სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დაფუძნებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მთავრობაში ახალი გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან, მაგრამ ექსპერტები სამინისტროს ნაბიჯს უაზრობად მიიჩნევენ.
სამედიცინო ჰოლდინგში, პირველ ეტაპზე, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალურ-სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა. საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანახმად, კლინიკები განვითარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით.
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში იგეგმება ასევე რეგიონალური სამედიცინო დაწესებულებების ეტაპობრივი ჩართვა. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ჰოლდინგის ძირითადი მიზანი მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესებაა. განახლდება ინფრასტრუქტურა და იმ მომსახურების ჩამონათვალი, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ.
„სულ რამდენიმე დღის წინ შეიქმნა სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც პირველ ეტაპზე, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფო, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა. კლინიკების ეტაპობრივი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში რეგიონალური სამედიცინო დაწესებულებებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვას“, - განაცხადა მინისტრმა.
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს. მინისტრის თქმით, ეს კადრი კარგი მენეჯერული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების საფუძველზე შეირჩა. შესაბამისად, ჩოგოვაძე წარმატებით უნდა გაუმკლავდეს გამოწვევებს, რომლებიც ჰოლდინგს ნამდვილად ექნება.
ახალი სამთავრობო გადაწყვეტილება კატეგორიულად არ მოსწონთ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს. ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ფაიქრობს, რომ ესაა ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს არათანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა რომელიმე მიმართულებით.
„7 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა, ის კლინიკები, რომლებზეც მიდის საუბარი, ისედაც სახელმწიფოს მმართველობაში იყვნენ, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს რომელი „ჯიბის უწყება“ უხელმძღვანელებს ამას. არათანმიდევრულობა იმაში მდგომარეობს, რომ ხან ინვესტორის ძიებაში იყვნენ, მერე როცა რამდენიმე ინვესტორი ნახეს, სამინისტრომ თქვა უარი, ახლა გადაწყვიტეს ახალი სტრუქტურის შექმნა. აბსოლუტურად არათანმიმდევრული და გაუაზრებელია ეს პოლიტიკა და მრჩება შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილება ექსპრომტად არის მიღებული. იმ საავადმყოფოებში, რომლებზეც არის საუბარი, აბსოლუტურად გაუმართავია ინფრასტრუქტურა. ამ საავადმყოფოების მოდერნიზაციას და მწყობრში მოყვანას ათეულობით მილიონი ლარი არ ეყოფა. აღარაფერს ვამბობ მაღალტექნოლოგიურ დანახარჯებსა და პერსონალის გადამზადებაზე. ეს ყველაფერი გათვლილი რომ ყოფილიყო, ბიუჯეტში ხომ ჩადებდნენ სადმე?!“, - განუცხადა „ბიემს“ ჩიხლაძემ.
მისი აზრით მესაკუთრეობის ფორმა შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალური ან შესაძლოა საუნივერსიტეტო და ა.შ. მაგრამ ეს რაღაც კონცეფციაში უნდა არსებობდეს.
„ჩვენ შევხედეთ მსგავს გადაწყვეტილებებს, 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით. დავიცავთ მედიკოსების უფლებებსო, მინისტრი ამბობს. რაღას დაიცავს, ადამიანები სამსახურებიდან გაუშვეს და ხელფასები დააკლეს. ზუსტად იგივე მიდგომაა, რაღაცა მოიფიქრეს და ამბობენ, რომ მერე მიხედავენ. ყველაფერთან ერთად, ეს არის ახალი ბიუროკრატიული აპარატი, თავისი ბიუროკრატიული შტატებით და ა.შ. ჯანდაცვის პოლიტიკის კუთხით ვერანაირ კონცეპტუალურ განვითარებას ვერ ვხედავ, ამის არანაირი წინაპირობა არ ჩანს“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.