განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 43 წლის გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. იგი პროფესიით ფილოსოფოსია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა, დაიცვა დოქტორის ხარისხი, მისი ავტორობით გამოიცა წიგნი ფილოსოფიაზე, მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში, თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიასა და კულტურაში. მინისტრობამდე საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა) რექტორი გახლდათ და თან ლექციებს კითხულობდა. როგორც ამბობს, მერვე კლასში უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ფილოსოფოსობა. განათლების მინისტრი დასაოჯახებელია, მან პირად საკითხებზე საუბარს თავი აარიდა და ამიტომ ამ კუთხით ბევრი დეტალი ვერ შევიტყვეთ.
- ბატონო გიორგი, რა სიტუაცია დაგხვდათ განათლების სამინისტროში და რა ცვლილებებით დაიწყეთ მუშაობა?
- სამინისტროში პროფესიონალები დამხვდნენ, რის გამოც ფაქტობრივად, საკადრო ცვლილება არ მომხდარა. ეფექტიანი სისტემა დამხვდა, რომელსაც ეტყობოდა, რომ მუშაობდა თავისი დანიშნულების საპირისპიროდ - პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ურთიერთობის არასაჭირო ფორმებს ვაწყდები. რასაც ამბობს მინისტრი, აღქმულია როგორც სამხედრო ბრძანება. განათლების სამინისტრო სამხედრო დისციპლინითა და სამხედრო წესით არ უნდა მუშაობდეს. შევცვალე მხოლოდ მინისტრის მოადგილეები და ერთი-ორი ისეთი კადრი, რომლის შეცვლა აუცილებელი იყო. ჯამში - 10 ადამიანი. მუშაობის პროცესში გამოჩნდება ყველაფერი, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კადრები არ შეიცვლებიან.
- თავისუფალი ბუნების ადამიანი ჩანხართ. ალბათ სრულ თავისუფლებას აძლევთ თანამშრომლებსაც. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მინისტრი გახდით?
- პირველი წელი არ არის, რაც ხელმძღვანელ თანამდებობაზე ვარ. მანამდე რექტორი ვიყავი. ვამბობ, რომ ბრძანებულება, რომელიც გამოვეცი, წაიკითხეთ ისე, როგორც კანონი გავალდებულებთ. ჯერჯერობით, თითოეულ ბრძანებულებაზე ბევრი ახსნის გაკეთება მიხდება. მე კი არ ვირგებ ჩემს ხასიათსა და სტილზე მმართველობას, ვაკეთებ იმას, რაც აუცილებელია. მასწავლებელი არ არის კაპრალი, დირექტორი - ოფიცერი და მინისტრი - გენერალი.
- თავდაცვის მინისტრის თანამდებობა რომ შემოეთავაზებინათ, ამასაც დათანხმდებოდით?
- ვფიქრობ, არ წავიდოდი იმ სისტემაში. ერთს გეტყვით, საჯარო სამსახურში მუშაობა იოლი არ არის.
- ეს დისკომფორტს ხომ არ გიქმნით?
- დისკომფორტს არა, უბრალოდ, იქ, სადაც ვიყავი, უფრო მეტი თავისუფლება იყო. აქ უკვე მაქვს ვალდებულება, ყველა კითხვას პასუხი გავცე. ადრე არ მქონდა თმენის ვალდებულებაც. ახლა ვიცი, რომ უნდა მოვითმინო, რადგან საზოგადოების ჯიბიდან ვიღებ ხელფასს. ამიტომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. ადრე ფულს პროექტის შესრულებაში მიხდიდნენ, ვასრულებდი ჩემს სამუშაოს და ვიღებდი ანაზღაურებას.
- მინისტრის ხელფასი იმაზე მეტია, რაც ადრე გქონდათ?
- ბევრად ნაკლებია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ და ახლა ჩემი საქმე უნდა ვაკეთო. არ ვარ დაბალშემოსავლიანი, 3.000 ლარამდეა ჩემი ხელფასი, ეს კარგი ხელფასია, მაგრამ კერძო სექტორში ბევრად მეტი მქონდა და ახლა ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. იქ ბევრად ჯობდა, მაგრამ აქაც საინტერესოა.
- როგორც ვიცი, ლექციებსაც უკითხავდით სტუდენტებს, "თავისუფლების დღიურებში" წერდით კიდეც, რომ მოგწონდათ ეს საქმე. ლექტორობას გააგრძელებთ?
