ევროპას ახალი კრიზისი, ხოლო საქართველოს ინვესტიციების მწვავე კრიზისი ემუქრება. ამიტომაცაა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს ზოგადი პროგნოზის გაკეთებაც კი უჭირს. არც ისაა გარკვეული 2010 წელს როგორი მონაგარი გვექნება.
მთავრობა ჯერჯერობით ვერ აკეთებს პროგნოზს, თუ რა მოცულობის ინვესტიცია შემოვა წლის ბოლომდე. მომავალი წლისათვის კი ქვეყანა 900 მილიონიდან 1.1 მილიარდამდე ინვესტიციას ელოდება. ეს განცხადება საქართველოს პრემიერმა გააკეთა. 1.2 მილარდი დოლარის ინვესტიციას წინასწარი გათვლებით წელსაც ველოდებოდით. დაუზუსტებელი ინფორმაციით, წლის ბოლომდე მხოლოდ 700-750 მილიონის ინვესტიცია შემოვა. თუმცა, ესეც საეჭვოა, რადგან წლის პირველ ნახევარში ქვეყანის ეკონომიკაში მარტოოდენ 273 მილიონი დოლარის უცხოური კაპიტალი ჩადო და წლის მეორე ნახევარში ამ მაჩვენებლის გაორმაგება ზედმეტად ოპტიმისტურია.
მით უფრო, რომ ევროპა კუდმოქნეულ ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის და ინვესტორების „შოვნა“ ყველა მიმართულებით გაძნელებულია. ვისაც კი კაპიტალის დაბანდების სურვილი ჯერ კიდევ შერჩენია, მათაც ფასიანი ქაღალდებისაკენ მიუწევთ გული.
ეკონომიკის ექსპერტის ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, ევროპაში კრიზისის დაძლევაზე საუბარი, ინვესტორების ნდობის ასამაღლებლად იყო გაკეთებული. ეკონომიკამაც ასე თუ ისე ზრდა დაიწყო, თუმცა ამჯერად კერძო სექტორში დაწყებულმა კრიზისმა საჯარო სექტორი მოიცვა.
„ირლანდია, პორტუგალია, ესპანეთი დეფოლტის წინაშე აღმოჩნდნენ. ინექცია, რომელსაც ევროპა მიმართავს გამოსავალი არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - ამბობს ემზარ ჯგერენაია.
მისი თქმით, საჯარო კრიზისი საქართველოს არ ემუქრება, ვინაიდან ქვეყანას არ აქვს იმ რაოდენობის ვალი, რომლის მართვა შეიძლება პრობლემა გახდეს. საქართველოსთან მიმართებაში ევროპული კრიზისის უარყოფითი მხარე არის ის, რომ ინვესტორების მოძიება კიდევ უფრო გაჭირდება. ობლიგაციებზე გაზრდილი ფასის გამო ინვესტორებს ურჩევნიათ, ფული ამ მიმართულებით დააბანდონ.
ექსპერტი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ გზა ინვესტორებისთვის, შეიძლება რეალურად გახსნილი იყოს, მაგრამ ეს არ არის მთავარი ფაქტორი და ხელისუფლებას ინვესტორების მოსაზიდად ძალიან დიდი ძალისხმევა აქვს გასაწევი. მისი აზრით, საქართველოში ბიზნესის წარმოება კვლავ რთული რჩება.
„რა თქმა უნდა, ბოლო წლებში ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიზმიდველი ქვეყანა გახდეს. გაწეული აგიტაციის მიუხედავად, აგვისტოს ომის და საფინანსო კრიზისის გათვალისწინებით, უცხოური ინვესტიციების მოცულობამ იკლო. ერთია სახელისუფლო ეშელონებში გაწეული პროპაგანდა და მეორეა რეალობა.
ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ინვესტიციების შიმშილი ყველგან შეინიშნება. ევროკავშირში დანარჩენი მსოფლიოდან განხორციელებული უცხოური ინვესტიციების წლიური მოცულობა, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, 550 დოლარს შეადგენს. საქართველოში ეს მაჩვენებელი 173 დოლარის ფარგლებშია.
„მესმის, რომ ინვესტორებისთვის საინვესტიციო გარემო შექმნილია, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა ფაქტორებიცაა გასათვალისწინებელი. არა მარტო საწარმოს გახსნა და მეწარმეებისთვის ბიუროკრატიული რეჟიმისთვის თავის დაღწევაა მნიშვნელოვანი, ათასი კომპონენტია იმისთვის, რომ ბიზნესი წარმატებული იყოს - დაწყებული დაბალი საპროცენტო განაკვეთებით და დამთავრებული ბაზარზე შესაბამისი ადგილის დამკვიდრების ხელშემწყობი პირობის შექმნით. დიდი ძალისხმევაა გასაწევის იმისათვის, რომ ბიზნესმა თვალებში გამოიხედოს. მით უმეტეს, იმ პირობებში, რომ მსოფლიო ბაზარზე იზრდება კონკურენცია უცხოური ინვესტორებისთვის ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად და მოსაზიდად“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.