ქობულეთის შემდეგ თავისუფალი ტურისტული ზონა ანაკლიაში ამოქმედდება. საქართველოს პრეზიდენტმა ამის შესახებ ინვეტორებს უშუალოდ სამეგრელოდან ამცნო და ორიგინალური გამონათქვამებით თავი იქაც გამოიჩინა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ინვესტორს, რომელიც 18 თვეში ანაკლიაში სასტუმროს ააშენებს, მოგებისა და ქონების გადასახადისგან გაათავისუფლებენ. ამასთან, მეწარმეს უკვე მოწესრიგებული გზა და გოგირდის წყლები დახვდება. ის ინვესტორი, რომელიც 100-ნომრიან სასტუმროს ააშენებს და კაზინოს გახსნის, მოსაკრებელისგან თავისუფალი იქნება.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი პირობა მშენებლობის 18 თვეში დასრულებაა, რომ 2012 წლის ზაფხულში ანაკლიაში ტურისტული სეზონი გაიხსნას.
სააკაშვილმა თავის ტრადიციას არ უღალატა და უცნაური ფრაზეოლოგიით თავი ამჯერდაც გამოიჩინა. მან ინვესტორები კომუნისტური ლოზუნგის სახეშეცვლილი პერიფრაზირით მოიხმო. ინვესტორებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით აქ, ანაკლიაში“, - ეს სიტყვები გადასძახა საქართველოს პრეზიდენტმა პოტენციურ ინვესტორებს.
„ჩვენ წარმოგიდგინეთ პროექტები და ჩვენი პირობა არის ისევ ძალაში. კერძოდ, სახელმწიფო ინვესტორს მიწას უფასოდ მისცემს, შემოიყვანს ყველა კომუნიკაციას, რომელშიც შედის დენი, გაზი, წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ჩვენ მოგვყავს ახალი გზა, რომელიც ფოთიდან პირდაპირ მოვა აქ, შავიზღვისპირეთის გასწვრივ და ჩვენ დღეს ვიწყებთ ანაკლია-ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობას აქედან რამდენიმე წუთის სავალში.
ამ ადგილს ექნება მაღალი დონის გზა, აეროპორტი, ექნება ყველა გაყვანილობა და ამასთან, ჩვენ მოგვყავს გოგირდის და სხვა სამკურნალო წყლები, რომელიც არის აქედან სამ კილომეტრში ასევე უფასოდ ინვესტორებისთვის და ყველა, ვინც ააშენებს სასტუმროს, მას შემდეგ რაც ყველაფერს ვაძლევთ უფასოდ, 15 წლით, კონსტიტუციური კანონის თანახმად, გავათავისუფლებთ მოგების და ქონების გადასახადისაგან. ამაზე უკეთესი პირობები მე მგონი მსოფლიოში არსად არსებობს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, განაცხადების მიღების ბოლო ვადა იანვარში იწურება, მშენებლობა კი 2012 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს. „იანვრის ბოლომდე კონტრაქტები გაფორმდება. მინდა ყველას ვუთხრა, რომ იჩქარეთ, იმიტომ, რომ ადგილი არის ცოტა. ვინც პირველი მოვა და სერიოზულ წინადადებას დადებს დროზე, მას ავაშენებინებთ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
მართლაც 2026 წლამდე ტურისტულ ზონებში მეწარმეები მოგებისა და ქონების გადასახადისგან განთავისუფლდებიან. ეს ინციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შედის.
კანონპროექტის თანახმად, მოგების გადასახადისგან 2026 წლის 1-ელ იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ სასტუმრო მომსახურებისგან მიღებული მოგება და ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ მიღებული მიწის ნაკვეთის ღირებულება, ასევე ამ ნაკვეთის პირველადი რეალიზაციის შემთხვევაში მისგან მიღებული მოგება თავისუფლდება.
ამასთან, ქონების გადასახადისგან თავისუფლდება ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ სასტუმრო მომსახურებასთან დაკავშირებული ქონებაც. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში საქართველოს მთავრობამ უკვე მოახდინა.