ჰყავს თუ არა ელისო ჩაფიძეს მილიარდერი საქმრო - ”ბატონი ბიძინა ჩემს დაოჯახებაზე ზრუნავს”

ჰყავს თუ არა ელისო ჩაფიძეს მილიარდერი საქმრო - ”ბატონი ბიძინა ჩემს დაოჯახებაზე ზრუნავს”

დაოჯახების მიზნით, პარლამენტარ ელისო ჩაფიძეს ბიძინა ივანიშვილმა მილიარდერი მეგობარი გააცნო. სოსო ჯაჭვლიანი სვანეთის მხარეში გუბერნატორად ინიშნება, მაგრამ სვანები მასზე გაბრაზებულები არიან და ამბობენ: მესტიელმა კაცმა კენჭი გლდანში რატომ იყარაო? - ამ ამბებმა ალბათ, თქვენც ისევე დაგაბნიათ, როგორც ჩვენი რესპონდენტები, მაგრამ არასერიოზულ კითხვებზე გაცემული სერიოზული პასუხები ნამდვილად გაგახალისებთ.

მოგეხსენებათ, პარლამენტარი ელისო ჩაფიძე დასაოჯახებელი გახლავთ და ბიძინა ივანიშვილმა ეს ფაქტი ელისოს ტყიბულის მაჟორიტარად წარდგენის დროსაც აღნიშნა. ჰოდა, პარლამენტარისთვის "გზის დარტყმა" სწორედ ამ თემაზე მოვიფიქრეთ და ყოფილ კოლეგას დავუკავშირდით.

- ელისო, გავიგეთ, რომ თქვენს გასაცნობად ბატონ ბიძინა ივანიშვილს საზღვარგარეთ მცხოვრები მილიარდერი მეგობარი საქართველოში ჩამოუყვანია. ეს სიმართლეა?
- მსგავსი არაფერი გამიგონია (იცინის). ასეთი ინფორმაცია მართლა გავრცელდა?

- დიახ.
- და რას ამბობენ, ის კაცი ვინ არისო?

- სახელი და გვარი ვერ დავადგინეთ; მხოლოდ ის გავიგეთ, რომ წარმოშობით ქართველია, ბიზნესი კი საზღვარგარეთ აქვს.
- ვინაობასაც თუ დამიდგენთ, სიამოვნებით გავიცნობ.

- თქვენ ეს ამბავი პირველად ჩვენგან გაიგეთ? იქნებ ამ ყველაფერს ჯერჯერობით, საიდუმლოდ ინახავთ?
- მართლა თქვენგან გავიგე!.. ისე, ბატონი ბიძინა ჩემს დაოჯახებაზე მართლა ზრუნავს, მაგრამ რაც თქვენ მითხარით, სიმართლე არ არის.

- მისი ზრუნვა რაში გამოიხატება?
- მამაშვილურად მირჩევს, რომ ოჯახი უნდა შევქმნა. ამ თემაზე მეც ვფიქრობ... ისე, ჩემი საქმრო მილიონერია თუ მილიარდერი?

- მილიარდერი, მაგრამ ვერ გეტყვით, მისი ქონება რამდენად არის შეფასებული. მილიონერი რომ იყოს, მასზე უარს იტყოდით?
- გააჩნია, როგორი პიროვნება იქნება. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ადამიანზე უნდა დავქორწინდე და არა - ფულზე. პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირადი ცხოვრება მოწესრიგებული ჰქონდეს. ბევრი თაყვანისმცემელი მყავს და ვინმეს შევარჩევ; ამ საქმისთვის არავის შევაწუხებ, ისე დავქორწინდები.

- ელისო, ეს "გზის" დარტყმა" იყო.
- მართლა (იცინის)?! ძალიან გამამხიარულეთ!..

- მგონი, ბატონ ბიძინას კარგი იდეა მივაწოდეთ, არა?
- (იცინის) დიდი მადლობა, რომ ჩემზე ზრუნავთ.

სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტში გლდანელების რჩეულია. მას სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დავუკავშირდით და ჩვენ მიერ მოგონილ ამბებზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

- ბატონო სოსო, თქვენს მშობლიურ მხარეში გუბერნატორად მართლა ინიშნებით?
- ეს ვინ გითხრათ? რას ლაპარაკობთ?

- რა, ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება?
- არა, არა, ვიღაცის მოგონილი ამბავია. მე პარლამენტის წევრი ვარ.

- ისიც გავიგე, რომ სვანები თქვენზე გაბრაზებულები არიან.
- რატომ? რა დავაშავე?

- მესტიაში გაზრდილმა კაცმა კენჭი გლდანში რატომ იყარაო?
- პირიქით, უნდა უხაროდეთ, გლდანში რომ გავიმარჯვე. მე ამ რაიონში წლებია, ვცხოვრობ. რა იყო აქ გასაკვირი, ვერ გავიგე...

- თქვენც გაიგეთ, რომ სვანები გაბრაზებულები არიან?
- აქამდე არ გამიგია, პირველად თქვენგან მესმის...

- რას ეტყვით განრისხებულ სვანებს?
- აბა, რა უნდა ვუთხრა? სვანებიც, კახელებიც, იმერლებიც, ქართლელებიც და მეგრელებიც - ანუ ყველა ქართველი ძალიან მიყვარს. სიმართლე გითხრა, ეს ამბები ვიღაცის მოგონილი მგონია.

- მართალი ბრძანდებით!
- რაშია საქმე?

- ჩვენ მოვიგონეთ, ეს რუბრიკა "გზის" დარტყმაა".
- გამოვიცანი, არა? ხომ ხედავთ, ეშმაკობას მიგიხვდით (იცინის).

- ხუმრობა იქით იყოს და ბოლოს სვანეთში როდის იყავით?
- კვირიკობას ვიყავი. სვანები გაბრაზებულები კი არა, გახარებულები არიან, "შავი ჭირი" რომ მოვიშორეთ.

- სვანებზე ანეკდოტი მომიყევით და დაგემშვიდობებით.
- მიყვარს ისეთი ანეკდოტები, რომლებიც დროს უძლებს. სვანი ქალაქში სტუმრად არის. ოჯახის უფროსი ეტყვის, - მაღაზიაში ღვინის ამოსატანად ჩავდივარ და ვიდრე ამოვალ, ბავშვს ყურადღება მიაქციეო. 10 წუთში მასპინძელი სახლში ბრუნდება და ხედავს, მისი ბავშვის თავზე მოსაქმებულია.
- ეს რა არის, რა ქენი, შენი დედა ვატირეო, - გაბრაზდება სტუმარზე.
- ჩემს ხელებში მოშარდა და მაგას შევარჩენდიო?..