პატიმრების დაცვას შეწირული ბადრაგის ცხოვრება

პატიმრების დაცვას შეწირული ბადრაგის ცხოვრება

სასჯელაღსრულების სისტემის ახალმა ხელმძღვანელობამ პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა აქტიურად დაიწყო. რამდენიმე პატიმარი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს; უმძიმესი ავადმყოფების საქმეებს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სწავლობს და შესაბამისი საექსპერტო დასკვნების გაცემის შემდეგ, მათ გათავისუფლებაზე სასამართლო იმსჯელებს.

საზოგადოებისთვის ისიც ცნობილია, რომ ახალი მინისტრის მოსვლის დღიდან პატიმრებმა ციხეში შიმშილობა დაიწყეს, ზოგმა პირიც ამოიკერა და საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ეტაპობრივად, პატიმრები გამოკვლევებზე სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოებშიც გადაჰყავთ და მკურნალობა უტარდებათ. 22 ნოემბერს ღუდუშაურის კლინიკაში სამი პატიმარი სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად გადაიყვანეს და ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, ერთსა და იმავე პალატაში მოათავსეს. მათ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები იცავდნენ. კლინიკაში სამივე პატიმარმა ერთდროულად, დებოში ატეხა. გავრცელებული ვერსიით, ისინი ექიმს სთხოვდნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასკვნით დაემძიმებინა და ამის გამო მას შეურაცხყოფაც მიაყენეს. სწორედ ეს გახდა ხმაურის მიზეზი.

ბუნებრივია, პატიმრები პალატაში ხელბორკილების გარეშე იყვნენ და განაწყენებულებმა ოთახის ინვენტარი დააზიანეს, მინები ჩაამსხვრიეს, შუშის ნამსხვრევით ხელები დაისერეს. თვითმხილველის თქმით, ყველაფერი მოულოდნელად მოხდა და ირგვლივ სისხლის გუბეები დადგა. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები პატიმრების დაშოშმინებას შეეცადნენ და ვითარების დარეგულირებაში საავადმყოფოს დაცვაც ჩაერთო. ერთი პატიმარი თურმე ყვიროდა, - არ მომეკაროთ, თორემ აქვე მუცელს გამოვიფატრავ და აქედან ჩემი "ტრუპი" გექნებათ გასატანიო. ბოლოს, სამივე პატიმარი საპირფარეშოში ჩაიკეტა. ღელავდნენ ბადრაგები, რადგან მათი მოვალეობა პატიმრების უსაფრთხოების დაცვა იყო. ვითარების გართულების შემდეგ, საპატრულო პოლიცია და დამატებით საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს, მათ მოსვლამდე კი ბადრაგებმა საპირფარეშოს კარი შეამტვრიეს. თვითმხილველის თქმით, მას შემდეგ, რაც იქიდან დასისხლიანებული პატიმრები გამოიყვანეს, ერთ-ერთმა ბადრაგმა - ჯაბა ხოშურაულმა ექთანს გადაულაპარაკა: ცუდად ვარო. ექიმებმა მას დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. წინასწარი მონაცემებით, 50 წლის ბადრაგის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. ცხედარს ექსპერტიზა მოგვიანებით, პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა და ამის შემდეგ დის ბინაში, მუხიანში გადაასვენეს.

გარდაცვლილის ოჯახი ელოდება ექსპერტიზის დასკვნას და შესაბამისად, პასუხს კითხვაზე - რეალურად რა გახდა გარდაცვალების მიზეზი? გავრცელდა ვერსია, რომ ხოშურაულს პატიმრებმა დაზიანება მიაყენეს. ეს ეჭვი იმანაც გაამძაფრა, რომ გარდაცვლილს ტუჩზე სილურჯე, თავზე კი დაზიანება აღენიშნება. ოჯახს განუმარტეს, რომ ტუჩზე არსებული სილურჯე დრენაჟის ჩაყენების, თავზე არსებული დაზიანება კი ექსპერტიზის შედეგია...

