ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრიუსელში ვიზიტის გამო მისი საქართველოში ოთხი დღით არყოფნა ქვეყანას ძვირი დაუჯდა. პრემიერმა ამ მიზეზით აშშ-ში ვიზიტი გადადო და აღნიშნა, რომ "ვერტიკალია გასამაგრებელი".
"ვერტიკალის გამაგრება" ალბათ, პირველ რიგში საკადრო საკითხების მოგვარებას გულისხმობს, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში უკვე ბევრი კითხვა გაჩნდა.
საინტერესოა, ვინ "დათარსა" "ქართული ოცნება". ვითომ ამირან გამყრელიძემ, რომელიც მინისტრობის კანდიდატობიდან "გადადგა"? არადა, კაცს ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეხვედრები ჰქონდა გამართული და თანამშრომლებს "აშინებდა" - ჩემთან მუშაობა ადვილი არ არისო.
ასევე, კახი კალაძე მთავრობის დამტკიცებამდე ინფრასტრუქტურულ და რეგიონული პროექტებზე აკეთებდა კომენტარს, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროში აღმოჩნდა.
გია ქავთარაძე ამაყობს, რომ იუსტიციის სახლი მისი პროექტია. თუმცა ალბათ, მას ამ პროექტით კი არა, იმით გაიხსენებენ, რომ მინისტრის მოადგილე ყველაზე ხანმოკლე ვადით იყო. ქავთარაძემ ენერგეტიკის სამინისტროში სულ 3-4 დღე იმუშავა, სანამ პრესას არ გაახსენდებოდა, "რომ "ციხის ბუნტისას" ის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო. ქავთარაძე თანამდებობას და ჟურნალისტებს გულის ამაჩუყებელი უსტარით დაემშვიდობა.
კულტურის მინისტრის მოადგილის შერჩევის საკითხი კი, ლამის სპორტულ შეჯიბრებად იქცა - ოღონდ ქულების ნაცვლად, ხელმოწერები უნდა შეგეგროვებინა და გურამ ოდიშარიასთვის საკუთარი კანდიდატურა შეგეთავაზებინა. ბოლოს და ბოლოს, დაინიშნენ მოადგილეები და თითქოსდა სიტუაცია დაწყნარდა.
თუმცა შემდეგ მეორე სერია დაიწყო - ინტერნეტში ხან ნახევრადტიტველი იური მეჩითოვის ვიდეოები თუ სურათები ვრცელდება, ხან ოდიშარიას მეორე მოადგილის ხათუნა ხუნდაძის "ფეისბუქზე", რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურ გამონათქვამებს პოულობენ.
საკადრო "კურიოზს" ვერც სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი გადაურჩა. მან სამედიცინო დეპარტამენტის უფროსად გურამ კერესელიძე წარადგინა. მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ ექიმებში კერესელიძეს ცუდი რეპუტაცია აქვს და შესაბამისად, სუბარმა მისი დანიშვნა "გადაიფიქრა".
ცენტრალური ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. რეგიონებში კი პატარ-პატარა "რევოლუციები" ხდება. მაგალითად, ზვიად ზვიადაურის მონაწილეობით, ახმეტის საკრებულომ გამგებლად ოლიმპიური ჩემპიონის ძმაკაცი, ასევე მოჭიდავე, 25 წლის ბექა ბაიდაური დანიშნა. "გადატრიალება" მოხდა მესტიაში, სადაც რაიონის თავკაცი კახა ჟორჟოლიანი გახდა. საზოგადოებაში არის კითხვები, იყო თუ არა ეს შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან.
საკადრო პრობლემები შესაძლოა, აჭარაშიც შეიქმნას. ალბათ, ყველას გვახსოვს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის შერჩევა გაჭიანურდა. საბოლოოდ, არჩევანი არჩილ ხაბაძეზე შეჩერდა. თუმცა არსებული ინფორმაციით, ხაბაძისთვის რთული მისია აღმოჩნდა აჭარის ხელმძღვანელობა და დღის წესრიგში მისი შეცვლის საკითხიც დადგება.
მოკლედ, ვერტიკალი მართლაც გასამაგრებელია. როგორც სტალინი ამბობდა - კადრები წყვეტენ ყველაფერს. ჰოდა, სანამ ამ საკვანძო საკითხს არ მოევლება, მანამდე ივანიშვილი ბრიუსელში თუ ვაშინგტონში ვიზიტისას ყოველთვის ეკლებზე იჯდება.