კორესპოდენტის დიპლომის აღება პროფესიულ სასწავლებელშიც გახდება შესაძლებელი, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს – მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან, კანონში “პროფესიული განათლების შესახებ“ შეტანილი ცვლილებების, პროფესიული სტანდარტის შემუშავების შედეგად, კორესპოდენტის დიპლომი, რამდენიმეთვიანი სწავლების შემდეგ პროფესიულ სასწავლებელშიც შეიძლება აიღო.
ამ საკითხთან დაკავშირებით პრესა.გე ესაუბრა: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების სამსახურის უფროსს მარინა ჟვანიას; “ახალი 7 დღეს“ ერთ–ერთ დამფუძნებელსა და რედაქტორს, ლია ტოკლიკიშვილს; გაზეთ “კვირის პალიტრას“ ჟურნალისტს, იზო რიკაძეს; რადიო “თავისუფლებას“ ჟურნალისტს, ია ანთაძეს; ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის სატელევიზიო ცენტრის ოსტატს, ლუბა ელიაშვილს; რადიო 105–ის დირექტორსა და გაზეთ “რეზონანსის“ წარმომადგენელს, თეა ნადირაძეს; ჟურნალისტ თამარ ჩიქოვანს; “ალია ჰოლდინგის“ ჟურნალისტს, ნელი ვარდიაშვილს; ადამიანის უფლებათა ცენტრის ვებგვერდის http://www.humanrights.ge– ს მთავარ რედაქტორს, ალეკო ცქიტიშვილს და პრესა.გე–ს დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს, გია იაკობაშვილს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ნახავთ კორესპოდენტის პროფესიულ სტანდარტს, გაეცნობით პროფესიული განათლების შესახებ კანონს და აღმოაჩენთ, რომ კორესპონდენტის კვალიფიკაციის მისანიჭებლად, საკმარისია ცხრა კლასის განათლება და 30–კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლა პროფესიულ სასწავლებელში.
რა, როგორ და რამდენ ხანს უნდა ისწავლებოდეს პროფესიულ სასწავლებელში, ამაზე ერთადერთი, გაუგებრობებით სავსე პროექტია წარდგენილი, რომელიც უახლოეს დღეებში შესაძლებელია დამტკიცდეს და ნორმად იქცეს. კორესპონდენტის პროფესიული სტანდარტის პროექტი 30 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტიდან, კონკრეტულმა პირებმა მიაწოდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელმაც პროექტი თავის ვებგვერდზე გამოკიდა.
დაინტერესებულ პირებს პროექტი ამ მისამართზე შეგიძლიათ წაიკითხოთ – www.nea.ge.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განგვიმარტეს, რომ ამ კონკრეტული საკითხით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ განხილვის პროცესში, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება და რომელზეც გაირკვევა, რა უნდათ ამ პროექტის ავტორებს – ცხრაკლასდამთავრებულებმა მიიღონ სამთვიანი პროფესიული განათლება და მუშაობა დაიწყონ საინფორმაციო სააგენტოებში, ინტერნეტმედიასაშუალებებსა და დარგობრივ პრესსამსახურებში, კორესპონდენტის თანამდებობაზე, თუ საშუალო განათლებამიღებულებმა მიაკითხონ პროფესიულ სასწავლებლებს, ისწავლონ 6 თვე და მიიღონ კორესპონდენტის კვალიფიკაცია.
რადგან ეს მსჯელობის საგანია, წარდგენილი პროექტის წაკითხვის შემდეგ უამრავი კითხვის ნიშანი რჩება და მარტივად რომ ვთქვათ, პროექტის ტექსტს ყველა თავისებურად იგებს, ჩვენც ჩვენებურად გავიგეთ. აი, მაგალითად, საქართველოს კანონის “პროფესიული განათლების შესახებ“ შეტანილ ცვლილებებში, კერძოდ, მეშვიდე მუხლის პირველ ნაწილში, შავით თეთრზე წერია, რომ “პირს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე უფლება აქვს, მიიღოს პროფესიული განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესაძენად“. ანუ, ცხრაკლასდამთავრებულს შეუძლია გახდეს კორესპოდენტი, პროფესიულ სასწავლებელში.
