როგორ “აახია” ბიზნესი თეიმურაზ ალიბეგაშვილს და როგორ გახდა ქვიშის კარიერის “გენერალი” ცეზარ ჩოჩელი

როგორ “აახია” ბიზნესი თეიმურაზ ალიბეგაშვილს და როგორ გახდა ქვიშის კარიერის “გენერალი” ცეზარ ჩოჩელი

ქსნის კარიერის ყოფილი მფლობელი, პატიმრობიდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული, 55 წლის თეიმურაზ ალიბეგაშვილი თავს “ნაციონალთა” გაუმაძღრობის მსხვერპლად მიიჩნევს და, ექსკლუზიურად “ქართულ სიტყვასთან”, ბიზნესის წართმევისა და ოჯახის განადგურების სქემაზე
საუბრობს:

- შსს-ს სტრუქტურაში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი მაქვს _ წლების განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციული სამმართველოს პოლიციის უფროსი ვიყავი. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მძიმედ დავიჭერი და 2001 წელს, ინვალიდის სტატუსით, თადარიგში გავედი, მაგრამ მხოლოდ პენსიის იმედზე ვერ ვიქნებოდი და, როცა გამოვჯანმრთელდი, გადავწყვიტე, კერძო ბიზნესი დამეწყო. დანაზოგი არ მქონდა, ამიტომ, უძრავი ქონება გავყიდე, სესხიც ავიღე, საქმეში რომ ჩამედო და ყველაფერი, პრაქტიკულად, ნოლიდან დავიწყე და წარმატებასაც მივაღწიე. შემდეგ, ქსანში კარიერი ვიყიდე, ქვიშა-ხრეშის წარმოების ლიცენზია ავიღე და 2008 წლამდე საქმე კარგად მიდიოდა. ბიზნესის დატერორების ნიშნები მანამდეც არსებობდა, მაგრამ არავინ შემხებია _ შეიძლება იმიტომ, რომ ჩემს კომპანიას მილიონიანი და მილიარდიანი ბრუნვა არ ჰქონია. აგვისტოს ავბედითი ომის შემდეგ, არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ფაქტია: ჩემი ბიზნესი ვიღაცის ინტერესს არ დაემთხვა...

 ყველაფერი კი, ასე დაიწყო: სამსახურში ნუკრი ალიმბარაშვილი მივიღე - არსად მუშაობდა, შემეცოდა და გვერდში დავიყენე. ახლა რომ ვაანალიზებ, ვხვდები, სპეციალურად იყო “შემოგდებული”, მაგრამ მაშინ ამას ვერ წარმოვიდგენდი. მოკლედ, ამ ადამიანმა თანამშრომლების დაშინება, ქურდული მეთოდით “წილებში ჩაჯდომით” დაიწყო და თანხა, რაზეც ხელი მიუწვდებოდა, დაიტაცა. როცა ეს გამოვარკვიე, სამსახურიდან გავუშვი და ფირმის კუთვნილი ავტომანქანა, რომლითაც სარგებლობდა, მოვთხოვე, მაგრამ ავტომანქანის დაბრუნებაზე უარი განაცხადა და დამემუქრა, ნაძაღლარი ხარ, საქმეში ქურდებს ჩავრევ და ყველაფერს “აგახევთო”.... არ მინდოდა, რამე შარში გავრეულიყავი და კუთვნილი მანქანის დასაბრუნებლად პოლიციას მივმართე. მცხეთის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, სამართალდამცავებმა კარგად იმუშავეს - მანქანა დამიბრუნეს, თუმცა გადასაგდები იყო. ის თანხა კი, რაც კარიერიდან ჰქონდა აღებული, შერჩა. საქმეც ამიტომ არ დაიხურა.

ამ ამბიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, დამიჭირეს, ანუ 2008 წლის 19 თებერვალს ალიმბარაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც “ტოიოტას” მარკის “ჯიპის” თაღლითური გზით მითვისებასა და დაზიანებას ეხებოდა, მე მომიტრიალდა. არადა, ალიმბარაშვილი დანაშაულს აღიარებდა. სასამართლოზე ალიმბარაშვილის საქმის ამოღება მოვითხოვე, მაგრამ ეს საქმე გამქრალი აღმოჩნდა და ჩემს სასამართლოზე ალიმბარაშვილი დაზარალებულის სტატუსით წარსდგა.

