მსხვილფეხა საქონლის ქვეყნიდან გაყვანა კიდევ უფრო შეიზღუდა

მსხვილფეხა საქონლის ქვეყნიდან გაყვანა კიდევ უფრო შეიზღუდა

200 კგ-მდე მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტზე გაყვანა აიკრძალა. შარშან შეზღუდვა 140 კგ-მდე დაწესდა, მაგრამ ამან პრობლემა ვერ მოაგვარა და აკრძალვა მალევე გამკაცრდა. გადაჭარბებული ექსპორტის გამო ქვეყანაში ხორცის და ნატურალური რძის პროდუქტების დეფიციტი გაჩნდა.

მესაქონლეობის განვითარების და სანაშენე ჯიშების სულადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა №430-ე დადგენილებაში „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. ცვლილების მიხედვით, 140 კგ-დან 200 კგ-მდე გაიზარდა საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასა. შეზღუდვა არ ვრცელდება მამრი მსხვილფეხა პირუტყვის გაყვანაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, ექსპორტიორი ვალდებულია წარადგინოს საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგულაციის პროექტი ჯერ კიდევ შემოდგომაზე მოამზადა. მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი ადასტურებდა, რომ გადაჭარბებული ექსპორტის გამო ქვეყანაში ხორცის დეფიციტი გაჩნდა.

„სასაკლაოები ჩივიან, რომ მათ სულ უფრო და უფრო უჭირთ პირუტყვის შოვნა დასაკლავად. რამდენიმე ფაქტორია, რამაც ეს გამოიწვია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ექსპორტის მაჩვენებელი, როდესაც უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში ქვეყნიდან დაახლოებით 500 ათასი რქოსანი პირუტყვი გაიყვანეს საზღვარგარეთ გასაყიდად. ბუნებრივია, სწორედ ამან შეამცირა საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ხორცისა და ხორცპროდუქტების, ასევე რძისა და რძის ნაწარმის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად მინისტრის მოადგილე სწორედ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტს ასახელებდა. მისი თქმით, საქართველოს მეცხოველეობის განვითარების კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და საჭიროა გაიზარდოს უფრო მაღალპროდუქტიული უცხოური ჯიშის პირუტყვის გამრავლება, ასევე ფერმერული მეურნეობების განვითარება.

ახლა ადგილობრივ ბაზარზე ვითარება ასე თუ ისე შეცვლება. მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ბექა გონაშვილი თავიდანვე ითხოვდა 200 კგ-იანი ყოფილიყო აკრძალვა, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ ეს დროებითი რეგულაცია უნდა იყოს.

„ეს იყო სწორედ ჩემი მოთხოვნაც, მაგრამ ეს, დროებითი ღინისძიება უნდა იყოს, დაახლოებით, 2-3-წლიანი, მერე აღარ იქნება საჭირო. ადგილობრივი ბაზრისთვის ეს განსაკუთრებულად არაფერს შეცვლის, თუმცა ქვეყანაში გაჩნდება საქონელი, რომელსაც პატარა ასაკში აღარ გაიყვანენ ექსპორტზე და იგი დარჩება ქვეყანაში“, - აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, მესამე კვარტლის ბოლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ 902,1 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2,1%-ით ნაკლებია.

წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა ერთ წელიწადში 7,3%-ით შემცირდა და 2019 წლის 30 სექტემბრისთვის 813,6 ათასი სული შეადგინა. ღორების რაოდენობამ ამავე პერიოდისთვის 225,4 ათასი სული (-8,8%) შეადგინა.