საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი. ვიზიტის ფარგლებში, რუბინი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, უშიშროების საბჭოს მდივანსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. დაგეგმილია შეხვედრები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ერიკ რუბინი, აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ერიკ რუბინმა 27 ნოემბერს გამართული 3 ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი მხოლოდ ერთხელ გაკეთა. შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, უშიშროების საბჭოს მდივანსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან დახურულ კარს მიღმა წარიმართა. ბიძინა ივანიშვილმა ერიკ რუბინთან გამართული თითქმის ერთსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან მისი უკვე მეორე შეხვედრა გაცილებით მეგობრული იყო და საუბარი ხშირად დიპლომატიურ ჩარჩოებსაც სცდებოდა:
”ჩვენ კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ ორმხრივი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის და იმედი გამოვთქვი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ურთიერთობები უფრო გაღრმავდება და დავარწმუნე, რომ გაცილებით საიმედო და კომფორტული იქნება ჩევნი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც იქნება ძალინ დიდი მცდელობა იმისა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მივაღწიოთ ჩვენს დიდ მიზნებს - გავხდეთ ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცის რეალური წევრი”.
ერიკ რუბინმა კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აშშ-ის დიალოგი საქართველოსთან გაგრძელდება და კვლავაც დაეფუძნება იმ ჩარჩოს, რომელსაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ქმნის. ვიზიტის პირველი მიზანი კი ერიკ რუბინმა ასე ჩამოაყალიბა:
”უნდა განვიხილოთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები, უსაფრთხოება და კონტაქტები სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის ფარგლებში. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი იმისათვის, რომ, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ხელი შევუწყოთ საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ. განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა ავღანეთის და სხვა საკითხების მიმართულებებით, სადაც ქართველები და ამერიკელები ერთად მუშაობენ და მსახურობენ. ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ის”.
ერიკ რუბინისვე სიტყვებით, მისი ვიზიტის მიზანია ასევე საქართველოს დახმარება მის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების მიღწევაში. ეს შეეხება ეკონომიკურ გაძლიერებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რასაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება უნდა მოჰყვეს. ამასთან, ერიკ რუბინმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები კვლავ მხარს დაუჭერს საქართველოს პოზიციას ჟენევის მომდევნო რაუნდზე, რაც გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას.
საქართველოში 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეცვლილი ხელისუფლების პირობებში შეერთებული შტატებისა და ევროპის მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტების ინტენსივობა, ”ევროპული კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელს კახა გოგოლაშვილს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო დასავლელი პარტნიორების ყურადღების ცენტრში კვლავ გამოკვეთილ ადგილს იკავებს. მისი სიტყვებით, საქართველო, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, უპირველესად სწორედ თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით დახმარების მოლოდინშია - მათ შორის იგულისხმება მატერიალური და ტექნიკური დახმარებაც. რადგან პრესისა და საზოგადოებისთვის შტატებსა და საქართველოს ურთიერთობა კონკრეტულად თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში დახურული თემაა, არ არის ცნობილი საკითხების ზუსტი ჩამონათვალი, თუმცა კახა გოგოლაშვილს არ ეჩვენება, რომ შეერთებული შტატები საქართველოსთან მიმართებით თავისი პოლიტიკის გადახედვას აპირებს ან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების კორექტირებას გეგმავს, თუ რაიმე საგარეო და საშინაო სახის რადიკალური ცვლილებები არ მოხდება. ეს შეიძლება იყოს რუსეთთან ურთიერთობების განსხვავებული ხედვა - აქ იგულისხმება არა სავაჭრო და კულტურულ -საზოგადოებრივი ურთიერთობების გაღრმავება, არამედ პოლიტიკური კურსი. ამავე დროს, კახა გოგოლაშვილის სიტყვებით, ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებზე გავლენის მომხდენი იქნება ქვეყნის შიდა სტაბილურობის ფაქტორი:
”შეერთებულმა შტატებმა, ჩემი აზრით, უკვე რამდენიმე თვის წინ მიიღო რაღაც გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც უნდა განახლებულიყო სამხედრო დახმარება საქართველოს მიმართ და ეს დამხარება, ალბათ, მიიღებს სერიოზულ ხასიათს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ, საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარება, თუ თავდაცვაზე ვსაუბრობთ, და აქაც იყო გარკვეული მინიშნებები, რამდენადაც მახსოვს, და, ალბათ, ამ მიმართულებით გაგრძელდება საუბარი - და არამარტო საუბარი, შესაძლებელია რეალური დახმარებაც მივიღოთ ამ მიმართულებით”.
მაგრამ ამას ხელი შეიძლება შეუშალოს ქვეყანაში სტაბილურობის ნიშნების შესუსტებამ ან მისმა გაქრობამ, მაშინ შტატები თავს შეიკავებს სერიოზული დახმარებისაგან, ამბობს კახა გოგოლაშვილი. ამ აზრს სავსებით იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია. ის მიმდინარე წლის თებერვალში შტატებში პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაჩნდა შტატებსა და საქართველოს შორის სამხედრო თანაშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა, რასაც შესაბამისი სამუშაო შეხვედრები მოჰყვა, რაც საჭიროებების შესწავლას გულისხმობდა. ივნისში საქართველო-შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ვიზიტად იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც და უახლოეს მომავალში პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი სხდომაა დაგეგმილი. ელენე ხოშტარიას სიტყვებით, ეს პროცესი ლოგიკურად შტატების მხრიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს რეალური დახმარებით უნდა დასრულდეს:
”რაც მთავარია, გაჩნდა ახალი თემა - ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. მანამდე, ძირითადად, საუბარი იყო ჩვენს დახმარებაზე საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისთვის. მხოლოდ თებერვალში გაჩნდა ეს ახალი მიმართულება - ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, რაც ჩვენი უსაფრთხოების უპირველესი საჭიროებაა. მე ვფიქრობ, ამას უდიდესი პოტენციალი აქვს. მთავარია, პოლიტიკური პროცესი წარიმართოს სწორად”.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი, აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა. ერიკ რუბინი საქართველოს 29 ნოემბერს დატოვებს.