვილი:"საერთაშორისო საზოგადოების ნებისმიერ შენიშვნას წყნარად უნდა შევხვდეთ"

"ნაციონალური მოძრაობა" ახლა მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ მსოფლიოს აჩვენოს, თუ როგორ ჩაგრავენ მათ. მე დღეში პარლამენტში 6-7 მივლინებაზე ვაწერ ხელს, რადგან ისინი ფრაქციის სახსრებით საზღვარგარეთ დადიან. მაგათი საქმეა ახლა, რომ იარონ უცხოეთში, რათა რაც შეიძლება მეტი ინტერვიუ მისცენ, თუ როგორ ჩაგრავენ. ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებში ხდება და ახალი ხელისუფლება ამაზე ნამდვილად არ ღიზიანდება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სასტუმრო "რედისონში" არჩევნების შესახებ კონფერენციის დასრულების შემდეგ. უსუფაშვილის აზრით, "ძალიან კარგია, რომ არჩევნების შემდეგ დემოკრატიული სამყარო მობილიზებულია და ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ნაციონალების მთავარი საქმე უცხოეთში სიარულია.

"ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა დემოკრატიულმა დასავლეთმა, რომელმაც 2003-2004 წლებში ვარდების რევოლუციის შემდეგომ ჩათვალა, რომ საქართველოში დემოკრატიის საქმე დასრულებული იყო და შეეძლო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისთვის ყურადღება აღარ მიექცია. ასეთ ვითარებაში გარდაუვალია ის ამბავი, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზედმეტად ფრთხილი დამოკიდებულებაა. ეს სწორია, რადგან ახალი ხელისუფლება მათ წინასაარჩევნო პერიპეტიებში გაიცნეს. ძალიან ხშირია გადაჭარბებული შეფასებები და უსაფუძვლო შორს მიმავალი დასკვნები, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ამას გაღიზიანებით არ უნდა უპასუხოს. ყველა დაგროვილ კითხვაზე ძალიან მშვიდად უნდა გავცეთ პასუხი და საერთაშორისო საზოგადოების ნებისმიერ შენიშვნას წყნარად უნდა შევხვდეთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომლის განმარტებით, "იმან, რომ 2 ოქტომბერს ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში" - აღნიშნავს გამოცემა.

"ახალმა ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაატაროს რეფორმები. მაგალითად, ეს საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" შვა, ბუმერანგივით უკან ბრუნდება. ცესკო-ს 13 წევრიდან 8-ს "ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებდა. ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენ 13-დან 12-ის კონტროლი შეგვიძლია, თუმცა ამის გაგრძელებას არ ვაპირებთ და ამ მიმართულებით სერიოზული ცვლილებები განხორციელდება. პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს უნდა ჰქონდეთ მაქსიმალური შესაძლებლობა დაკვირვების და მონიტორინგის. ლობისტებს რაც შეეხება, სააკაშვილმა მათ გემო გაუგო. სააკაშვილი შეეჩვია და ვერ მოიშლის ამ ამბავს", - დასძინა დავით უსუფაშვილმა რომლის თქმითაც, "სააკაშვილმა გემო გაუგო იმას, რომ რა კარგია, როდესაც ვიღაცები სხედან სხვადასხვა დედაქალაქში და მის საქმეს აკეთებენ", - განაგრძობს გამოცემა.

"პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძეს ჟურნალისტებმა უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული სტატიების შეფასება სთხოვეს - "მე ახლა არ მოვახდენ დრამატიზებას ამ პუბლიკაციასტან დაკავშირებით. "ვაშინგტონ პოსტი" არის ერთი გამოცემა, რა თქმა უნდა ძალიან გავლენიანი. იქ გამოთქმულ მოსაზრებებს ჩვენ ყურადღებით უნდა გავეცნოთ. თუ ამ პუბლიკაციაში სინამდვილეს რამე შეესატყვისება, ეს მხედველობაში უნდა მოვიღოთ", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე განმარტებით, მედვედევის მიერ დასახელებული "ახალი რეალობა" დაკავშირებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების აღიარებასთან, ეს ქართული მხარისთვის მიუღებელია და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება", - დასძენს გამოცემა.

"თედო ჯაფარიძე, ადასტურებს, რომ არსებობს დიპლომატების სია, რომელთა გამოწვევას ახალი ხელისუფლება გეგმავს, თუმცა გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბლოკავს - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ იმ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, არსებობს ელჩების სია, რომელთა გამოწვევა იგეგმება - "ასეთი სია არსებობს. უფრო მეტიც, ეს სია გადაეცა უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას, რომელსაც, თავის მხრივ აღნიშნული სია პრეზიდენტ სააკაშვილისთვის უნდა გადაეცა. ვის ეხება ეს გამოწვევა, რომელი გვარებია სიაში, ვერ გეტყვით", - განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარებადია, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება", - წერს სტატიის ავტორი.