"მინდა, გოკა გაბაშვილსა და ვანო მერაბიშვილს მივმართო, ნიურნბერგის პროცესს მოგიწყობთ საზოგადოება... ცხოველის ერთ-ერთ სახეობას ახასიათებს ასეთი რამ, ის ქმნის ხმაურს, რათა მოსალოდნელი შიში გადაფაროს. ამას მაგონებს "ნაციონალების" ისტერიკა, რომლებიც დანაშაულის გადაფარვას ტრიბუნების მიღმა ამოფარებით ცდილობენ, მაგრამ ძალიან ახლოს არის ის დრო, როდესაც ვერც ეს უშველით და დიდი სიამოვნებით დაველოდები იმ დღეს", - ამბობს გოგა ხაინდრავა ჩვენთან საუბარში და იმედოვნებს, რომ ბოლო დროს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენით დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება დაიწყება.
- "ნაციონალური მოძრაობა" არის ტერორისტული ორგანიზიცია და ევროპული დიპლომატიისა და საერთაშორისო თანაცხოვრების კაზუსი სწორედ ისაა, რომ დღეს ქართულ საზოგადოებას წარმოადგენენ, რომლებისთვისაც ხალხს არც მანდატი მიუცია და არც ნდობა გამოუცხადებია. უმცირესობის წარმომადგენლები არიან ან დანაშაულის ჩამდენები, ან შემსრულებლები, ან კიდევ გამკეთილშობილებლები, რომლებიც დღეს საკუთარ თავს დეპუტატებს უწოდებენ. მთავარი ჩემნაირი ადამიანებისთვის ის არის, რომ 1-ლი ოქტომბრის შემდეგ, როგორც იქნა, მეღირსა, სამართალს მოვესწრო. ამ რამდენიმეწლიანი ბრძოლის შედეგი ის იყო, რომ კანონი ყველასთვის ერთნაირია, მნიშვნელობა არა აქვს, ის ტერიტორისტთა ორგანიზაციის წევრი იქნება თუ ქალიშვილთა ინსტიტუტის. ამას ყველა უნდა შეეგუოს. ჩვენ მინისტრები, კომიტეტის თავმჯდომარეები, მთავრობის წევრები იმისთვის ავირჩიეთ, რომ ლაბირინთებში გზა გაგვიკვალონ, საზოგადოების და პირადად ჩემი მოთხოვნა კი ის არის, სანამ ბოლო საქმე არ იქნება გამოძიებული, არ შეჩერდნენ. ჩემი საქმე არ არის, როგორი იქნება განაჩენი. შესაძლოა, ლმობიერება გამოიჩინოს ქართველმა საზოგადოებამ, რადგან ჩვენი ხალხი ბუნებით მიმტევებელია, მაგრამ დანაშაული, რომელიც ვიხილეთ და რომლის შესახებ გვსმენია, არასდროს უნდა განმეორდეს, რადგან ლაქა, რომელიც "ცოცხების პარტიამ" დაგვიტოვა, თავის ლიდერთან ერთად, მთელ ქვეყანას დააჩნდა. XXI საუკუნეში ქართულ ციხეებში აუპატიურებდნენ ადამიანებს, ეს კი მხოლოდ აკო მინაშვილის, გოკა გაბაშვილის, ახალაიების, თუთბერიძისა და მათი სულიერი და-ძმების უზნეობაზე კი არ მიანიშნებს, მთელი ქართველი საზოგადოების სირცხვილია.
- ბატონო გოგა, ამ დაკავებებზე დასავლელი პარტნიორებისგან მუდმივად გვესმის გამაფრთხილებელი მესიჯები და ისმის კითხვები - არის თუ არა ეს პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე დაკავებები...
- ნაციონალების 9-წლიანი მმართველობის განმავლობაში მომხდარი ფაქტები არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. რაც შეეხება დასავლელ ლიდერებს, როგორც თქვენ მათ უწოდეთ, მათი ლიდერობა გუშინდელი დღეა. რასმუსენმა, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ, საკუთარ თავს წერტილი დაუსვა, როდესაც ქართულ ოფიციალურ სამთავრობო დელეგაციას, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული, საკუთარი აზრის გამოთქმა არ აცალა. ამიტომ მან სააკაშვილთან ერთად დაამთავრა პოლიტიკური კარიერა, ის არის ევროპული პოლიტიკის წარსული.