ფაქტზე მოკვლევა სამართალდამცავებმა დაიწყეს. უკვე დაიკითხა საავადმყოფოს მედპერსონალი და ბადრაგები, პატიმრები კი მოგვიანებით ისევ ციხეში დააბრუნეს. სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, მათ შიდაგანაწესის დარღვევის გამო სასჯელი დაუმძიმდებათ. სამინისტრომ სამსახურებრივ მოვალეობას შეწირული თანამშრომლის დაკრძალვის ხარჯების დაფარვა იკისრა, თუმცა, უმამოდ დარჩენილ ორი ქალიშვილისთვის, რომლებიც უსახლკაროდ და თან, მარტო დარჩნენ, ეს დიდი შეღავათი არ არის. ისინი თბილისში მამასთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

მარინა ჟღენტი, გარდაცვლილის და:
- ჯაბა ოზურგეთში დაიბადა. ის 6 ნოემბერს 50 წლის გახდა. მძიმე ბავშვობა გამოვიარეთ. მამა ადრე გარდაიცვალა და ოჯახის რჩენის მთელი ტვირთი დედაჩემს დააწვა კისერზე. ჯაბას ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა, როცა მოულოდნელად, 54 წლის ასაკში დედა გარდაგვეცვალა. ოჯახს მატერიალურად უჭირდა და ვინაიდან ჯაბამ რაიონში სამუშაო ვერ იშოვა, თბილისში ჩამოვიდა, მეუღლე და ბავშვები კი იქ დარჩნენ...
ერთ დღეს მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდა: ნათესავმა ოზურგეთში დაბრუნებულს პირდაპირ უთხრა, - შენი შვილები მეზობლების სამოწყალოდ ცხოვრობენ; ისინი აჭმევენ, დედამისი კი მათ ყურადღებას არ აქცევს, ყველა ამბობს, - ვიცით, ეს ქალი არ არის ნორმალური, მაგრამ მამამისი რას უყურებსო?! მაშინ ჯაბამ ძალიან ინერვიულა. უცნაური ცოლი ჰყავდა, მაგრამ რას წარმოიდგენდა, შვილებს ცუდად თუ ეპყრობოდა და საჭმელს არ აჭმევდა?.. 8 და 9 წლის იყვნენ გოგონები, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ჯაბას ცოლმა უფროსი შვილი სამსახურში მომიყვანა და მითხრა, - ეს თქვენ ძალიან გგავთ და როგორც გინდათ, ისე გაზარდეთო. ბავშვი სახლში წამოვიყვანე; მაშინ ჩემი ძმაც ჩემთან ცხოვრობდა. მოგვიანებით ჯაბამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ვინაიდან ბავშვებმა მამასთან ცხოვრება მოითხოვეს, მეორე შვილიც მასთან გადმოვიდა საცხოვრებლად. რამდენიმე წელი ჩემს ბინაში იყვნენ. მარტოხელა კაცისთვის შვილების გაზრდა ადვილი არ არის და ამიტომაც, ოჯახის წევრები მხარში ამოვუდექით. მატერიალურადაც ვერ ჰქონდა საქმე კარგად - დღეში 5 ლარს უხდიდნენ. იმ ფულს აგროვებდა და მერე მაძლევდა: აი, დაიკო, რაიმე იყიდეო... მერე ოზურგეთის სახლი 2.500 დოლარად გაყიდა და თბილისში ბინა იგირავა.

მოგვიანებით ცოლიც შეირთო. ძალიან კარგი ქალი აღმოჩნდა, ჯაბას შვილებს საკუთარივით ზრდიდა... როცა ნაგირავები ბინიდან გადასვლა მოუხდათ, იმ ფულით სხვა ბინა ვეღარ იშოვეს, თან - ჩემი ძმა ცოტა ხანს უმუშევარიც იყო და ფული შემოეხარჯათ. ჰოდა, მას შემდეგ ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა...
15 წელზე მეტი სასჯელაღსრულების სისტემაში, საბადრაგო სამსახურში იმუშავა. 400 ლარი ჰქონდა ხელფასი, მაგრამ არ ჰყოფნიდათ და ცოლი სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა. ჯაბა და მისი გოგონები ისევ მარტო დარჩნენ... საოცრად თბილი ძმა მყავდა. ჩემი უფროსი ძმისშვილი 25 წლისაა, უმცროსი - 24-ის. ისინი ხედავდნენ, მამა როგორ წვალობდა, რათა ოჯახი ერჩინა. ბოლოს გოგონებმა ბიბლიოთეკაში დამლაგებლად დაიწყეს მუშაობა და 200 ლარი აქვთ ხელფასი...

