ბახმარო, მაღალმთიანი კლიმატური კურორტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრზე მდებარობს. მაღალი მთების კალთებიდან მოჩანს მთელი გურია, იმერეთის ნაწილი, ნახევარი სამეგრელო და აფხაზეთი, მთელი შავი ზღვა. კურორტი რესპუბლიკური მნიშვნელობისაა და საქართველოს კურორტებს შორის ყველაზე მაღალია. კურორტის სამკურნალო ჩვენება გამოიხტება იმაში, რომ ის უდიდეს გავლენას ახდენს ფილტვების, პერიტონიტებით, მალარია მეორადი ანემიით დაავადებულებზე. აქ დიდი რაოდენობით მატულობს სისხლის წითელი ბურთულების რიცხვი და ჰემოგლობინის რაოდენობა.
ბახმაროს ჰაერის უნიკალური სამკურნალო თვისებები პირველად ზაფხულის საძოვრებზე ამოსულმა მწყემსებმა აღმოაჩინეს, როცა ჭლექით დაავადებული ერთ-ერთი მათგანი აქაურმა ჰაერმა სასწაულებრივად სწრაფად და საბოლოოდ გამოაჯანმრთელა.
1895 წელს ბახმაროში ქართველი ეთნოგრაფი თედო სახოკია იმყოფებოდა და მისი აღწერით იმ დროს ბახმაროში სულ რამდენიმე სახლი თუ იდგა. დღეს კი უნიკალური კურორტზე სახლების რაოდენობა 3000 აღემატება. უმეტესობა ახალაშენებული და ფეშენებლურია. მშენებლობები აგვისტოს ბოლომდე მიმდინარეობდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ყველაფერი შეიცვალა.
ზაფხულში გარემოს დაცვის ინსპექციამ, პატრულირებისას აღმოაჩინა, რომ მის საკონტროლო ტერიტორიაზე ტყეში სახლები იყო აშენებული. ამ ინფორმაციის თანხმად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო და 7 სექტემბერს საჯარო რეესტრის ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომელი გელა დოლიძე დააკავა. დოლიძეს ბრალი 338 მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს და ქრთამის აღების ბრალდებით ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დოლიძის დაკავების ფაქტი, როგორც მისი დაკითხვის პროცესი, ძალოვნების მიერ ვიდეო ფირზე აღიბეჭდა, თუმცა ყველასთვის გასაკვირად ცენტრალურ არხებს კუდის წარმატებული ოპერაციის შესახებ არაფერი უთქვამს.
„ნახაზებს ვადგენდი, თუმცა ეს არ უკავშირდებოდა საჯარო რეესრტში ჩემს საქმიანობას. მე კერძო არქიტექტურულ ფირმაში, შპს „საპროექტოში“ ვმუშაობდი, ზურაბ ბერძენიშვილთან ერთად“, – ნათქვამია დოლიძის აღიარებით ჩვენებაში, რომელსაც ძალოვნების მიერ მოპოვებული ვიდეო ფირიც ამყარებს, სადაც ქრთამის აღების ფაქტია დადასტურებული.
როგორც გავარკვიეთ, სწორედ დოლიძის ჩვენების საფუძველზე დაიბარეს დაკითხვაზე ჩოხატაურის ყოფილი არქიტექტორი და „ნაციონალური მოძრაობის“ დაბის მაჟორიტარი დეპუტატის, მანანა ჯინჭარაძის მეუღლე ზურაბ ბერძენიშვილი. ბერძენიშვილი 2 დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და როგორც წყარო ამბობს, იგი საპროცესო გარიგების თანახმად გამოუშვეს. თავად ბერძენიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ 2 დღის განმავლობაში მხოლოდ დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა დასძინა, რომ „არ იცის მომავალში რა იქნება“.
პროკურატურისა და კუდის მიერ ამოღებული დოკუმენტაციიდან კი გაირკვა, რომ ამ საქმის ერთ-ერთი კვანძი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იმალებოდა.