- თქვენი აზრით, რატომ ჰქონდა წინა ხელისუფლებას ასეთი მხარდაჭერა დასავლეთისგან?
- ეს არის მსოფლიო კონიუნქტურა, მათ სჭირდებათ ღილაკი ქვეყანაში და არა ლიდერები. ისევე, როგორც მათ სჭირდებათ ხალხის მასა და არა მოაზროვნე საზოგადოება. არსებობს საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც განცხადებების მეტს არაფერს აკეთებენ, მაგრამ განსაკუთრებულად ხმამაღლა სწორედ ისინი ლაპარაკობენ, იღებენ დაუსრულებელ რეზოლუციებს მაშინ, როცა ადამიანებს ვიღაცის ხუშტურის გამო კლავენ და აუპატიურებენ. სამართლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ ნატოში, ევროკავშირში, რუსეთის დუმაში ან ამერიკის კონგრესში რომელიღაც ჩინოვნიკს მიაჩნია, რომ სააკაშვილი კარგი ბიჭია. სააკაშვილი არის ჩამოყალიბებული ნაძირალა და ავადმყოფი. ასე რომ, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მაკკეინს რა ჰგონია, ქართველ საზოგადოებას საერთოდ არ აინტერესებს. ჩვენ ძალიან მძიმე ბრძოლის შედეგად მოვითხოვეთ და მივიღეთ ჩვენი უფლებები და რასმუსენისა და სხვების გამო ამას არ დავთმობთ. ჩვენ თავად დავალაგებთ ამ ქვეყანას, დავაფუძნებთ კანონსა და კონსტიტუციაზე.
- თუმცა ისიც ცხადია, რომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის საერთაშორისო მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია...
- რა თქმა უნდა, ეს მეც მესმის, მაგრამ იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს თუნდაც ასეთი პატარა ქვეყანა საერთაშორისო სამართალსა და დემოკრატიის პრინციპებზე. მინდა მივმართო ყველას, მათ შორის რასმუსენს, ისინი იცავენ მძიმე დანაშაულებებში მხილებულ ბოროტმოქმედებს, რისიც თავადვე შერცხვებათ. გორდონის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მასაც შერცხვება, ხელს რომ ართმევდა მიხეილ სააკაშვილს. ის საქართველოს მიმართ ლოიალურად და თავდაჭერილად განწყობილი დიპლომატია. მიხარია, რომ ამჯერად ამერიკას საქართველოში პროფესიონალი და გონიერი პოლიტიკოსი წარმოადგენს, რომელსაც ამერიკის ინტერესებიც ადარდებს და ჯონ ტეფტივით "რუსთავი-2"-ის გადაცემებით კი არ უგზავნის ანალიზს თეთრს სახლს, სიმართლით ინტერესდება და ობიექტურ შეფასებებს აკეთებს. ის თომას ჯეფერსონის პრინციპების დამკვიდრებას აპირებს. მისი წინამორბედები კი უოტერგეითის თემებს უწევდნენ პოპულარიზაციას. ყველანი ვისმინებოდით და ჩემს ნებისმიერ სიტყვაზე, პრესაში ან ტელეეთერში რამდენიმე წუთში საპასუხო განცხადებები კეთდებოდა. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობდით წლების განმავლობაში და კიდევ ვიღაც მეტყვის, რომ უკანონო დაკავებები ხორციელდება?..
- ფაქტია, რომ ჩვენ მოვისმინეთ ისეთი ეპითეტები, როგორებიც არის ცოტნე დადიანი, წამებული, ჩვენს უსაფრთხოებაზე მზრუნველი მაღალჩინოსანი...