- ბოლოს რექტორი ვიყავი, მაგრამ ლექციებსაც ვკითხულობდი. ახლა ახალი კურსი მქონდა დაწყებული და ვერ ვაგრძელებ, ჩამივარდა და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მინდოდა, ლექციის ეს კურსი ჩამეტარებინა.
- მკაცრი ლექტორი იყავით?
- არ ვიცი, ჩემი წამოსვლა უხარიათ თუ - პირიქით, წუხან ჩემი სტუდენტები. ვფიქრობ, უფრო კარგი და ეფექტიანი, ადმინისტრაციაში ვიყავი, როცა ახალ პროგრამებს ვქმნიდი და სისტემას ვაგებდი. გამორჩეული ლექტორი მგონი არ ვიყავი. მოსწონდათ ჩემი ლექციები, მაგრამ მქონდა ჩავარდნაც. თუ კარგ ლექციებს ვკითხულობდი, კარგი კურსი გამომდიოდა, მაშინ შეფასების ნაწილში მქონდა წუნი. თუ შეფასების სისტემას კარგად ავაგებდი ხოლმე, მაშინ მეორეს ვკარგავდი. არ ვიყავი ისეთი ლექტორი, რომელსაც ლექციაც საინტერესო აქვს, კურსის შედეგად სტუდენტს ბევრი ცოდნაც რჩება, კონკრეტული უნარიც უვითარდება და შემდეგ შემოწმებებიც კარგად არის გაგებული. მე ერთ-ერთი მაინც მივარდებოდა.
- დიდი ხმაური გამოიწვია სტუდენტების გადასახადებთან დაკავშირებით თქვენმა გაკეთებულმა განცხადებამ. მოგვიანებით, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა სხვაგვარად განმარტა ეს საკითხი. თქვენი ნათქვამი სწორად ვერ გაიგეს?
- ვთქვი, ფული, რომელიც მიდის უმაღლეს განათლებაში, ცოტაა და ამიტომ სახელმწიფო იწყებს ამ ფულის მომატებაზე მუშაობას-მეთქი. აქ ორი მომენტია. ერთი, როდესაც სახელმწიფო მეტ ფულს დებს ამ სექტორში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, გავაორმაგეთ თანხა; მეორე - ზედა ზღვარს სახელმწიფო უწესებს უმაღლეს სასწავლებლებს. მე არ ვამბობ, რომ მოქალაქეებს გაუძვირდებათ გადასახადი. შეიძლება სახელმწიფოს გაუძვირდეს. არასწორად იქნა აღქმული, რომ ჩვეულებრივ სტუდენტს გავუძვირებ გადასახადს. ჩვენ გავუგზავნეთ წერილი რექტორებს, აკადემიებს, სტუდენტურ ჯგუფებს, რომ ჩამოაყალიბონ თავიანთი შეხედულება, როგორც უნდათ. რიგი საკითხებია მოსაგვარებელი - ეს ფული უნდა მოხმარდეს უფრო ნიჭიერს თუ სოციალურად დაუცველს? ან იქნებ უნდა მოხმარდეს უფრო მეტ ადამიანს? რა პრინციპით გავანაწილოთ-მეთქი? - ვიკითხე. განვიხილოთ, უფრო ეფექტიანად როგორ დავაფინანსოთ ეს სექტორი, რა მოსაზრებები არსებობს, ამას ითვალისწინებს დემოკრატია. აბა, ადამიანებს მიტინგზე ძალით რომ მიიყვან, ეს იყო დემოკრატია? მაგრამ ეს ნათქვამი ბრძანებად აღიქვეს და ამ ბრძანების ვერსიების განხილვა დაიწყო. ამ ეტაპზე ზედა ზღვარის მოხსნაზე საერთოდ არ ვსაუბრობთ, ჩვენ იმას განვიხილავთ, ფული როგორ მივცეთ სტუდენტს.
- არის უნივერსიტეტები, სადაც სწავლა ძალზე ძვირია, ისინიც დაწევენ ზედა ზღვარს?
- 10 და 20 ათასი არ არის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების გადასახადი. ეს არ ეხება კერძო სასწავლებლებს, მარტო სახელმწიფო სასწავლებლებს დავუწესებთ ზედა ზღვარს. ინტერპრეტაცია გაკეთდა სხვაგვარად. ეს ხალხი ასეთ სისტემაში ცხოვრობდა, - ერთს ამბობდნენ და სხვაგვარად აღიქმებოდა.