კორესპონდენტის პროფესიული სტანდარტის პროექტის ერთ–ერთი ავტორი, ლუბა ელიაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ჩვენეული განმარტება სწორი არ არის. მისი თქმით, პროექტის მიხედვით, კორესპონდენტი მხოლოდ თორმეტკლასდამთავრებული შეიძლება გახდეს, რომელიც “არის ასე ვთქვათ შეგირდი. ის არც სტატიას წერს და არც არაფერს. ეს არის საინფორმაციო სააგენტოებში, ან პრესსამსახურში ინფორმაციის მომგროვებელი და პრესრელიზის დამამზადებელი“.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების სამსახურის უფროსმა, მარინა ჟვანიამ გვითხრა, რომ ეს კონკრეტული საკითხი კორესპონდენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში, როგორც ჩაიწერება, ისე იქნება.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, დავით კერესელიძესთან დაკავშირება და კომენტარის ჩაწერა ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. ამავე ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო შურღაიამ გვითხრა, რომ პროექტი უახლოეს დღეებში დამტკიცდება; მანამდე კი ცენტრის დირექტორი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
“სტანდარტის პროექტი ილიას უნივერსიტეტის სატელევიზიო ცენტრში მომზადდა. ამ პროცესში ჩართული იყო ლუბა ელიაშვილი, ზურა ოშხნელი და ალბათ სხვებიც. ამ სტანდარტების დახვეწის მიზნით, უნდა მოვაწყოთ შეხვედრა ჟურნალისტიკის მიმართულებით. ანუ სტანდარტი შეიძლება შეიცვალოს – საფეხური დაემატოს, მოთხოვნები სხვანაირად ჩამოყალიბდეს. მთავარია რომ რაც მოგვაწოდეს ვებგვერდზე დაიდო, მსჯელობის საგანი იქნება და შემდეგ უკვე პროექტი კონსტრუქციული წინადადებების საფუძველზე გამოსწორდება; დაინტერესებული მხარეები განიხილავენ და შემდეგ დამტკიცდება“, – გვითხრა მარინა ჟვანიამ.
პროექტში წერია, რომ “კორესპონდენტის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 30 კრედიტს, საიდანაც 12 კრედიტი ეთმობა თეორიული დისციპლინების შესწავლას, 36 – სასწავლო პრაქტიკას“. ოცდათექვსმეტს პლუს თორმეტი 30, რომ არ არის, დაგვეთანხმებით. ეს უნებლიე შეცდომაა, თუ იმდენად რთული ჩანაწერია, რომ ჩვენ ვერ ჩავწვდით, თავად განსაზღვრეთ. ჩვენთვის ცნობილია და ალბათ, თქვენც გსმენიათ ის, რომ 30 კრედიტი, ინტენსიური სწავლებისას, უდრის ერთ სემესტრს (ბაკალავრის სტუდენტები სასწავლო წლის განმავლობაში ასრულებენ 60–დან მაქსიმუმ 75 კრედიტს, რაც იმას ნიშნავს რომ ერთი სემესტრში 30–35 კრედიტის მოპოვება შეუძლიათ).
ლუბა ელიაშვილი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ დიპლომის აღება ექვს თვეში იქნება შესაძლებელი – “ვინ გითხრათ, რომ 30 კრედიტი სამ თვეს უდრის?! 30 კრედიტი ერთ წელიწადზე შეიძლება გაწელო. ამ შემთხვევაში ეს 30 კრედიტი ნიშნავს ერთ სრულ სემესტრს, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება და თებერვლის ბოლოს დასრულდება“.
იმის გათვალისწინებით, რა ამბები დატრიალდა 2003 წლის ნოემბრიდან დღემდე განათლების სისტემაში და როგორ ატარებენ ექსპერიმენტებს მომავალ თაობაზე, დიდად რა გაგვიკვირდება, ცხრაკლასდამთავრებულებს, სამთვიანი, თუნდაც ექვსთვიანი სწავლის შემდეგ მისცენ ხელში სახელმწიფო დიპლომი და გაამწესონ ხელისუფლების მიერ მართულ მედიასაშუალებებში.
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტებს და მედიამფლობელებს
პრესა.გე–მ ერთი კითხვით მიმართა – რამდენად მისაღებად მიგაჩნიათ, ცხრაკლასდამთავრებულმა ბავშვმა, პროფესიულ სასწავლებელში, სამთვიანი სწავლის შემდეგ, სახელმწიფო დიპლომით მუშაობა დაიწყოს მედიასაშუალებებში, კორესპონდენტის თანამდებობაზე?
