ახალი ეკონომიკური კურსი ძველი შემსრულებლებით

ახალი ეკონომიკური კურსი ძველი შემსრულებლებით

მიხეილ სააკაშვილმა მეწარმეებს და პოლიტიკოსებს მორიგი სამსჯელო თემა გამოუყო. საქმე ეხება ახალი ეკონომიკური კურსის გამოცხადებას. ასეთი ინიციატივებ ქართული რეალობისთვის ახალი არ არის, მაგრამ სამწუხაროა, რომ რეალურად არაფერი იცვლება და ყველაფერი ძველებურ კალაპოტში მიედინება.

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის ახალი ეკონომიკური კურსის შესახებ განაცხადა. პრეზიდენტის კურსი საქართველოში უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნას ითვალისწინებს:  შემოღებული იქნება საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც მეწარმეებს დაიცავს; ასევე მეწარმეებზე საგადასახადო წნეხი შემცირდება. სააკაშვილის თქმით, მეწარმის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში საწარმო არ უნდა დაიხუროს, არამედ მუშაობა უნდა განაგრძოს და სამუშაო ადგილები შენარჩუნდეს.

 

გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, ახალი კურსი გულისხმობს ჯარიმის დარიცხვის ისეთი მექანიზმების შემოღებას, რომ ბიზნესის შეცდომის გამო დარიცხულმა თანხამ საწარმოს გაჩერება და დანგრევა არ გამოიწვიოს, მაშინაც კი, როდესაც საწარმოს მფლობელი შეგნებულად არღვევს კონკრეტულ ნორმას. 

 

„საწარმო კი არ უნდა დაიხუროს, არამედ გადარჩეს და მუშაობა გააგრძელოს, რათა კონკრეტული ადამიანები ლუკმა პურის გარეშე არ დარჩნენ. ასევე ახალი კურსი ითვალისწინებს ახალი კვალიფიციური კადრების მომზადებას და ძველების გადამზადებას ისე, რომ თითოეული მათგანი, პირველ რიგში, ორიენტირებული იყოს ბიზნესის წარმატებაზე, რათა მათთან მუშაობა მეწარმისთვის იყოს კომფორტული და გასაგები, რომ მათგან მოდიოდეს სამართლიანობის განცდა. ახალი კურსი მოიცავს აგრეთვე ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც მკვეთრად გაამარტივებს პროცედურებს, ბიუროკრატიას და მომსახურების ვადებს მინიმუმამდე დაიყვანს“, - განაცხადა სააკაშვილმა. 

 

გადასახადების გადახის გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელია, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუმცა სახელმწიფომ გადამხდელი წნეხის ქვეშ არ უნდა მოაქციოს. „სახელმწიფომ გადამხდელს ხელი კი არ უნდა წაუჭიროს ყელში, არამედ, უნდა ჩაკიდოს ხელი და როგორც ჭეშმარიტი პარტნიორები, ერთად უნდა გავიდნენ სამშვიდობოს. ახალი კურსის შედეგად ჩვენ მივიღებთ ბიზნესზე ორიენტირებულ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც არ იქნება ჩასაფრებული დარღვევების გამოსავლენად, არამედ ითანამშრომლებს ბიზნესთან, რათა დაეხმაროს მას, განვითარდეს სამართლიან გარემოში. სახელმწიფოს ინტერესი ის კი არ უნდა იყოს, რომ ადამიანმა დაარღვიოს და ჩასაფრებული იყოს კუთხეში, სასტვენით ხელში ძველი „გაიშნიკივით“, მისი ამოცანაა, ითანამშრომლოს და ჩამოყალიბდეს ნდობით აღსავსე ურთიერთობა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ ყველანაირი რეიტინგებით წინსვლა აჩვენა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ჯერ ძალიან ბევრი ხარვეზია სახელმწიფოსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობებში.

 

„ჯერაც ძალიან ბევრ მეწარმეს აქვს განცდა, რომ მას სათანადოდ არ უსმენს და უსამართლოდ ექცევა სახელმწიფო. ჯერაც ხშირია შემთხვევა, როცა სასჯელი გაცილებით დიდია, ვიდრე ამას არსებული დარღვევა ითვალისწინებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

პრეზიდენტის თქმით, მეწარმეებს ხშირად სამართლიანად უჩნდებათ განცდა, რომ სახელმწიფო არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ ბიზნესგარემო კიდევ უფრო უკეთესი იყოს.

 

„ამის გამო უამრავ საქმიან ადამიანს დაკარგული აქვს სტაბილურობის შეგრძნება და თავს არიდებს ბიზნეს რისკებს. შესაბამისად, არ ახდენს ახალი კაპიტალის ინვესტირებას ბიზნესის გაფართოებაში, არ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, - აღნიშნა სააკაშვილმა. 

 

„უნდა გამოვაღვიძოთ მეწარმის სულისკვეთება. საბოლოო ჯამში ქვეყნის დოვლათს ისინი ქმნიან. ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, მეწარმე თავს კომფორტულად გრძნობდეს და იყოს თავდაჯერებული. მხოლოდ ასეთი მეწარმე იქნება ის მეწარმე, რომელიც შეძლებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ე.ი. გაჭირვებულების დახმარებას, საქართველოს დამკვიდრებას მსოფლიოში“, - დასძინა პრეზიდენტმა.

 

სააკაშვილის მორიგმა ინიციატივამ პოლიტიკოსებში სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს.

 

„თუ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ვიმჯელებთ, ნათელია, რომ საქართველოში მეწარმეებზე ცოცხალი ნადირობაა გამოცხადებული. მიუხედავად პრეზიდენტის მშვიდი საუბრისა, იმის შესახებ, რომ  სახელმწიფოსა და მეწარმეებს შორის პარტნიორული ურთიერთობა დამყარდეს, პირიქით ხდება - მთავრობა მეწარმეებს ატყავებს“, - განაცხადა გუგავამ.

 

პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე კი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება, ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლის შესახებ, რეალურად განხორციელდება.

 

„თუ პრეზიდენტის ეს განცხადებები რეალობად იქცევა, მაშინ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გამოსწორდება“, - აღნიშნა ტყემალაძემ.