მიწის ლეგალიზება
2008-2009 წლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიას, ამჟამინდელი მოწვევის საკრებულოს მმართველი გუნდის ფრაქციის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, „ნაცების“ სიის მესამე ნომერი შოთა სირაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მას ჰქონდა უფლება რომ მიწის მესაკუთრის ცნობა გაეცა, თუმცა კომისიის რეგლამენტის და კანონის მიხედვით, მოქალაქის განცხადება ჯერ კომისიას უნდა განეხილა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაცემულიყო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
ჩვენი მოპოვებული დოკუმენტებით ირკევა, რომ სირაძის მიერ გაცემულია 388 მსგავსი დოკუმენტი. კომისიის წევრები, რომლების სირაძის ახლობლებით და ნათესავითაც კი იყო დაკომპლექტებული, დღესაც საჯარო სამსახურის თანამშრომლები არიან. უფრო მეტიც, სირაძის მეუღლის მამიდაშვილი და მისი კომისიის წევრი დიმიტრი კორიფაძე დღეს ჩოხატაურის გამგებლის მოადგილეა. კორიფაძე ამბობს, რომ მისთვის სირაძის საქმიანობა უცნობი გახლდათ. ამავეს ამბობენ კომიისიის სხვა წევრები.
შოთა სირაძეზე ძებნაა გამოცხადებული. ინფორმირებული წყაროს ცნობით, მან საქართველოს დატოვება მოახერხრა. უფრო სწორედ მოახერხებინეს.
„შოთას ალაპარაკება არავის აწყობს. ჩოხატაური პატარა რაიონია და ყველა ყველას ახლობელია. შეუძლებელია სირაძეს მარტო, მფარველების გარეშე გაებედა ამდენი რამ. მაქვს ინფორმაცია, რომ სანამ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარებდნენ, მაშინვე, როგორც კი კუდმა მისი კომისიის მასალები მოითხოვა, ის ქვეყნიდან გააპარეს, რადგან კარგად იცოდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩოხატაურში საკრებულოს არჩევნები ხელახლა იქნება ჩასატარებელი“, – ამბობს წყარო.
სირაძის ადგილსამყოფელი დღემდე დაუდგენელია, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ის თავს ძმასთან, საფრანგეთში იმყოფება.
მიწების უმეტესობა ტყის ზოლში აჭარისა და ვაკიჯვრის ქუჩაზეა გაცემული. როგორც დავადგინეთ კოტეჯების ასაშენებლად ათეულობით ნაძვი უნებრთვოდ მოიჭრა, მიწა კი ექსკავატორით გადასწორდა. ამ ბრაკონიერულ სამუშაოებს კი ბახმაროს პოლიციის აწ უკვე ყოფილი უფროსი, შოთა მჟავანაძე ხელმძღვანელობდა. მჟავანაძე მეუღლესთან ერთად უკვე იყო დაკითხვაზე. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ აღძრულა, თუმცა არსებობს მოწმეები, რომლებიც ნაძვების ჭრის დროს მჟავანაძის მიერ გაწეულ ზედამხედველობას ადასტურებენ.
ისეთი მოწმეებიც არსებობენ, რომლებიც შოთა სირაძის მიერ მიწის საკუთრების უფლების გაცემის გამო ქრთამის მიცემას ადასტურებენ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ასეთი მოწმეების რაოდენობა ას კაცზე მეტია, თუმცა დღემდე გამოძიებას მხოლოდ რამდენიმე მათგანი ჰყავს დაკითხული.
