საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემცირებით ხელისუფლებამ სამარცხვინო და ხალხის აბუჩად ამგდები გადაწყვეტილება მიიღო. დედაქალაქში მოქმედი 125 ხაზიდან მხოლოდ 92 დარჩა. ახლა რამდენი ავტობუსი გაყვა ამდენ გაუქმებულ ხაზს, თავად განსაჯეთ.
მუნიციპალური ტრანსპორტი 1 ნოემბრიდან შემცირდა. მას შემდეგ ყვითელ ავტობუსებში ისეთი ამბები ტრიალებს, „საინტერესო“ 90–იანებს რომ გაგახსენებს. ტრანსპორტში ასვლა ხალხს სერიოზული ძალისხმევის ფასად უჯდება. თუ მოახერხე და ახვედი, მერე უკან ჩამოსვლა ლამის შეუძლებელი ხდება.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყველაფერი ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება. თუმცა ამათ გადამკიდე ხალხს სიტყვა „კეთილდღეობის“ შინაარსი დავიწყებია. თუ ყოველდღიურად გადატენილ ავტობისში მუჯლუგუნებით და მამაპაპური წყევლა–კრულვით მგზავრობა „კეთილდღეობაა“, მაშინ სრულ „ნირვანამდე“ მიღწევას აღარაფერი უკლია.
პოლიტიკური ოპოზიცია, როგორც ჩანს ხელისუფლების „კეთილ განზრახვებს“ ვერ მიხვდა. იმის მაგივრად, რომ გადატენილი ავტობუსების დანახვა გახარებოდა, ერთი ამბავი ატეხეს. საქართველოში ფაქტიურად პარტია არ დარჩენილა, რომელმაც ეს ფაქტი არ გააპროტესტა.
ყვითელი ავტობუსების გაქრობას მედიაში უამრავი ჭორი და სიმართლე მოჰყვა. ათასი ვერსია და ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, ბიუჯეტში ფული აღარ არის, მერია მუნიციპალურ ტრანსპორტს ვეღარ აფინანსებს და ამიტომ შეამცირა ავტობუსები.
მეორე ვერსიით, უნდათ, რომ ხალხმა გადაჯდომებით იმგზავროს და ამით მეტი ფული ამოიღონ. მესამე ვერსიით კი, ვიღაცამ მარშრუტკების ბიზნესი დაიწყო და მისი ხათრით შემცირდა ავტობუსები.
ოპოზიციამ ხელისუფლებისგან სატრანსპორტო მომსახურების შეზღუდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გადახედვა მოითხოვა. რადგან „ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით მოქალაქეებს დროსთან და ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემები შეუქმნა“.
ოპოზიციის შეფასებით, კიდევ უფრო სამარცხვინო ხდება ხელისუფლების პოზიცია, როდესაც იგი ამ გადაწყვეტილების მოტივად ეკოლოგიურ დაბინძურებას და მგზავრთა რაოდენობის სიმცირეს ასახელებს. აღშფოთებული მოქალაქეები გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვენ, თუმცა ამაოდ.
ცნობისთვის, მერიის მიერ 2007 წელს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისთვის გამოყოფილი თანხა 9 მლნ ლარს შეადგენს; 2008 წელს – 26 მლნ-ს; 2010 წელს კი – 38 მლნ ლარს. საკრებულოს წევრ თინა ხიდაშელს თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან კონკრეტული კითხვები აქვს, რომლებზე პასუხიც დღემდე ვერ მიიღო.
