საქართველოს ავიაბაზარი - პატარა, ცარიელი და ძვირი

საქართველოს ავიაბაზარი - პატარა, ცარიელი და ძვირი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ქართულ კომპანიებს ევროპაში ფრენის შესაძლებლობა მიეცემათ, ხოლო ქართელი საავიაციო ბაზარი უცხოური ავაკომპანიებთ გაივსება. მეორე საკითხია, რამდენად აკმაყოფილებენ ქართული ავიაკომპანიები ევროპულ სტანდარტებს, რომ მათ ევროპულ ქვეყნებში ფრენის ლიცენზია მიიღონ. გარდა ამისა, ისიც გასარკვევია მიმზიდველია თუ არა უცხოური ავიკომპანიებისთვის საქართველოს ბაზარი, რომელიც იმდენად პატარაა, რომ საქართველოდან თვითმფრინავები, ფაქტობრივად, ცარიელები მიფრინავენ.

 

ასეა თუ ისე, საქართველომ ევროპას სთხოვა და გუშინ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ქართული მხრიდან დოკუმენტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მოაწერა ხელი, ევროკავშირის მხრიდან კი მას ორგანიზაციის წევრი 27 ქვეყანა გააფორმებს.

 

„ეს უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულებაა, რომელიც საქართველოს არა მარტო ერთიან საჰაერო სივრცეში შესვლას, არამედ ქართულ ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას და დასაქმებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ქობალიამ.

 

შეთანხმება, რომელიც ბრიუსელში გაფორმდა, ქართულ კომპანიებს, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საავიაციო სივრცეში ხარისხის ამაღლებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ასევე ევროკავშირის სტანდარტებთან გათანაბრებას თხოვს.

 

ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ დოკუმენტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ იქნება რატიფიცირებული.

ექსპერტების განცხადებით, საქართველოს ავიაბაზრის განვითარებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი.  ამ ეტაპზე, საქართველოში თავის დამკვიდრებისთვის დიდი უცხოური კომპანიები ინიციატივას დიდად არ იჩენენ. რაც შეეხება უსაფრთხოებას, „იკაოს“ რეკომენდაციით, ქვეყანამ ფრენების უსაფრთხოების ხარისხი უნდა გაზარდოს. მისი რეკომენდაცია სერტიფიცირებისა და კონტროლის ნორმებს გაზრდასაც ეხება, ასევე საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ცვლილებას.

 

სხვათა შორის, ამასწინათ ვერა ქობალიამ თვითონაც აღნიშნა, რომ შესაძლოა საქართველოს ავიაცია ლიბერალური უსაფრთხოების გამო, შავ სიაში აღმოჩნდეს.

ქობალიას განცხადებით, ირლანდიური კომპანია „რაინერ ეარის“ წარმომადგენლებთან კომპანიის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „რაინ ეარის“ მოთხოვნაა, საქართველომ ხელი მოაწეროს ერთიანი საჰაერო სივრცის ხელშეკრულებას და მზადყოფნაში მოიყვანოს აეროპორტები. 

 

„ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არის სირთულეები, რადგან საქართველოს ავიაცია ლიბერალური უსაფრთხოების გამო შესაძლოა, შავ სიაში ჩასვან“, - განაცხადა ქობალიამ.

 

ქართულ კომპანიებს, რომელთა ხარისხი არა თუ ევროპელებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც მიუღებელია, სანამ ევროპაში თავს დაიმკვიდრებენ, მანამდე მთავრობა, ავიახაზებს საქართველოს ცაზე აბამს. ხელისუფლებამ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით სვანებს ახარა, რომ მალე მესტიის აეროპორტი თვითმფრინავებს მოემსახურება. თუმცა, რამდენად სასიხარულოა ეს ინფორმაცია სვანეთის მოსახლეობისთვის მეორე საკითხია, ვინაიდან თბილისი-მესტია-თბილისის მიმართულებით ავიაბილეთების ფასი 150 ლარიდან დაიწყება.

 

სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, რამდენად სასიხარულოა 150-ლარიანი ტრანსპორტი, თუნდაც თვითმფრინავი მთაში მცხოვრებმა, გაღატაკებულმა მოსახლეობამ უკეთ იცის. თუმცა, მთავრობა ამბობს, რომ აეროპორტი ძირითადად ტურისტების მოსაზიდად გაკეთდა. უცხოელი ტურისტი სთვანეთის სანახავად არც ისე ხშირად დადის, ხოლო 150 ლარი ქართველი ტურისტებისთვის ძალიან მაღალი მაზანდაა.