მიხეილ სააკაშვილის N525 ბრძანებულება (11.12.2007წ.) მკაცრად განსაზღვრავს იმ წესებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მიწის დაკანონება. ბრძანებულების თანახმად, მიწის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის ასაღებად განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დამადასტურებელი დოკუმენტები იმისა, რომ განმცხადებელს თვითნებურად ჰქონდა მიწა დაკავებული ან დოკუმენტის არქონის შემთხვევაში წარმოადგინოს მოწმე. ასევე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად, ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლების მაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა ნაგებობების საზღვრები და ფართობი. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სწორედ მსგავსი ნახაზების გაყალბების გამო დააკავეს გელა დოლიძე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის წევრი, ჟორა სიმონია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ იმ 388 კაციანი სიიდან, რომელიც გამოძიებას აქვს, არცერთს არ აქვს კანონიერად დამტკიცებული მიწა:
–ვერ გეტყვით შოთამ რა სქემით იმუშავა, თუმცა ის შემიძლია გითხრათ რომ იმ სიაში წარმოდგენილი არცერთი ადამიანის ნაკვეთი ჩვენ არ გვინახავს და კომისიას არ განუხილავს. პრეზიდენტის ბრძანებულენბის თანახმად, რომლითაც ჩვენი კომისია ხელმძღვანელობდა, განმცხადებელს მთელი რიგი დოკუმენტები უნდა წარმოედგინა. შემდეგ კომისია გადიოდა ადგილზე, ამოწმებდა წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორეს და მხოლოდ ამის შემდეგ იხდიდა ის მიწის საფასურს ბანკში. ვინაიდან ბახმარო არასასოფლო სამეურნეო მიწაა, იქ კვადრატული მეტრის ღირებულება 7 ლარს შეადგენს. თუმცა ვიმეორებ, რომ 388 კაციანი სიიდან კომისიის მიერ არცერთი არ არის განხილული.
მიწების მფლობელების ნაწილს, რომელთა მესაკუთრის ცნობაზე სირაძის კომისიის ბეჭედი და სირაძისვე ხელმოწერაა, უკვე მოუწიათ ახსნა განმარტების მიცემა. ჯერჯერობით არ გამოკვეთილა ქრთამის მიმცემი პირები, თუმცა ჩვენ შევძელით იმ სიის მოპოვება, რომელსაც კუდ-ი ამჟამად სწავლობს. საქმე ეხება 2008-2009 წლებში გაცემულ მიწის ნაკვეთებს. ამ სიაში ბევრი ნაცნობი გვარი ფიგურირებს.
როგორც აღმოჩნდა გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს, შოთა ჭანუყვაძეს 4 ნაკვეთი აქვს დაკანონებული. სამხარეო პოლიციის თანაშმრომელმა ლაშა ბაკურაძემ მიწა მისთვის არ იკმარა და მამამისის სახელზეც დააკანონა. ლანჩხუთის პოლიციის უფროსი ტარიელ ცერცვაძე, სამხარეო პოლიციის პრესამსახური მაია გიორგაძე, ჩოხატაურის პოლიციის უფროსი გულთმისან (ავთო) ვასაძე, კონტრდაზვერვის თანმშრომელი ელგუჯა ცინცაძე, გურიის საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელი ბესო ტაბიძე, დეტექტივი მიხეილ ფოცხვერაშვილი, თამაზ ბროკიშვილი, შოთა მჟავანაძე. სამხარეოს უფროსის მოადგილე ეროდი გორდელაძე, სამეურნეო ნაწილის გამგეს, გია მამაკაიშვილს მიწა შვილის, თეონა მამაკაიშვილის სახელზე ჰქონია გაფორმებული.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასქმებულ პირებს: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიის სპეციალისტს, ლუდა მეგრელიშვილს, მიწა მეუღლის, რობერტ მეგრელიშვილის სახელზე აქვს. მიწებს ფლობენ: ოზურგეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი სოფელ შემოქმედში თემურ ჯახვა, ნოტარიუსი მზია ებრალიძე, გოჩა ჩიტაიშვილი და სერგო ქვილორია – სიძე და სიმამრი საკმაოდ მოზრდილ ნაკვეთებს ფლობენ – სერგო ქვილორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ლავრენტი ქვილორიას მამაა. რაც შეეხება გოჩა ჩიტაიშვილს იგი სოფელ შემოქმედში, გურიის გუბერნატორის ახლოს ცხოვრობს.
გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი ამბობს, რომ ის და გოჩა, მხოლოდ თანასაფლელები და მეგვარეები არიან და მათ შორის ნათესაური კავშირი არ არსებობს.
