კორონავირუსმა მსოფლიო ბაზარზე 2008-09 წლების კრიზისის შემდეგ ნავთობის მოხმარების ყველაზე დიდი ვარდნა გამოიწვია

კორონავირუსმა მსოფლიო ბაზარზე 2008-09 წლების კრიზისის შემდეგ ნავთობის მოხმარების ყველაზე დიდი ვარდნა გამოიწვია

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ფონზე ნავთობის მოხმარებაზე მოთხოვნა 20%-ით (დღეში 3 მილიონი ბარელი) დაეცა. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ეს მსოფლიო ბაზარზე 2008-09 წლების კრიზისის შემდეგ მოთხოვნის ყველაზე დიდი ვარდნაა. საწვავის გაიაფება უკვე დაიწყო საერთაშორისო ბირჟებზე და ნავთობპროდუქტები საქართველოში მალე გაიაფდება.

ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია და დღეში 14 მილიონ ბარელს მოიხმარს, რაც საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მიერ მოხმარებული ნავთობის ჯამური მოცულობის ტოლია.

პარალელურად 20 იანვრიდან „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი 10%-ით დაეცა. კორონავირუსის გავრცელებამ ჩინეთის ეკონომიკაში სერიოზული პრობლემა შექმნა. მკვეთრადაა შემცირებული ჩინეთში ავიამიმოსვლა, მათ შორის ტურიზმის კლებაა 25%-ით და სამომავლოდ ნავთობის ფასების ტრენდი პირდაპირ იქნება დამოკიდებული კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებთან.

რა ელის საერთაშორისო ბაზარს და რა მოხდება საქართველოში თუკი ნავთობპროდუქტებზე ფასები მკვეთრად დაიწევს? ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით გლობალურ ბაზრებზე ვითარების გამოსწორების ნიშანწყალი არ არის, შესაბამისად, ფასების ვარდნა, სავარაუდოდ, გაგრძელდება.

„ნავთობის ფასების შემცირება, ძირითადად, უკავშირდება ახალი კორონავირუსის შესაძლო საფრთხეს, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ჩინეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ვარდნა, რაც გამოიწვევს ნავთობზე მოთხოვნის კლებას. მიმდინარე ეტაპზე ჩინეთში ფიქსირდება 20%-იანი შემცირება ნავთობის მოხმარებაზე, ეს კი არის 3 მილიონი ბარელია დღეში.

ჩინეთი გახლავთ მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელი. დიდი ალბათობით, ფასების კლება გაგრძელდება, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების საშიშროების წინაშეა მსოფლიოს უამრავი ქვეყანა. ამან უარყოფითი შედეგი მიუტანა როგორც ჩინეთის ეკონომიკას, ასევე მსოფლიო ეკონომიკას, პირდაპირ თუ ირიბად ეს გავლენა ყველგან იგრძნობა. დაზარალდა ტურიზმის ინდუსტრია, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა.

ავიარეისები შეწყვეტილია, იშვიათი გამონაკლისის გარდა ფრენა ჩინეთის მიმართულებით თითქმის ყველამ გააუქმა. ჩინეთი არის მსოფლიოს ერთ-ერთი მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რაც იმავდროულად მსოფლიო ეკონომიკის მდგრადობას განაპირობებს“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული ის გავლენა, რაც კორონავირუსის გავრცელების გამო ჩინეთმა და ასევე სხვა ქვეყნებმაც იწვნიეს. ამიტომ ტრეიდერებში პანიკა შეინიშნება და ფასის ვარდნაც გრძელდება.

„უახლოეს პერიოდში უფრო მკაფიო სურათი იქნება. საწვავის მოხმარების ასეთი ვარდნა არ ყოფილა ათეული წლების განმავლობაში და ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. საგანგაშო მდგომარეობაა და ეს კიდევ არ არის ფსკერი, ველდოებით, რომ სტატისტიკა ისევ შეიცვლება, სავარაუდოდ, კლების მიმართულებით, რაც ეკონომიკაში დიდ დანაკარგს გამოიწვევს. ყველაზე იდეალური ვარიანტი იქნება, რომ ჩვეულ რეჟმში დაბრუნდეს სიტუაცია, მაგრამ აქამდე ჯერ კიდევ შორი გზაა. მიმდინარე მოვლენები ოპტიმისტური გადაწყვეტილების საბაბს ჯერჯერობით არ იძლევა“, - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება გლობალური პროცესების გავლენას საქართველოს ბაზარზე, მთვრალაშვილის ინფორმაციით, დინამიკაში ტრენდი, ალბათ, ამ სცენარით განვითარდება და ფასები უფრო დაბლა წამოვა.