- მასხარაშვილის "სიბრძნეზე" მეუბნებით, რომელიც მართლაც მასხარაა?.. მამამისს არ ვერჩი, მაგრამ ასეთი უტვინო შვილი ნეტავ როგორ გაზარდა... რას ნიშნავს საქართველოს ისტორიისა და სიწმინდეებისადმი ასეთი უდიერი დამოკიდებულება? ისეთი წმინდანისადმი, როგორც ცოტნე დადიანია?.. ასეთი შედარების მოყვანაც კი უზნეობაა. ამის შემდეგ მას ისტორიკოსი უნდა ერქვას?.. ეს არის სასოწარკვეთილი ბოროტმოქმედების გოდება, რომელთაც პრივილეგიები მოაკლდათ და ამიტომ გულშემატკივრობენ. ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულებით ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. ნაძირალა უგულავა თავის ოჯახთან, ცოლისდასა და სიძესთან ერთად ლას-ვეგასში ნაგვის მანქანების დასათვალიერებლად დაბრძანდებოდა. პირადად ვარ მომსწრე, ფოთში ღორმუცელა სააკაშვილმა 16 ბოთლი კოკა-კოლა რომ დალია ერთბაშად და საავადმყოფოში წაიყვანეს. ეს ფაქტი გია ბარამიძესა და ვანო მერაბიშვილსაც კარგად ემახსოვრებათ. მათზე არ მინდა საუბარი. არა მგონია, ქართულ საზოგადოებასაც აინტერესებდეს, რას ფიქრობენ ჩიორა თაქთაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი, მაგრამ ამას თქვენი კოლეგები მაინც ახვევენ თავზე საზოგადოებას... იცით რატომ დარბიან ისინი ყოველდღე ციხეში?
- რატომ?
- ღმერთმა დაგვიფაროს და ახალაიამ წერა არ დაიწყოსო, მაგრამ მაინც დაიწყებს წერას. მან კარგად გაიაზრა ყველაფერი და იმიტომ ჩამოვიდა საქართველოში, რომ ქართულ ციხეში მეტ-ნაკლებად დაცული იქნება. თუ ვინმესგან ემუქრება საფრთხე, სწორედ მისი ე.წ. გულშემატკივრები არიან აკო მინაშვილის თამადობით. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან გამოძიებას და თავისი თანაგუნდელების "კეთილშობილი საქმეების" გამჟღავნებას ხელს შეუწყობს ახალაია და ცოტა ხანში იმავეს გააკეთებს ირაკლი ოქრუაშვილი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, იგივე გააკეთოს დიმა შაშკინმაც. მას ალბათ ამერიკიდან ის უწყება არ გადმოსცემს, რომელთანაც ამჟამად თანამშრომლობს, მაგრამ იმედია, მასაც დაუკავშირდებიან ტკბილი ენით მისი თანაგუნდელები და საქართველოში დაბრუნება მოუწევს... იმედს ვიტოვებ, რომ ამ ბედს გაიზიარებს დავით კეზერაშვილიც, რომელსაც ისრაელის მოქალაქეობა აქვს. ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ომის დროს თავდაცვის მინისტრი იყო იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც 50 წლის განმავლობაში საოცარი ბრძოლები აქვს მოგებული მიზერული რაოდენობის ჯარისკაცებით. ასეთი საამაყო ისტორია ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო.
- არჩევნების შემდეგ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გარშემო ახალ-ახალი დეტალები ჩნდება. ელოდებით, რომ ამ ბურუსით მოცულ საქმეს საბოლოოდ აეხდება ფარდა?