მიწა დაუკანონებია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკარებულოს წვერს, დაბლაციხის მაჟორიტარ დეპუტატს ვანო ჯაყელს. ხელისუფლებასთან მეტად დაახლოებულ პირს, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ პრესამსახურის ხელმძღვანელს და ტელეკომპანია „რუსთავის 2“–ის პროდუსერს ნანა ინწკირველს, ჩოხატაურის პროკურორის, დავით შვანგირაძის სიმამრს ჟორა თავაძეს, ჩოხატაურის საკრებულოს გორებერეჟოულის მაჟორიტარ დეპუტატს გურამ ტყეშელიაძეს, ჩოხატაურის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტს კახი მეფარიშვილს, ჩოხატაურის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსს რომან მამალაძეს, ჩოხატაურის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროს ვლადიმერ გოგიბერიძეს, საჯარო რეესტრის ჩოხატაურის განყოფილების თანამშრომლის, კოტე ლომთათიძის სიმამრს რომან მამალაძეს, სოფლის მეურნეობის სამინიტროს თანამშრომელს მამანა ძნელაძეს, დაბა ჩოხატაურის გამგებელს, დაბის მაჟორიტარი დეპუტატის ძმას, გოჩა ჯინჭარაძეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გია ტაკიძეს კი მიწა სიდედრის, ზინა სეფერთელაძის სახელზე აქვს დარეგისტრირებული.
ეს სიის მხოლოდ მცირედი ნაწილია. როგორც გავარკვიეთ დანარჩენებიც ჩინოვნიკთა ახლობლებ–მეგობრები არიან.
ამ ადამიანების ვინაობა გაუხმაურებლობის მიზეზად სარწმუნო წყარო საქმის „მიჩუმათების“ მცდელობას ასახელებს. ამასვე ბრალდება ის ფაქტის რომ გელა დოლიძის დაკავების ფატქი „რატომღაც“ ცენტრალურ ტელევიზიებს არ გაუშუქებიათ.
ჩვენ შევძელით ისიც დაგვედგინა, რომ ყველა ამ პიროვნებას როგორც მიწის, ასევე ზედ დადგმული სახლის სახელწმიფოსთვის ჩაბარება მოუწევთ.
ჩვენი მოკვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ ამ უეცრად აღმოჩენილი დიდი დარღვევების უკან, საკმაოდ სრიოზული მიზეზები იმალება. წყაროს ცნობით, მიხეილ სააკაშვილი უნიკალურ კურორტს არაბ შეიხს დაპირდა, ოღონდ იმ პირობით, რომ ინვესტორს ბახმაროში სრული თავისუფლება მიეცემოდა და იქ არცერთი სახლი არ იქნებოდა. ოფიციოზი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. თუმცა ეჭვებს და ინფორმაციას ის ამყარებს, რომ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ ბახმაროს განაშენიანების გენერალურ გეგმაში იქ მდებარე არცერთი სახლი არ ფიგურირებს. პროექტის ავტორი მერაბ ჩხენკელია, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გეგმის თანახმად ბახმაროში, მხოლოდ ფეშენებლური სახლები იქნება, ხოლო ძველი კოტეჯები დაინგრევა (?!).
ჩხენკელის ინფორმაციით მიწები, თუკი კანონიერად არის შეძენილი მფლობელებს დარჩებათ, სახელმწიფო მათ კომუნიკაციის ყველა პრობლემას მოუგვარებს, თუმცა ისინი ვალდებულები იქნებიან ფეშენებლური ვილები ააგონ. არქიტექტორი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, სასტუმრო კომპლექსებს დასჭირდეთ დასახლებული პუნქტების ათვისება, თუმცა მათ ალტერნატიულ ნაკვეთს აუცილებლად შესთავაზებენ.
ტურიზმის დეპარტამენტის, მაია სიდამონიძე ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
„ჩემთვის არ უთქვამთ და არ ვიცი ინვესტორები ბახმაროთი არიან თუ არა დაინტერესებულნი. თუ არიან, მე მხოლოდ მივესამლები. ჩვენთვის აუცილებელია ინვესტიციები, რაც ტურიზმს განავითარებს“, – აღნიშნა სიდამონიძემ.
არაბი ინვესტორის არსებობას არც რეგიონალური მართვისა და განვითარების სამინსტროში და არც გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ, თუმცა 388 კაციანი სიიდან, თითქმის ასმა ადამიანმა უკვე გადასცა სახელმწიფოს მიწები მასზე დამაგრებული ქონებით. მათ შორის არიან პოლიციელები, რომლებსაც სამხარეო სამმართველოს უფროსის ჩათვლით, დაატოვებინეს თანამდებობები.
