"ქუთაისის პარლამენტში პროდუქტიული მუშაობა ფერხდება. ზამთარში, ალბათ კიდევ უფრო შეფერხდება. გზაზე ამდენი წანწალიც ისევ სამუშაო დროს აკლდება, რადგან მუდმივად გასტროლიორების მდგომარეობაში ვიმყოფებით. თან იქ ჰაერიც კი "ხელოვნურია" - ამ თავიანთ ხელოვნურობას ქუთაისის პარლამენტით სულ მთლად გვირგვინი დაადგეს. ამიტომ, იმედია საკონსტიტუციო უმრავლესობა განსაკუთრებით ამ საკითხში გვექნება და პარლამენტსაც მალე გადმოვიტანთ. მით უმეტეს, შავლოხაშვილმა "ნაციონალების" რიგები უკვე დატოვა და ის პირველი მერცხალი არ ყოფილა - რღვევა დაიწყო", - აცხადებს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რეჟისორი ნუკრი ქანთარია გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სასამართლომ და პროკურატურამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმოქმედოს, რომ საზოგადოებას არ გაუჩნდეს სურვილი, განაჩენი თვითონ გამოიტანოს! / ახალი ხელისუფლების რა შეცდომებს აღიარებს ნუკრი ქანთარია და რა ეწერება კანონში თეატრის შესახებ.
"რაც ხდება, ეს ლოგიკური პროცესია - დანაშაულებრივი სისტემა იცვლება. პირველ რიგში სწორედ ხალხის მოთხოვნები უნდა შესრულდეს - სამართლიანობის აღდგენა, სიდუხჭირის დაძლევა, დილეტანტიზმისა და არაპროფესიონალიზმის მოსპობა ყველა სფეროში. სხვათა შორის, "ნაციონალები" პარლამენტში ბევრს ყელყელაობენ და უნდათ ისე წარმოაჩინონ სიტუაცია, თითქოს საქმე ერთობლივად კეთდება - "მომე ხელი მეგობარო, დავივიწყოთ რაც იყოო" - ლამის ამ სიმღერით იხელმძღვანელონ, მაგრამ ბოდიში, ეგრე არ გამოვა! ერთი რამ უნდა ითქვას - სამართლიანობის აღდგენის პროცესში, ბუნებრივია, შეცდომებიც მოხდება, თუმცა სასამართლო ყველაფერს გაარკვევს. პირდაპირ ვიტყვი - დაწერების პროცესში, შესაძლოა, რაღაც ძველი ინერცია ჯერ კიდევ არსებობს და ზოგიერთ ადამიანს ძველი მეთოდებით მუშაობის ჩვევა აქვს გამოყოლილი,, ამიტომ თენგიზ გუნავას საქმეზე მეც მაქვს კითხვის ნიშანი - აი, ასე იჭერდა და იარაღს "ჩუქნიდა" ხოლმე ხალხს წინა ხელისუფლება. ეს უფრო ქვედა რგოლების ინერციით გაკეთებული საქმე მგონია - ალბათ, მუშაობა ასე უფრო უადვილდებათ. რაც, რა თქმა უნდა, არ მომწონს!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნუკრი ქანთარია.
"გამწარებულ ხალხს იმედი ახლა მიეცა, რომ სამართალი უნდა აღსრულდეს, ოღონდ ის, რაც ახლა მარტვილში ხდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით არ უნდა გაგრძელდეს - კარის მტვრევა-შეწევები, შევარდნები და მსგავსი ქმედებები უნდა აღიკვეთოს. ხალხში ბრაზია დაგუბებული და ლოგიკურია, რომ ამ ბრაზის გარეთ გამოშვება უნდათ, ამიტომ სასამართლომ და პროკურატურამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმოქმედოს, რომ საზოგადოებას არ გაუჩნდეს სურვილი, განაჩენი თვითონ გამოიტანოს. მოვიდა უკვე ახალი ხელისუფლება და რაღა საჭიროა თვითშემოქმედება. ჩათვალეთ, რომ ახალ ხალხს მოვუწოდებ - თვითინიციატივებს თავი დაანებეთ, პროტესტის გამოხატვა და სხვა მორალური ზემოქმედება შეჭრასა და სხვა კანონდარღვევებში არ უნდა გადავიდეს. ჩვენ თუ დავარღვიეთ სამართალი, ასე სამართლიანობის აღდგენა არ გამოვა", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"მეორე მხრივ, "ნაციონალები" ისევ ძველ გზებსა და "ხოდებს" იყენებენ და არასწორ მესიჯებს გზავნიან ჩვენს პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, თუმცა , ასე ალბათ თავს იცავენ - აბა გადახედეთ ვინ ყვირის, ძირითადად ის, ვისაც შეიძლება ხვალ-ზეგ მიაკითხონ, განსაკუთრებით გიგი უგულავა, რომელთანაც უამრავი კითხვა არსებობს", - დასძენს ნუკრი ქანთარია და შეკითხვას - "ოპონენტები კი ამბობენ, რომ ამ დაჭერებით წარუმატებელი სოციალური პოლიტიკის გადაფარვას ცდილობთ - ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა, რომ დაპირებები გადაჭარბებული იყო", - პასუხობს:
"საწყენი იყო ბიძინას ეს განცხადება - ტარიფები ვერ განახევრდებაო. ეს ამბავი ყველას გვეწყინა და ამაში გასახარი არავისთვის არაფერია. თუმცა ბიძინა ივანიშვილი არ ტყუის და გულწრფელად ამბობს ყველაფერს, იმის მიუხედავად, რომ შეეძლო ამ დაპირები თარიღი ხელოვნურად გადაეწია, როგორც ამას წინა მთავრობა აკეთებდა და ეთქვა - შემდეგ ეტაპზე გადასახადები აუცილებლად შემცირდებაო. თან გამოიყოფა სუბსიდიები და ის ამ გადასახადებს შეეხიდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი დღის წესრიგშინ მაინც აუცილებლად დადგება.