„აი ამ ფონზე, როდესაც 9-დან 38 მილიონამდე იზრდება დაფინანსება, თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ თურმე ავტობუსების მოხმარება არის დაბალი. მაშინ მე ვკითხულობ, თუ მოხმარება არის დაბალი, მაშინ სუბსიდიების ხელოვნური მიწერა ხდებოდა და ფულს იპარავდნენ;
თუ მოხმარება არის მაღალი და, შესაბამისად, ფული იყო საჭირო, მაშინ ახლა მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ ხდება ამ ხაზების გაუქმება, ამიტომ გაგვაგებინონ, რაღაცას რომ აკეთებენ, რატომ აკეთებენ და სად მიდის ის 38 მილიონი ლარი, რომელსაც ყოველწლიურად ბოლო თეთრამდე ხარჯავენ“, – კითხულობს თბილისის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ დეპუტატი.
უკმაყოფილებას ვერ მალავენ მგზავრები, რომლებიც პრობლემას ყოველდღიურად და მტკივნეულად ეჯახებიან:
„გარდა იმისა, რომ გააუქმეს და შეცვალეს ხაზები, ზოგიერთ ხაზზე ავტობუსთა რაოდენობაც შეამცირეს. მაგალითად, 59-ზე 8 ავტობუსიდან 5 დატოვეს. ძალიან უკმაყოფილოა ხალხი ამ ნომრის მოძრაობით და მძღოლს რომ შესჩივლეს, მან რაოდენობა შეამცირესო უპასუხა. ალბათ ანალოგიურად შემცირდებოდა დარჩენილ ავტობუსების რაოდენობაც, რაც ამავდროულად ძალიან აფერხებს მგზავრობას. საოცარია თუ რატომ ხდება ესე. ხალხს ნერვებს უშლიან“, – ამბობს ნანა ესვანჯია.
„ორი წლის დაგებული ასფალტი იყრება და ტრამვაის რელსებთან ერთად ესენი მაგის დამგებები არიან? დიდ ფულს მოტეხავენ ვიღაცეები. კი სჯობია, მაგრამ აი ამ მაგრამში არის მთელი პრობლემები. იმ ავტობუსებს რას უპირებენ, ნაგავში მილიონები რომ მიათხლიშეს?“, – ამბობს ბექა ნუროშვილი.
„კობა ბექაურის გაკეთებული თანამედროვე ტრამვაი ცოტა ანეკდოტური ხომ არ გეჩვენებათ. მერე იმასაც იტყვიან, რა გინდათ ბექაურისგან, მაგას ჯეელობაში „სავეცკამუ ტრამვაიუ 70 ლეტ“ აქ წაკითხული და ტენდერი დამსახურებულად მოიგოო“.
„რამდენ დღეში გადავარდება რელსებიდან მიშას ტრამვაი? მოიცა ტრამვაი ჯერ არ დადის და იქნებ ვინმემ ამიხსნას, ავტობუსები რატომ შემაცირეს? დიდი ფეხბურთიდან ავტობუსები რომ იყო დატვირთული თამაშის შემდეგ და ერთი ფეხით რომ იყვნენ ჩამოკიდებულები, ეგეთი პონტია?“
„ამ ოპოზიციონერებს არაფერი არ მოგწონთ. ჯერ ტრამვაი რატომ გააუქმეთო, ახლა კიდევ ახალთ-ახალი ტრამვაი გექნებათ და ეგეც არ მოგწონთ. იქნებ ბოლო ბოლო ჩმოყალიბდეთ რა გინდებლარიანთ? ისა და, ეგებ ჯერ ფუნიკულერის ტრამვაი გაეკეთებინათ, რელსები კია უკვე მიყვანილი“, – ამბობს ნიკა კილანავა.
„ხალხი ძალიან წვალობს ავტობუსებში. მგზავრობა ორმაგი–სამმაგი ფასი უჯდება მარშრუტების სიგრძის შემცირების გამო. ავტობუსები დადიან 20–30 წუთში ერთხელ, გატენილია და „სალონში“ ერთი გამიშვი–გამატარეა. არ შეიძლება არჩევნებს შორის საკუთარ ხალხთან ასე მტრობა. ავტობუსი გამოუშვით თქვე ფარჩაკებო“, – ამბობს კუკური ბოგდანოვიჩი.