„უცხოური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ქართული ავიაციის განვითარებას აფერხებენ“, - ასე მიიჩნევს „ჯორჯიან ეარვეიზის“ ხელმძღვანელობა და ითხოვს ყველა კომპანია თანაბარ პირობებში იყოს ბაზარზე. ამჯერად მათი უკმაყოფილება ირლანდიური „რაინეარის“ თბილისის აეროპორტში გამოჩენამ გამოიწვია.
„ჯორჯიან ეარვეიზის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია ავიაკომპანიისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და კრიზისში ორ ძირითად პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, ბაზარზე შექმნილია არაკონკურენტული გარემო, ვინაიდან საქართველოს მთავრობა ახორციელებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების კონკრეტული რეისების თანადაფინანსებას, რასაც ეროვნული ავიაკომპანიის შემთხვევაში არ აკეთებს.
„უკვე თბილისში დაიწყო ოპერირება დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „რაინეარმა“ და „ჯორჯიან ეარვეიზის“ მგზავრებმა სწორედ „რაინეარით“ დაიწყეს ფრენა“, - განაცხადა მან.
ბოკერია მიიჩნევს, რომ სამართლიანი კონკურენციის პირობებში კომპანია შეძლებდა, თავისი სახსრებით და ფინანსური რესურსებით დაეძლია შექმნილი კრიზისი, მაგრამ ახლა სულ სხვაგვარი ვითარებაა.
„გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ბაზარზე შემოვიდა უცხო ქვეყნის ავიაკომპანია და დაიწყო ოპერირება იმ რეისებზე, რომელზეც ჩვენ უკვე მარკეტინგული კამპანია გვქონდა გაწეული, შეგვექმნა პრობლემები... ასევე მთავრობა ახორციელებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების კონკრეტული რეისების თანადაფინანსებას, რის შედეგადაც ჩვენ დავზარალდით.
საქართველოში შემოვიდა კომპანია „ვიზეარი“ და ბოლოს მივიღეთ დარტყმა ე.წ. „რუსული ავიაემბარგოს“ სახით. ჩვენ და „ვიზეარი“ სხვადასხვა სეგმენტში ვართ, ჩვენ დავფრინავთ თბილისიდან, ხოლო „ვიზეარი“ - ქუთაისიდან, მაგრამ ახლა „რაინეარმა“ დაიწყო ფრენა თბილისიდან და ჩვენი მგზავრთა ნაკადი მათთან მიდის“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ბოკერიამ.
მანვე ისაუბრა იმ სამართლებრივ დავაზე, რომლის წამოწყებასაც „ჯორჯიან ეარვეიზი“ რუსეთის წინააღმდეგ გეგმავს. ის განმარტავს, რომ სარჩელის მომზადებაზე ამერიკული იურიდიული კომპანია მუშაობს და პროცესის წამოწყება, სავარაუდოდ, 10 მლნ დოლარი დაჯდება.
ბოკერიას თქმით, ამერიკელი იურისტები ამბობენ, რომ Georgian Airways-ს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ავიაციის დეპარტამენტის დამარცხების შანსი აქვს, ვინაიდან ემბარგოს არც ერთ არგუმენტს საფუძველი არ ჰქონდა.
ქართული ავიაკომპანიის პრეტენზიებს მალევე გამოეხმაურა ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ავიაციის სფეროს კურირებს. მინისტრმა ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ „ჯორჯიან ეარვეიზი“ სერვისის ხარისხით და საფასო პოლიტიკით მიუახლოვდება უცხოურ ავიაკომპანიებს.
„ჩვენ სერიოზულად ვუდგავართ გვერდით ქართულ ავიაციას და მათ შორის „ჯორჯიან ეარვეიზს“. მაგალითად, ამ კომპანიას წლების განმავლობაში დაუგროვდა რამდენიმე მილიონიანი დავალიანება ჩვენი აეროპორტების გაერთიანებისა და „საქაერონავიგაციის“ მიმართ, მაგრამ ამის გამო არ ვიყენებთ რამე სანქციებს. ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მათთვის კომფორტული გრაფიკით დაფარონ დავალიანება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.
კარგია, რომ „ჯორჯიან ეარვეიზი“ ახსენებს სხვა უცხოურ კომპანიებს - „რაინეარს“, „ვიზეარს“... იმედს ვიტოვებთ, თავისი სერვისების ხარისხითაც, საფასო პოლიტიკითაც „ჯორჯიან ეარვეიზი“ მიუახლოვდება ოდესმე ამ კომპანიებს და კონკურენციაში შევა მათთან, რასაც ჩვენ ხელს შევუწყობთ“, - განაცხადა თურნავამ.