სასამართლო გაუმჯობესებული სტატისტიკით

სასამართლო გაუმჯობესებული სტატისტიკით

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა გამამართლებელ განაჩენთა გამოტანისა და არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების სტატისტიკა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მექანიზმის ამოქმედება გაზრდის როგორც მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხს, ასევე სასამართლო ხელისუფლებისადმი მოქალაქეების ნდობას. როგორ მუშაობს მართლმსაჯულება საქართველოში და რის შეცვლას აპირებს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობა?

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ პატიმრობათა გამოყენების რაოდენობამ კლება დაიწყო 2010 წლიდან. წელსაც ეს მაჩვენებელი, შარშანდელთან შედარებით, 6,2 პროცენტითაა შემცირებული:

„მომავალ წელს კიდევ უფრო ნაკლები უნდა იყოს პატიმრობის გამოყენება აღკვეთის ღონისძიების დროს. უფრო უნდა მოიმატოს ან გირაოს, ან პირადი თავდებობის გამოყენებამ, იმიტომ რომ სტაბილურად ტენდენცია ზუსტად აქეთ მიდის. ჩვენ უნდა ჩამოვცდეთ 40 პროცენტს, რადგანაც, ჩვენი და ევროპული კანონმდებლობით, პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით უნდა იყოს უკიდურესი აუცილებლობა“.

კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა არასაპატიმრო სასჯელების გამოყენების კუთხითაც. 2012 წელს არასაპატიმრო სასჯელების ხვედრითმა წილმა 59 პროცენტი შეადგინა, თუმცა, როგორც „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, სტატისტიკაში გამოვლენილი ამგვარი დადებითი ტენდენცია შეუმჩნეველია პრაქტიკაში, რომელიც კვლავ ეჭვის ქვეშ აყენებს საქართველოში სამართლიანი სასამართლოს არსებობას:

„გამიჭირდება ვთქვა, რომ ეს ტენდენცია დადებითი და პოზიტიურია. არაერთი საქმე, არაერთი განაცხადი გვაქვს გაგზავნილი პირველ ინსტანციაში, მეორეში... უზენაესი სასამართლო ხშირად ამბობს უარს საქმეების განხილვაზე, თუმცა ერთი შემთხვევა ნამდვილად გვქონდა ბოლოს, როცა უზენაესმა სასამართლომ მიიღო დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება მიწისძვრით დაზარალებული პირის შესახებ და მის სასარგებლოდ სამინისტროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, მაგრამ, საერთო ჯამში, სასამართლოებში ძალიან ბევრი პრობლემაა, რასაც გამოსწორება სჭირდება. ვგულისხმობ გადაწყვეტილებების დასაბუთებულობას, ვგულისხმობ სისხლის სამართლის პოლიტიკას და სხვ.“.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცების საკითხი, რასაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, საგრძნობლად გააუმჯობესებს ახალი კონსტიტუციით გათვალიწინებული მოსამართლეთა უვადო დანიშვნის მექანიზმის ამოქმედება.

„ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ უვადო დანიშვნას თან შეიძლება ახლდეს მოსამართლეთა წინასწარი სამწლიანი დანიშვნა. ჩვენს პროექტში, რომელსაც მომავალი წლის დასაწყისში წარმოვადგენთ, ეს „სამწლიანი ნორმა“ გათვალისწინებული არ იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, როგორც კი ადამიანი მზად იქნება იმისთვის, რომ გახდეს მოსამართლე (და ჩვენ გვაქვს ამისათვის საჭირო ყველა მექანიზმი, რომელიც კვალიფიკაციისა და პიროვნული მახასიათებლების საფეხურებრივ შემოწმებას ითვალისწინებს), ის უნდა დაინიშნოს უვადოდ“.

კონსტანტინე კუბლაშვილის ამ ინიციატივას იწონებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე, თუმცა ის აქვე შნიშნავს, რომ გამოსაცდელი ვადის დაწესების ინიციატივა ეკუთვნოდა წინა ხელისუფლებას, რომელიც ამის გამო უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობას არ გაუკრიტიკებია.

„უცხოელი ექსპერტებიც გვირჩევდნენ, რომ ამოღებული ყოფილიყო, რადგან მოსამართლეთა მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას აყენებდა ეჭვქვეშ. ახლა ბატონი კოტეს განცხადება, რომ უვადო გამწესებისათვის აღარ იყოს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა, შესაძლოა უკავშირდებოდეს სურვილს, თუკი დარჩებიან სასამართლო ხელისუფლების სათავეში, მათ მოახერხონ უვადო გამწესება ამ კადრებისა“, უთხრა ნინო გვენეტაძემ რადიო თავისუფლებას.

უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობის ოპონენტთა შორისაა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომელმაც კონსტანტინე კუბლაშვილს "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის გამო უსაყვედურა:

„მოვითხოვე ვენეციის კომისიისაგან, რომ კუბლაშვილის მიერ გაგზავნილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პირველი ვერსიაა და ბევრჯერ შეიცვალა მას შემდეგ, არ იქნეს განხილული. ისინი დამთანხმდნენ ამაზე მაშინვე, რადგან მათთვის წარმოუდგენელი იყო, რომ სასამართლო პრაქტიკულად დღეს თამაშობდეს პოლიტიკური ოპოზიციონერის როლს“.

თეა წულუკიანის ამ განცხადების პასუხად, უზენაესი სასამართლოს თამჯდომარე აცხადებს, რომ გასაკვირი არ არის, როცა ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო დამოუკიდებლად მოქმედებს:

„პრინციპული შენიშვნა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ, პროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეული იქნენ სასამართლოების თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და კოლეგიებისა და პალატის თავმჯდომარეები - ეს არის წარმოდგენილი პროექტში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ნორმა დისკრიმინაციულია ამ ადამიანების მიმართ“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასევე ხარვეზად მიიჩნევს იუსტიციის საბჭოს წევრების შესაძლო არჩევას უბრალო უმრავლესობით, ანუ 76 დეპუტატის თანხმობით. კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით, უმჯობესი იქნება, თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მაღალი, 90-ხმიანი კვორუმით აირჩევენ. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 241 მოსამართლეა და მათი საშუალო ხელფასი 6 ათას ოთხასი ლარია.