- თქვენი მოსვლის შემდეგ პირველი, რაც გააკეთეთ, მანდატურების ჩაცმულობაზე კონკურსი გამოაცხადეთ. მანდატურის ფუნქცია სკოლებში შეიცვლება?
- მანდატურები უსაფრთხოების მიზნით დარჩებიან სკოლებში. მას არ ექნება ის ფუნქცია, რაც ადრე ჰქონდა. ჯერჯერობით მიმდინარეობს მანდატურის სისტემის რეფორმირება. აქამდე მანდატური რეალურად სადაზვერვო სამსახური იყო, რომლითაც სამინისტრო მართავდა სკოლებს. კომიკური ამბებიც ხდებოდა - ზარის დარეკვიდან ორი წუთი იყო გასული, როცა მანდატურმა ნახა, რომ მასწავლებელს სია არ ჰქონდა ამოკითხული. მაშინვე დაწერა ოქმი, მისწერა ზემდგომს და მეორე დღეს მასწავლებელი გაათავისუფლეს. მანდატური იყო მმართველობის სტრუქტურა. ეს შეიცვლება, მაგრამ კრიმინალის ნაწილში სკოლის მესვეურები თავად გადაწყვეტენ, სჭირდებათ თუ არა ამ მხრივ დახმარება. ეს იქნება სერვისი, რომელსაც სახელმწიფო შესთავაზებს საგანმანათლებლო სისტემას. ზოგმა სკოლამ შეიძლება უარი თქვას მასზე, ზოგმა შეიძლება მოითხოვოს. რაც შეეხება მათ ჩაცმულობას, ეს ფორმები უნდა შეიცვალოს, რადგან არსებული ფორმები ასოცირდება იმასთან, რაც ადრე იყო. ახალ ფორმაზე როცა ვლაპარაკობთ, საუბარია ახალ როლზეც. კარგია, ბავშვები რომ ჩაერთვებიან ამ საქმეში. კონკურსი ტარდება - ბავშვები ხატავენ, როგორი წარმოუდგენიათ მანდატური, შემდეგ ამ ნახატებს აიღებენ დიზაინერები და შეიქმნება სასურველი ფორმა. ეს ნორმალური პროცესია, ამაში ფულს არ ვხარჯავ, ფორმა მაინც იკერებოდა. ერთადერთი, რა უკანონობასაც ვაკეთებ, ისაა, რომ ბავშვების შრომას უფასოდ ვიყენებ. ამაში შეიძლება დამადანაშაულონ.
- თქვენ სკოლის დირექტორებს მოუწოდეთ, არასამართლიანად დათხოვნილ პედაგოგებთან ურთიერთობა დამოუკიდებლად მოეგვარებინათ. ეს პრობლემა მოგვარდა, თუ ისევ დგას დღის წესრიგში? თუ შეისწავლეთ იმ პედაგოგების საქმეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკანონოდ გაათავისუფლეს?
- ეს საქმეები არ შემისწავლია. ვინც მსხვერპლი იყო სისტემის, მათ მოვუწოდე, რომ ერთმანეთთან დაამყარონ ადამიანური კავშირი. ორმა ადამიანმა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ხომ უნდა მოაგვაროს ურთიერთობა? ბევრს აქვს იმის შესაძლებლობა, თავისი დაშვებული შეცდომა გამოასწოროს, თუმცა ეს საკითხები ბოლომდე მოგვარებული არ არის. ამიტომ ახლა გამოვაცხადებთ კომისიას და იმ ადამიანების საკითხს, ვინც ვერ მორიგდა, კომისია გადაწყვეტს. პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნა დანაშაულია. ამიტომ ეს დანაშაული ჩვენმა სისტემამ უნდა გამოასწოროს. კომისიის წევრები სამინისტროს თანამშრომლები და არასამთავრობოები არიან. ეს ძალიან მძიმე სამუშაო იქნება, მაგრამ ბუნებრივია, სამართლიანობა უნდა აღვადგინოთ. "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, ჩვენ ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანების ლოზუნგით მოვედით.
- რაც შეეხება პედაგოგების გამოცდებს, იმ ფორმით გაგრძელდება, როგორიც იყო, თუ შეიცვლება რამე?