- კი, ოღონდ პირველ რიგში ვინც უნდა დაიკითხონ, არიან მისი დაცვის უფროსი ხარშილაძე და დაცვის წევრი ძაძამია. მათი დაკითხვის შემდეგ საქმე გაიხსნება. თუმცა ისედაც ყველაფერი ნათელია, რადგან უამრავი მოწმე არსებობს. მე ჟვანიების ოჯახთან წლების განმავლობაში ვმეგობრობდი და გოგლასთან ახლო ურთერთობა მაქვს, ზურას დედა და დედაჩემი ძველი მეგობრები არიან და ვიცი, რა ვერსიაც ჰქონდა ოჯახს, მაგრამ მე არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, მაგრამ ამ საქმეს აუცილებლად მოჰყვება კითხვები სააკაშვილთან, ბარამიძესთან, ადეიშვილთან, მერაბიშვილთან და მელნიკოვთანაც, რომელიც გაქცეულია ქვეყნიდან. ჟვანიას მკვლელობას ოქრუაშვილიც მოჰფენს ნათელს. როგორც ცნობილია, მაშინ იქ თავად არ ყოფილა, მაგრამ მისგან მაქვს მოსმენილი, რომ ჟვანიას ცხედარი იმ ბინაში მიიტანეს. ამაზე სააკაშვილს პასუხი არ გაუცია, თუმცაღა ოქრუაშვილის ცუდკაცობაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, გეგონება, მათი გუნდის წევრი არ ყოფილა. არადა, მახსოვს შემთხვევები, როდესაც სააკაშვილის თვალებში შიში დამინახავს.
- ოქრუაშვილის ეშინოდა?
- დიახ, პირად ურთიერთობებში... როდესაც მოიშორეს, მერე დაიწყეს ლაპარაკი, თუ რა ცუდი რაღაცები ჩაუდენია ოქრუაშვილს. თუ ეს ასეა, მაშინ ამის თანამონაწილე დანარჩენებიც ყოფილან. ისიც მახსოვს, ოქრუაშვილი ბარამიძის კაბინეტში შევიდა და უთხრა, ეტყობა აქ ძილის მეტს არაფერს აკეთებო. იმის მომსწრეც ვიყავი, ბარამიძის დაჭერა რომ უნდოდათ და ზურაბ ჟვანიამ გადაარჩინა, როდესაც ვიცე-პრემიერად დანიშნა. ბარამიძემ იცის, რომ მე იმ ოთახში ვიჯექი, როცა ამაზე ზურას ელაპარაკებოდა.
- რა მოტივით უნდოდათ გია ბარამიძის დაკავება?
- ამას ალბათ ირაკლი ოქრუაშვილი იტყვის, იმ დროს უკვე ნათელი გახდა, რომ სააკაშვილისა და ზურას ჯგუფი ცალ-ცალკე იყო. მერე ბარამიძემ მოახერხა და მაინც შეძვრა იქ, სადაც მაინცდამაინც ტკბილად არ ექცეოდნენ.
- საინტერესოა, რატომ აითვალწუნეს?
- იმიტომ, რატომაც ხალხმა აითვალწუნა ისინი... ეს ზიზღი და აგრესია ერთ დღეში ჩადენილი ერთი შეცდომით არ გაჩენილა, ხალხს ყველაფრის წართმევა დაუპირეს. ჩვენი რწმენა ცოტა ზედაპირულია, მაგრამ ბოლომდე დაღუპვის პირას მისული ქართველიც ფიქრობს, - ღმერთო, მაპატიე, იქნებ რამე მეშველოსო. ალბათ ასე ფიქრობს ახალაიაც, რომელიც საკანში წინ და უკან დადის და ბოლთას სცემს. და თუ ასეა, გადარჩენისკენ ერთი ნაბიჯი გადაუდგამს. ამ შანსს ვერ გამოიყენებს სააკაშვილი, რადგან ფსიქიკურად არის ავად.
- პრეზიდენტმა განაცხადა, ჩემს თანაგუნდელებს დასავლეთში წასვლა კიდეც რომ უნდოდეთ, ამის ფული არ აქვთო...
- ბუნებრივია, ენდომებათ წასვლა. მამა-შვილ გაბაშვილებს ერთი სული ექნებათ, აქაურობას გაეცალონ, რადგან სააკაშვილის პოლიტიკის "შემფუთველები" იყვნენ. თმა ყალყზე დაგიდგებათ, ციხიდან გამოსულ ადამიანებთან ერთი საათიც რომ გაატაროთ. ან ჩუმად არიან და არაფერს ჰყვებიან, ან ისეთებს ჰყვებიან, სისხლი გაგეყინებათ. ერთ ოთახში 18 ტიტველი კაცის ჩაკეტვა და ათასი საზიზღრობა... ამათთვის რომ ეკითხათ, ევროსტანდარტების დონის ციხეები ჰქონდათ.