ბატონო თეიმურაზ, ალბათ, რაღაც გეშლებათ, თორემ ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, დაზარალებულად როგორ იქცა?
- საქმეში ნუკრი ალიმბარაშვილის კრიმინალური ქმედება _ მანქანის წართმევა და თანხის მითვისება აღარ ფიგურირებს და ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა შემოტრიალებული, ანუ თითქოს საგადასახადოს გადასახადს ვუმალავდი. ვიდრე დამიჭერდნენ, კომპანიაში ფინანსური პოლიცია შემოვიდა და სწორედ მისი დახმარებითა და პროკურატურის ჩარევით მოახერხა ნუკრი ალიმბარაშვილმა საბუთების გადამალვა და მასზე აღძრული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შეწყვეტა. ყველაზე საინტერესო ისაა, თუ რა გარიგება მოხდა მათ შორის: ნუკრი ის ადამიანი არ იყო, სახელმწიფო სტრუქტურებზე ვინც ზემოქმედებას მოახდენდა, თუმცა, როგორც ციხიდან გამოსვლის შემდეგ გავარკვიე, ჩემი მოცილება მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელის ინტერესში შედიოდა და ალიმბარაშვილიც სწორედ მას გაურიგდა.

ჩემი დაპატიმრების შემდეგ, საწარმო გაჩერდა. გამომძიებელმა მევლუდ ბაკაშვილმა მითხრა, შენზეა დამოკიდებული შენი კარგად ყოფნაო. ვკითხე, რა გინდათ, საწარმოს 50 პროცენტი-თქო? გაეცინა, ოღონდ გარეთ იყვნენ და 100 პროცენტზე გვეხვეწებიან, შენ კარგად ყოფნა არ გდომებიაო. მაშინ ჯერ კიდევ მეგონა, რომ საწარმო შევინარჩუნე და პატიმრობას აღარ ვჩიოდი, ჩემს შვილებს მაინც დარჩება, გაყიდიან და უსახლკაროდ არ იქნებიან-მეთქი. ამ დროს კი, ჩემი კარიერი გაყალბებული საბუთებით, თურმე, უკვე კრიმინალ ნუკრი ალიმბარაშვილისთვის ჰქონდათ გადაფორმებული. ამის გამო, საწარმოს ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნერვიულობისგან, გული გაუსკდა. ერთმა დამფუძნებელმა, ნელი ბეგიაშვილმა კი, როცა ნახა, რომ კარიერიდან მასალა უნებართვოდ გადიოდა, ნუკრის პასუხი მოსთხოვა. ალიმბარაშვილმა მიუგო, ჩემგან რა გინდათ, პასუხი ჩოჩელს მოსთხოვეთო.
ცეზარ ჩოჩელმა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, თავის ქვიშა-ხრეშის ქარხანა ჩემს მოპირდაპირე მხარეს გადმოიტანა და, კარიერის სახით, მასალა ხომ უნდოდა? კარიერი ჩემი საკუთრება იყო. ამიტომაც, ამუშავდა ზემოხსენებული სქემა. კარიერიდან 60 ათასი კუბია გატანილი, ყველაფერი განადგურებულია. ჩოჩელისა და ალიმბარაშვილის გარიგების არსი, სავარაუდოდ, ასეთი იყო: ჩოჩელი, კარიერის მასალის სანაცვლოდ, ალიმბარაშვილს მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტაში დახმარებას დაპირდა, მოასყიდინა შესაბამისი ორგანოები _ არაა გამორიცხული, მცხეთაში ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი მიეცა და ალიმბარაშვილს თაღლითობის საქმე გაუქრეს, რაც დიდი დანაშაულია. ყველაფერი ეს ახლა გავარკვიე, პროკურატურაში სარჩელიც უკვე შევიტანე და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ როგორ მოხდა გარემოს დაცვის სამინისტროს მეშვეობით ალიმბარაშვილზე კარიერის ლიცენზიის გადაფორმება. ამასთან, საქმის დამალვის გამო, გამომძიებლები _ მჟავანაძე და ბაკაშვილიც უნდა დაისაჯონ.
ყველაზე დიდი დანაშაული კი, სასამართლომ ჩაიდინა, რა თქმა უნდა, _ პროკურატურის დავალებით: ციხიდან წამიყვანეს სასამართლოში, თანამშრომლები დაკითხვას ითხოვდნენ, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს. საპროცესოზე დათანხმების შემთხვევაში, ხომ იცით, რა ხდებოდა? _ მუხლს მუხლზე გიმატებდნენ, მეტი რომ გადაგეხადა. ამიტომ საპროცესოზე უარი ვთქვი. მოკლედ, 3 წელი და 9 თვე მომისაჯეს. მოსამართლე დიანა გოგატიშვილმა ყველაზე დიდი უსამართლობა ჩაიდინა _ პროკურატურის ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულა!
სასამართლო პროცესზე ბუღალტერი ხუთჯერ მოიყვანეს, მაგრამ ჩემს საწინააღმდეგოდ არაფერი თქვა, მეექვსედ კი, ხელი დაადებინეს, თითქოს საბუთების გაყალბება დავავალე _ მასაც დაჭერით დაემუქრნენ. ადვოკატი ოლღა გეჯაძე, რომელიც სახაზინო წესით მიუჩინეს, პირდაპირ ჩემს თვალწინ  აიძულებდა ბუღალტერს ყალბი ჩვენების მიცემას, ეუბნებოდა, თუ ამას არ იტყვი, აღარ დაგიცავო?!