- ამ საკითხზე ვმუშაობთ. გვინდა დავტოვოთ ის, რაც არის. პედაგოგებს უნდა მიეცეთ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება, მაგრამ აქაც გვინდა დემოკრატიის ელემენტი შევიტანოთ. უნდა ენდო პედაგოგს, მან უნდა გადაწყვიტოს, რომელი სფეროს დახვეწა უფრო სჭირდება. სავალალო მდგომარეობაა აგრეთვე მეცნიერების კუთხით. რეალურად ეს ინსტიტუტი გააქრეს. ყველაფერი ძალიან არეულია. ჩვენი მიზანია, პირველ რიგში აღდგეს მისი ფუნქციონირება. ინსტიტუტების მესვეურებთან ერთად უნდა დაჯდე და იმსჯელო, რა არის ოპტიმალური გზა. რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს ამ სექტორს... ამასთან დაკავშირებითაც ველოდებოდი, რომ იქნებოდა დებატები.
- ბატონო გიორგი, თქვენ ამა თუ იმ ცვლილებაზე მოსაზრებებს ხალხისგან ითხოვთ, რამდენად აქტიურად ჩაერთო ამ საკითხში საზოგადოება და გაწვდიან თუ არა იდეებს?
- არაერთი განცხადება გავაკეთე კონკრეტულ პროფესიულ თემებზე და ველოდებოდი კვალიფიციურ რეკომენდაციებს, მაგრამ ამის ნაცვლად ხშირად სულ სხვა საკითხების განხილვა აინტერესებთ. მაგალითად, ის, რომ თურმე გავაორმაგე უნივერსიტეტებში გადასახადები და არ აინტერესებთ იმის მოსმენა, რომ ასე არ არის. ვთქვი, X-XII კლასში მოსწავლე არ უნდა გაირიცხოს სკოლიდან და ამაზე თქვენი შეხედულება მომწერეთ-მეთქი. მივიჩნევ, რომ გარკვეულ შემთხვევებში მოსწავლის გარიცხვის სამართლებრივი ნორმა მათი სკოლიდან განთესვისა და მანიპულირების ინსტრუმენტია. ამიტომ, მოვუწოდე საჯარო სკოლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, ფსიქოლოგებსა თუ ექსპერტებს, ამ პრობლემის გადასაჭრელად საკუთარი ხედვა წარმოედგინათ, მაგრამ არ მპასუხობენ. სამაგიეროდ, წინა პლანზე მოდის სულელური თემები, რომ თითქოს მე უკვე ვარ კორუმპირებული, 135 ათასად ვიყიდე მანქანა და ჩემი მეგობრის სახელზე გავაფორმე, რომ ვარ რუსეთზე ორიენტირებული...
- ბრალდებებზე მწვავედ რეაგირებთ?
- მაინცდამაინც არ მაღიზიანებს, მაგრამ იმ თემებზე რომ არ მელაპარაკებიან, რაც მაინტერესებს და რის ცვლილებას ვაპირებ, ეს მადარდებს. პოლიტიკური კინკლაობა ჩემთვის უცხო არ არის, 9 წელიწადი სხვას ვაკრიტიკებდი და ახლაც მზად ვარ, ნებისმიერ დებატში მივიღო მონაწილეობა და თან - დაუსრულებლად.
- ბოლო დროს ავტომანქანა მართლა შეიძინეთ?
- არა, არ მიყიდია. რაც გავრცელდა, ეს არის ცილისწამება და წესით, ამის გამო უნდა ვუჩივლო იმ ადამიანს, მაგრამ ახლა ვის აქვს ამის დრო ან ეს ვის სჭირდება?
- თქვენი დღის რეჟიმი გამინისტრების შემდეგ ძალიან შეიცვალა?
- რადიკალურად. იქ ძალიან კარგად მქონდა საქმე აწყობილი, აბსოლუტურად გამართული იყო სისტემა და სულ პატარა ჩარევები სჭირდებოდა, უფრო მეტად თავისუფალი ვიყავი და ორჯერ მეტად მდიდარი.
- ცოტა რამ თქვენ შესახებაც გვიამბეთ, თქვენს ხასიათზე, რას ვერ აპატიებთ ადამიანს?
- არ ვიცი, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ...
- დაოჯახებული ხართ?
- არა, ოჯახი არ მაქვს.
- როგორც ვიცი, ბუნება გიყვართ. ნადირობაც ხომ არ გიყვართ?
- ბუნება ძალიან მიყვარს. ნადირობას ვერ ვიტან, ვერ წარმომიდგენია, ცოცხალ არსებას როგორ უნდა ესროლო და მოკლა. ცხოველების ხოცვა მიუღებელია ჩემთვის.