გარდაცვლილის დის თქმით, ჯაბა ხოშურაული სასჯელაღსრულებაში მუშაობის დაწყებამდე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დაცვაშიც მუშაობდა და მაშინ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა: "არეულობის წლები იყო. ჯაბა პურკომბინატში, დაცვაში მუშაობდა და მორიგეობის დროს ყაჩაღები დაესხნენ თავს. მაშინ ბარძაყში მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა... ბოლო დღეებში ხშირად მირეკავდა და მეუბნებოდა: დაი, რომ მოვკვდები, ხომ მიტირებ? მითხარი, რომ გიყვარვარო. ეტყობა, გული ცუდს უგრძნობდა. ვუბრაზდებოდი, - რას ამბობ, ბიჭო-მეთქი?! მასზე 8 წლით უფროსი ვარ", - მოთქვამდა თვალცრემლიანი და.

როგორც გაირკვა, 22 ნოემბერს ჯაბა მორიგე იყო - პატიმარს საავადმყოფოში დარაჯობდა. იმ დღეს პატიმარი საავადმყოფოდან გაწერეს, ჯაბამ კი ის საკანში დააბრუნა და მორიგეობიდან შინ დაბრუნდა. შვილებთან ერთად იყო, როცა დაახლოებით ღამის 10 საათზე ხელმეორედ გამოიძახეს. არ გაჰკვირვებია, რადგან ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ პატიმრები საავადმყოფოებში ინტენსიურად გადაჰყავთ და ბადრაგებსაც უფრო რთულ რეჟიმში უხდებათ მუშაობა. ღუდუშაურში სამი პატიმარი გადაიყვანეს და სწორედ იქ მოხდა ინციდენტი. ოჯახის წევრებისთვის ინციდენტის დეტალები უცნობია. ისინი მხოლოდ იმას ამბობენ, - არასოდეს დაუჩივლია, გული რომ სტკიოდაო.

მამის ცხედარს ქალიშვილები დასტიროდნენ. "რა ვთქვა არ ვიცი, რადგან ჩემი კარგი მამიკო არ მყავს. გესმით, ის ჩემთვის ყველაფერი იყო; მან დედის გარეშე გაგვზარდა. დედაც იყო ჩემთვის და მამაც. მისი გაბრაზება არ მახსოვს, საოცრად ტკბილი მოფერება იცოდა; სულ გვეფერებოდა, მამიკუნიას გოგონებს გვეძახდა", - მოთქვამდა თვალცრემლიანი ბელა.

"პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ყოველთვის თავის საქმეს. როგორც ჩანს, მომხდარზე ინერვიულა. პატიმრებს რაიმე რომ მოსვლოდათ, პასუხს ბადრაგს მოსთხოვდნენ. როგორც ვიცით, პატიმრებს ექიმისთვის შეურაცხყოფა მიუყენებიათ. ბადრაგები შუაში ჩამდგარან და გაშველება უცდიათ. პატიმრებს იქაურობა დაუმსხვრევიათ, ამ არეულობაში ჯაბა ცუდად გამხდარა. ის სამსახურს შეეწირა, - მითხრა გარდაცვლილის ერთ-ერთმა ნათესავმა და იქვე დასძინა: - იმედია, ხელისუფლება ამ გოგონებზეც იზრუნებს და მათ კომპენსაციის სახით გარკვეულ თანხას გადაუხდის, თორემ მშობლების გარეშე და თან უსახლკაროდ დარჩენილ დებს საკუთარი ხელფასით თავის გატანა ძალიან გაუჭირდებათ".