ციხეში თქვენზე ზეწოლა ხდებოდა?
- ვიდრე მომისჯიდნენ, გლდანის მე-8 დაწესებულებაში ვიყავი... სხვა საკნებიდან წამების ხმები მესმოდა. “დვიჟოკს” რთავდნენ, “მაყუჩს” აძრობდნენ, რომ უფრო დიდი ხმა ჰქონოდა და პატიმრების ყვირილი გადაეფარათ... მაშინ ციხეს “ქილერა” მართავდა. ასევე, სისასტიკით იყო ცნობილი “ცხრათითაც” - კახა ყალიჩავა. ახლა უნდათ, ბედუკაძეც ჯალათად გაასაღონ, მაგრამ მხოლოდ მისი მორიგეობის დროს იყო გლდანის ციხეში სიწყნარე. მის “სმენაში” სხვა ბადრაგებიც შედარებით კარგები იყვნენ...
გლდანის ციხიდან ავჭალაში გადამიყვანეს, ბოლოს, “მატროსოვზე” ვიყავი, სადაც, მართლაც, ადამიანური პირობები იყო... ისე, გარეთ რომ გამოვედი, უფრო შემეშინდა, რადგან ქუჩაში ბევრი გაბოროტებული დადის. ციხეში 20-25 პროცენტი ნამდვილად დამნაშავე “ზის”, დანარჩენი კი, ოჯახის ხალხია და ქვეყანას საფრთხეს ვერ შეუქმნის.
 ციხეში, შეიძლება, ფიზიკურად არ მაწამეს (თუ არ ჩავთვლით ინსულტს, რომელიც იქ დამემართა), მაგრამ ფსიქოლოგიურად გამანადგურეს - ჩემი დაჭერიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემი 25 წლის ვაჟიც დაიჭირეს. მესამე წელია, სასჯელს იხდის და საღსალამათი ბიჭი გაანადგურეს _ ცალ ფილტვში ჩირქი აქვს, ტუბერკულიოზიით დაავადდა. რამდენჯერმე აწამეს და ახლა ქსნის ტუბზონაში ელოდება ახალი მთავრობის გადაწყვეტილებას. ჩემი შვილი იმიტომ დაიჭირეს, რომ იცოდნენ, ჩემს ქონებაზე პრეტენზია ექნებოდა - დაკავებამდე ერთი თვის განმავლობაში ბათუმის კუდ-ის სამი მანქანა დასდევდა, ერთ-ერთი “კუდელი” დევაძე იყო. ჩემს ვაჟს პირობითი ჰქონდა და ფრთხილობდა, რამე საბაბი არ მიეცა. პრობაციის სამსახურსაც აცნობა, “დამყვებიანო”... ბოლოს, “ტაქსისტი” მიუგზავნეს, რომელმაც ბათუმში ჩასულების გინება დაიწყო. არ ესიამოვნა ჩემ შვილს და შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც, “ტაქსისტმა” მასაც შეაგინა. ჩემმა ბიჭმა მამისტოლა კაცს ვერ დაარტყა და ფეხი მანქანის კარზე მიურტყა. მოკლედ, სხვისი ნივთის დაზიანებისთვის დაიჭირეს. პირობითიც გაუმთელეს და 7 წელი მისცეს.

ციხეში თქვენს ვაჟზე ვინ ძალადობდა?
- ჯერ ბათუმში იყო, გაუსაძლის პირობებში, პირველად იქ სცემეს, ვინმე კონცელიძემ ჩაუმტვრია ხერხემალი. მეორედ კი, გლდანის მე-18 დაწესებულებაში, “რეზბალნიცაში” აწამეს, რადგან ორგანოების გაყიდვაზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა. მისი ნათქვამი რომ არავის დაეჯერებინა, გიჟად გამოაცხადეს. როგორც თავად მითხრა, ვაჟა ცხვედიანმა და გიორგი ავსაჯანიშვილმა ჩაიყვანეს “რეზბალნიცის” მორგში, მკვდარზე მიაბეს და თვალებში აყრიდნენ სიგარეტის ფერფლს. ამიტომ, ერთი თვალიდან ვეღარ ხედავს, ცემისგან, როგორც გითხარით, ხერხემალი გამრუდებული აქვს. 27 წლისაა და, პრაქტიკულად, ნახევარი სიცოცხლე წაართვეს. ისე, ამინისტია მხოლოდ იმათ არ აწყობთ, ვინც ცრუ ჩვენებები მისცეს და ამის გამო ციხეში უამრავი ადამიანი აღმოჩნდა!