”ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი კიდევ შეიცვლება

”ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი კიდევ შეიცვლება

27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ”ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის ძირითადი პრინციპები. სამსაათიანი სხდომის შემდეგ გაირკვა, რომ კომიტეტი გაითვალისწინებს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, რომლებიც კანონპროექტის განსახილველ ვერსიაში ჩადებული არაერთი მუხლის ამოღებას ეხება. ამ ცვლილებების მიღებისა და დამტკიცების შედეგად, სავარაუდოდ, შემცირდება იმ პატიმართა რაოდენობა, რომლებსაც ამნისტია შეეხებათ. თავად კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, შენიშვნების ნაწილს დაეთანხმა, გარკვეული კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებული პირების მიმართ კი კომიტეტის წევრებს და დისკუსიაში მონაწილე მთავრობისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს მეტი ლიბერალურობის გამოჩენისაკენ მოუწოდა.

კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიასა და კომიტეტის წევრების ჩიორა თაქთაქიშვილისა და მარიამ საჯაიას საკმაოდ ხანგრძლივი კამათის ფონზე მიმდინარეობდა 27 ნოემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა, რომელზეც ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ძირითად პრინციპებს განიხილავდნენ. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი დასაშვებზე მეტი რაოდენობის პატიმრის გამოშვებას და მათთვის სასჯელის შემსუბუქებას ითვალისწინებს, მისი ავტორები და მხარდამჭერები კი ფიქრობენ, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმს უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა და ისინი უნდა გათავისუფლდნენ. კომიტეტის თავმჯდომარის და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ეკა ბესელიას აზრით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს არასრუწლოვანთა და ქალთა, ნაკლებად მძიმე დანაშაულებების ჩამდენთა, ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ - მუხლების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია. წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენელმა კახა წერეთელმა შენიშვნების შსს-სა და სასჯელაღსრულების სამინისტროსთან შეჯერებული ვერსია წარმოადგინა. პროკურატურის აზრით, ამნისტია არ უნდა შეეხოს მთელ რიგ მუხლებს, რომელთა ჩამონათვალიც საკმაოდ გრძელი იყო. მაგალითად, კახა წერეთლის თქმით, პირობით მსჯავრდებულებს არ უნდა მოეხსნათ მთლიანად ნასამართლეობა; პროკურატურა არ ფიქრობს, რომ უნდა გათავისუფლდნენ სამოხელეო დანაშაულში მსჯავრდებული პირები; ასევე პროკურატურას მიაჩნია, რომ მხოლოდ პირველი ნასამართლეობის შემთხვევაში შეიძლება გათავისუფლდეს არასრულწლოვანთა ნაწილი, მძიმე დანაშაულის ჩამდენები კი ამნისტიას არ უნდა დაექვემდებარონ.

ასევე უნდა მოხდეს, კახა წერეთლის აზრით, გაუფრთხილებელი დანაშაულის - ავარიების - შემთხვევაშიც: აქ დაზარალებულთა ინტერესებიც უნდა იყოს დაცული და მთლიანად არ უნდა გათავისუფლდნენ ეს ადამიანები. პროკურატურა არ არის მომხრე ამნისტია შეეხოს კონკრეტული მუხლების ცალკეულ ნაწილებს - ძარცვასა და ქურდობაში მსჯავრდებულებს, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს კრიმინოგენული ვითარების დაძაბვა და ა.შ.

სასჯელაღსრულების მიერ მომზადებული სტატისტიკა კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ გიგა გიორგაძემ წარმოადგინა, თუმცა იქვე მიუთითა, რომ ეს ციფრები შეიცვლება მას შემდეგ, რაც კანონპროექტში ცვლილებები შევა. მას ასევე მოაკლდება 23 ნოემბერს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა რაოდენობა:

”20 500 მსჯავრდებულიდან - წინასწარი მონაცემებით, ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებიდან - ამნისტია შეეხება დაახლოებით 2 000 ადამიანს. ამ სიაში შეტანილი არ არიან პირობით ვადამდე გათავისუფლებული ადამიანები, ასევე შეწყალებული პატიმრები, ანუ ისინი გამოაკლდებიან ამ სიას. 1000 ისეთი პატიმარია, რომლებსაც აქვთ შერეული მუხლი წაყენებული, განსაკუთრებით მძიმესთან ერთად ნაკლებად მძიმე, და ეს უკანასკნელი მოეხსნებათ, მძიმე ბრალდება კი დარჩებათ. 3500 პატიმარს სასჯელის განახევრების შემთხვევაში ექნება იმის საფუძველი, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას მიმართოს და ეს კომისია ინდივიდუალური შეფასების შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას, ხოლო მათი რიცხვი, ვისაც შეეხება სასჯელის ერთი მესამედით შემცირება, არის 1500 პატიმარი”.

მთავრობა შენიშვნებს კანონპროექტის შესახებ წერილობითი სახით წარმოადგენს. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ ზოგადად ამნისტიას, როგორც ჰუმანურ აქტს, მთავრობა მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ამნისტიის გავრცელება პირობით მსჯავრზე გადასახედია. მან კომიტეტის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ ამნისტია შედეგზე ორიენტირებული იქნება მაშინ, თუ ის კონკრეტულ სტატისტიკას დაეყრდნობა.

 შენიშვნების უმრავლესობას დაეთანხმა კომიტეტის თავჯდომარე და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ეკა ბესელიაც:

”ვფიქრობ, რომ ბევრი მათგანი გასათვალისწინებელია. უკვე ჩვენ გვაქვს სტატისტიკაც, რაც აქამდე არ გვქონდა და რაც გვაძლევს საშუალებას ამოვიღოთ ისეთი მუხლები, რომლითაც გასამართლებული მსჯავრდებული საერთოდ არ გვყავს; ასევე ის დანაშაულები, რაც ადამიანის სიკვდილით დასრულდა, ასევე ის დანაშაულები, რომლის თაობაზეც საზოგადოება ფიქრობს, რომ მომეტებული საფრთხე არსებობს, ამოვიღოთ ამნისტიის კანონპროექტიდან”.

თუმცა ეკა ბესელიამ ისიც თქვა, რომ არის დანაშაულებები, მაგალიათად, ეკონომიკური შინაარსის, რომლის მიხედვით გასამართლებული ადამიანები უნდა დაექვემდებარონ ამნისტიას.

”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ჩიორა თაქთაქიშვილისათვის თავისთავად ის ფაქტი, რომ, წინასწარი მონაცემებით, ამნისტია მთლიანად 8000 პატიმარს შეეხება (მათგან ნაწილს სასჯელი შეუმსუბუქდება, ნაწილიც დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას), საფრთხის შემცველია:

”შემოგვთავაზეს ისეთი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ამნისტია ეხება დანაშაულს, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ასევე მიუღებელია ამ ნუსხაში მოხვდეს ორგანიზებული დანაშაულები. ასევე არ უნდა შევიწყალოთ იმ დანაშაულში მსჯავრდებული პირები, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას”.

27 ნოემბერს ამნისტიის კანონპროექტის თაობაზე განცხადება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმაც გააკეთა. მან თქვა, რომ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით ორგანიზაციისა და აღმასრულებელი სტრუქტურების პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა. პარლამენტი მას იმ სახით, როგორითაც ამ ეტაპამდე იყო წარმოდგენილი, არ მიიღებს. როგორც ცნობილია, საიას კრიტიკა ეხებოდა კონკრეტული მუხლების შერჩევის პრინციპებს და იმას, თუ რამდენ პატიმარს შეეხებოდა ამნისტია.