კორესპონდენტის პროფესიული სტანდარტის პროექტის გაცნობის შემდეგ, თამარ ჩიქოვანმა, ალეკო ცქიტიშვილმა, ია ანთაძემ და თეა ნადირაძემ ჩვენთან საუბრისას ასეთი კომენტარები გააკეთეს:
თამარ ჩიქოვანი: “დღეს ქვეყანაში მოთხოვნილებაზე მეტი რაოდენობის ჟურნალისტია. თუ ვიღაცას დამატებით უნდა კიდევ ორკვირიანი ან სამკვირიანი სასწავლო კურსის შექმნა, ძალიან მეეჭვება, რომ თუნდაც 30 კრედიტის გავლის შემდეგ, რომელიმე თავმოყვარე, ან მეტნაკლებად ნორმალურმა მედიასაშუალებამ, ან პრესსამსახურმა ეს ადამიანი სამსახურში მიიღოს, რადგან დღეს დიპლომი არ განსაზღვრავს პროფესიულ თვისებებს – ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც დიპლომი არა აქვს, მაგრამ პროფესიული ჟურნალისტები არიან. ვფიქრობ, ტყუილად დაიხარჯება თანხა, ვიღაცეები რაღაცას ტყუილად ისწავლიან, თუნდაც, 3 თვის განმავლობაში; ეს მათ დასაქმებას ხელს არანაირად არ შეუწყობს. არ ვიცი, ძალიან დაბნეული ვარ, რომ არ მოგატყუოთ“.
ალეკო ცქიტიშვილი: “თუ ჩვენს საზოგადოებას და სახელმწიფოს სჭირდება ისეთი ტიპის ჟურნალისტები, როგორებიც “რეალტივიში“ არიან, მაშინ, კი ბატონო, ასეთი ჟურნალისტები იქნებიან, იმ სამთვიანი კურსის გავლის (თუ ეს მართლაც სამთვიანია) შემდეგ. თუ უფრო მეტი პროფესიონალიზმი გვჭირდება, მაშინ უფრო მეტი კრედიტები, მეტი დროა საჭირო იმისთვის, რომ მომავალმა ჟურნალისტებმა მიიღონ, როგორც პროფესიული უნარ–ჩვევები, ასევე სტანდარტით გათვალისწინებული განათლება“.
ია ანთაძე: “იმ მასალების მიხედვით, რაც ვნახე, საერთოდ ვერ აღვიქვი რა სისტემაზეა საუბარი, რისთვის ასწავლიან ამ ადამიანებს, რა განზრახვაა და რას ნიშნავს. მათემატიკა ცარიელია. აქ თავიდან წერია რომ პროგრამა მოიცავს 30 კრედიტს, საიდანაც 12 კრედიტი ეთმობა თეორიული დისციპლინების შესწავლას და 36 სასწავლო პრაქტიკას. 36–ს რომ 12–ს დაამატებ, 30–ს ხომ ვერ მიიღებ?! საერთოდ ვერ მივხვდი რაზეა საუბარი.
ჟურნალისტიკა არ არის რეგულირებადი პროფესია. ესაა პროფესია, რომელშიც დამკვიდრება შეუძლია ადამიანს, ვინც წერა–კითხვა იცის და ვისაც შესაბამისი უნარები აქვს. ამიტომ, მე არ მიმაჩნია პრობლემურად რამდენი კრედიტი ექნება მოსმენილი, თუ მიღებული იმ ადამიანს, რომელიც დასაქმედება რომელიმე მედიასაშუალებაში. თუ დამქირავებელს რაიმეში სჭირდება ცხრაკლასდამთავრებული, წაიყვანოს. პრობლემა არის ის, რა პროდუქტს შექმნის ეს ცხრაკლასდამთავრებული და რამდენად ხელოვნურად გახდება ეს პროდუქტი კონკურენტუნარიანი“.
თეა ნადირაძე: “დაუშვებელია კორესპონდენტს საშულო განათლება მიღებული არ ჰქონდეს. აღნიშნული პროფესია მეტად საპასუხისმგებლოა. დღევანდელ მედიაში სწორედ პრესრელიზების საფუძველზე, ხშირად იქმნება საგაზეთო სტატიები, სიუჟეტები. კორესპონდენტის საქმიანობა სოციალური მედიის ძირითადი ნაწილია. მთავარი სათქმელის აზრობრივად მოკლედ ჩამოყალიბება, განსაკუთრებულ უნარებსა და ცოდნას მოითხოვს. ცხრაკლასდამთვარებული, რომელიც წარმოდგენილი პირობებით საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის, ვერ დასაქმდება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი თანამშრომელი მე ნამდვილად არ მეყოლება.