ამ სკანდალს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მამუკა დოლიძე და გამგეობის 5 სამსახურის უფროსის თანამდებობაც შეეწირა. გარდა ამისა, უკვე მესამე თევა საჯარო რეესტრის ჩოხატაურის განყოფილებაში ყოველ კვირას მიდიან ადამიანები, რომლებსაც სურვილი გაუჩნდათ რომ ქონებას სახელმწიფოს გადააბარონ: „გთხოვთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, ჩოხატაურში კურორტ ბახმაროში, ამა და ამ ქუჩაზე, ამა და ამ საკადასტრო კოდით უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში განახორციელოთ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია“, – და ამაში 5 ლარს და 50 თეთრსაც იხდიან.
განმცხადებლების ნაწილი კი, ყოვეგვარი კანონის მითითების გარეშე წერს, რომ „სურვილი მაქვს მივატოვო საკუთრების უფლება აღნიშნულ ქონებაზე“
„მესაკუთრეს უფლება აქვს საკუთარი უძრავი ქონება, როგორც სასყიდლიანი ფორმით გაასხვისოს ისე გააჩუქოს, ან დატვირთოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმით (იჯარა, უზურფრუქტი, აღნაგობა და სხვ). ამ პირებს რა თქმა უნდა შეუძლიათ უარი განაცხადონ ქონების დათმობაზე, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. ე.ი. საბოლოო ჯამში მათი გადასაწყვეტია თუ როგორ განკარგავენ საკუთარ ქონებას. მაგრამ ასეთი სახის გადაწყვეტილების მიღება, როგორც ჩანს, სხვა გარემოებებსა და ფაქტორებს უკავშირდება. ეჭვის დონეზე შეიძლება ვისაუბროთ, რომ თავის დროზე საკუთრების უფლების მოპოვება არაკანონიერად მოხდა, სხვა შემთხვევაში მათი მხრიდან ქონების დათმობა მინიმუმ პროტესტს გამოიწვევდა“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა, თამაზ ტრაპაიძემ.
როგორც გავიგეთ, ბახმაროს განვითარები გეგმის მეორე ნაწილი 1998-2004 წლებში, აუქციონის კომისიის მიერ გაცემული ნაკვეთების კანონიერების შესწავლა და შესაძლო დარვევების აღმოჩენა იქნება, რაც სავარაუდოდ სახელმწიფოსთვის ქონების მჩუქებელთა რიცხვს გაზრდის. ჩვენი წყაროს ინფორმაციით კუდმა და პროკურატურამ უკვე გაიტანეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის შინაარსის გახმაურებას და დაპატიმრებების სერიას ჩოხატაურში მომავალი წლის დასაწყისში ელოდებიან.
P.S. ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენლები, პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ მთავარი დამნაშავე ჯერ კიდევ უცნობია. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ამ სიმართლეს ფარდა შოთა სირაძის დაკავებამ უნდა მოჰფინოს. ერთადერთი რაც ამ ეტაპზე დაზუსტებით არის ცნობილი, ის არის რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ თანამდებობის შენარჩუნება მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვალდებული იყო 6 თვეში ერთხელ მოესმინა კომისიის მუშაობის შედეგები. ცნობილი და დადასტურებულია ისიც, რომ ამ სკანდალს შოთა სირაძის მეუღლის სამსახურიც შეეწირა. გინეკოლოგი მაია პაიჭაძე ჩოხატაურის საავადმყოფოს პოლიკლინიკის დირექტორმა თემურ კოროშინაძემ სამსახურიდან დაითხოვდა და ხელშეკრულება შეუწყვიტა. უკანონო კანონით გათავისუფლებული პაიჭაძის შესახებ კოროშინაძე ასეთ განმარტებას აკეთებს: „ხელშეკრულება შევუწყვიტე იმიტომ, რომ სამართალდამცავებთან თანამშრომლობდა“.
თუმცა ვერავინ გვპასუხობს იმაზე, რომელ კანონში წერია რომ ქმრის დანაშაულის გამო პასუხი ცოლს უნდა აგებინონ და 3 ბავშვი ყველანაირი შემოსავლის გარეშე დატოვონ.