ფოთის პორტის მმართველი კომპანია ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის აშენების ნებართვას ითხოვს

ფოთის პორტის მმართველი კომპანია ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის აშენების ნებართვას ითხოვს

ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნასთან ერთად, მყისვე გააქტიურდა ფოთის ნავსადგურის მმართველი კომპანია. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ხელახლა დაიწყო საჭირო ნებართვების მიღების პროცესი, ფოთში ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის აშენების განზრახვით.

2020 წლის 11 თებერვალს, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად, ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის, რაც წარმოადგენს სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს.

როგორც „ეიპიემ ტერმინალსმა“ საქართველოს მთავრობასთან ახლახან გამართული განხილვებისას ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, კომპანია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, გააფართოვოს ფოთის საზღვაო ნავსადგური, რათა საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც მოემსახურება „პანამაქსის“ ტიპის გემებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, არსებული სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდით.

„მიწათსარგებლობის ნებართვაზე განაცხადის წარდგენით, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს მზაობას, წავიწიოთ წინ. აღნიშნული ნებართვის მიღება გახლავთ აუცილებელი წინაპირობა, რათა ღრმაწყლოვანი ნავსადგური, როგორც დაგეგმილია, ექსპლუატაციაში შევიდეს 2022 წლის მეორე კვარტალში.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილდება და უახლოეს მომავალში შევძლებთ 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელების დაწყებას და ჩვენი საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, საქართველოში მეტად საჭირო ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენებას და შემდგომ წარმატებით მართვას“, - განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს“ ფოთის გენერალურმა დირექტორმა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა.

ფოთის პორტის მფლობელებს მთავრობასთან ამ მხრივ თანამშრომლობის ცუდი გამოცდილება აქვთ. 2019 წლის მაისში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ეს საკითხი ერთხელ უკვე დაბლოკა. ამჯერად კი მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილი ამბობს, რომ ფოთის ნავსადგურის გაფართოების პროექტის შესახებ საკითხის განხილვა უკვე დაიწყო.

„ეს განაცხადი განხილვის, შესწავლის პროცესშია. მე გუშინ გამომიგზავნეს. მათ შორის მიწის (მიწის სამშენებლოდ გამოყენების ნებართვა) საკითხიც არის, ეს არის სამშენებლო ნებართვა და ცხადია, გულისხმობს მიწით სარგებლობასაც, მაგრამ შესწავლის პროცესშია და სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ საღირაშვილმა და დასძინა, რომ ყველაფერი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მოხდება.

ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 351,056 კვადრატული მეტრის გადაცემის მიზნით ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ სახელმწიფო ქონების სააგენტოს პირველად წერილობით 2018 წლის 24 ოქტომბერს მიმართა. კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის მათ ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე წარდგენილი ჰქონდათ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში.

2019 წლის 2 მაისს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლოდ გამოყენების პირობები გამოიცა. სააგენტოს ბრძანება თარიღდება. ეს ბრძანება ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადაწყვეტილებით გაუქმდა, მას შემდეგ, რაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ამასთან დაკავშირებით დიდი სკანდალი მოაწყო.

 

tngh საუკუნის აფიორა, ქ. ლაზიკას და ანაკლიის პორტის ნაცვლად, საქართველოსთვის ბევრად უკეთესია ქ. ფოთის და მისი პორტის განვითარება...
4 წლის უკან
tngh საუკუნის აფიორა, ქ. ლაზიკას და ანაკლიის პორტის ნაცვლად, საქართველოსთვის ბევრად უკეთესია ქ. ფოთის და მისი პორტის განვითარება...
4 წლის უკან