მეორე პრობლემა, რაც იკვეთება, ეს არის სწავლების პერიოდი. სტანდარტის პროექტში განსაზღვრულია, რომ კორესპონდენტმა უნდა შეძლოს ახალი ამბების მოკლე ტექსტის მომზადება, საჯარო ინფორმაციის მოპოვება–დამუშავება, საავტორო უფლებების დაცვით ინფორმაციის დამუშავება, უცხო ენის პრაქტიკული გამოყენება. ეს ყველაფერი ჟურნალისტიკის ძირითადი პრინციპების, კონცეფციების, ინტერვიუს დიქტოფონზე ჩაწერა–გაშიფრვის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების სწავლების გარდა საჭიროებს სხვა საგნების სწავლებასაც.
მაგალითად: კონსტიტუცია, საავტორო უფლებები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (გარკვეული ნაწილი), ადამიანის უფლებები, ქცევისა და კომუნიკაციის წესები, უცხო ენა, უცხოურ ენაზე ინფორმაციის მოკლედ შედგენა და სხვ. ცხადია ეს ყველაფერი 30 კრედიტში (რაც სამიდან ექვს თვემდე სწავლებას ითვალისწინებს) შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ, მექანიკური შეცდომაა. ვიმედოვნებ, რომ ეს შესწორდება“.
კითხვაზე – რამდენად მისაღებად მიგაჩნიათ, ცხრაკლასდამთავრებულმა ბავშვმა, პროფესიულ სასწავლებელში, სამთვიანი სწავლის შემდეგ, სახელმწიფო დიპლომით მუშაობა დაიწყოს მედიასაშუალებებში, კორესპონდენტის თანამდებობაზე? ლია ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ ეს არის საშინელება, რასაც ასე ხსნის:
ლია ტოკლიკიშვილი: “ერთ–ერთ მაღალრეიტინგულ მედისაშუალებაში წავიკითხე ფრაზა – “ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ვენგრიაში წავიდნენ“. მეცხრეკლასელმა ბავშვმა, რომელსაც გრამატიკის კურსიც კი არა აქვს ბოლომდე გავლილი, მე არ ვიცი სამ თვეში რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა წეროს. ალბათ, მომრავლდება “ვენგრიაში წავიდნენო“, – ასეთი ფრაზებით სავსე ჟურნალისტიკა“.
გია იაკობაშვილი: “იმ სასწავლებელში თუ უნდათ კოსმონავტი მოამზადონ და გამოუშვან, ოღონდ სამწუხარო ისაა, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია, სახელმწიფო ასეთი სისულელეებისთვის აპირებს ფულის დახარჯვას. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ჟურნალისტს 30 კრედიტი ექნება გავლილი, თუ 130, მთავარია მას მუშაობა შეეძლოს; თუმცა, ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ის ბავშვები, რომლებიც ამ თითო სემეტრს ისწავლიან და თავი ჟურნალისტები ეგონებათ, ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ ისინი ჟურნალისტები სულაც არ არიან“.
ნელი ვარდიაშვილი: “უნივერსიტეტის ცოდნაც არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ სრულყოფილი ჟურნალისტი ყოფილიყავი; ჟურნალისტად დროის განმავლობაში იხვეწები. ანუ რაღაც დრო, პრაქტიკა გჭირდება, რომ სრულფასოვანი ჟურნალისტი გახდე. სამ თვეში არანაირ დარგში არ გამოვა პროფესიონალი და მით უმეტეს, ჟურნალისტი ვერ გახდება ადამიანი. როგორც ჩანს ეს რაღაცისთვის კეთდება. მე არ ვიცი რისი მიღწევა უნდათ; ალბათ, იმის რომ ეს დარგიც გაანადგურონ ისე, როგორც ყველაფერს ანადგურებენ და ბოლომდე ჩაკლან ჟურნალისტიკა“.
იზო რიკაძე: “ხუთწლიანი განათლება რაც იყო, იქიდან არ გამოდიოდნენ ვარსკვლავები და რამდენიმეთვიანი კურსი ადამიანს პროფესიონალად ვერ ჩამოაყალიბებს. ზოგმა შეიძლება თქვას პრაქტიკაა მთავარიო, მაგრამ პრაქტიკასთან ერთად თეორიაც აუცილებლად მიმაჩნია. ადამიანი უნდა იყოს განათლებული, რომ წეროს“.