ექთნებსა და ექიმებს ხელფასები უმცირდება - კლინიკები და სამინისტრო ერთმანეთს ადანაშაულებენ

ექთნებსა და ექიმებს ხელფასები უმცირდება - კლინიკები და სამინისტრო ერთმანეთს ადანაშაულებენ

დადასტურდა ინფორმაცია, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა თანაშრომლებისთვის ხელფასის შემცირება დაიწყეს. ამის მიზეზი ჯანდაცვის სფეროში ამოქმედებული რეგულაციები და სახელმწიფოს კლინიკებისადმი არსებული დავალიანებაა. მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კი ირწმუნება, რომ ამ მხრივ სახელმწიფოს სარიკო დავალიანება არ აქვს. ამიტომ ექთნებზე და ექიმებზე ჯოხის გადატეხვა არასწორი საქციელია კლინიკების მხრიდან.

კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია ამბობს, რომ სამინისტრო არაფერს აკეთებს და კლინიკებს შავ დღეში აყენებს. ამიტომ ხელფასები 30%-ით შეამცირეს.

„მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. როგორ შეიძლება თვითღირებულებაზე 4-5-6 ათასით ნაკლები იყოს ოპერაცია?! თანამშრომლებს საიდან მივცე ხელფასი? შევამცირეთ ხელფასები 30%-ით. საბჭოს სხდომებზე საუბარი დროის გაყვანის ტაქტიკაა, მეტი არაფერი. ამ მინისტრის ხელში არაფერი შეიცვლება. ეს არის ივანიშვილი კაბაში, რასაც ივანიშვილი ბრძანებს, იმას აკეთებს. მუშა ჯგუფი შევქმენით 10-კაციანი - 5 ექიმია და 5 - იურისტი. დადიან სამინისტროში და უკვე 2 თვეა ვერაფერი კეთდება.

აგონიაშია სამინისტრო და მთელი მთავრობა. ყველა კლინიკა ერთ მდგომარეობაში, შავ დღეში ვართ. ალბათ, მოგვიწევს ხალათებით ქუჩაში გამოსვლა. რა თითს გვიქნევს ეს მინისტრი?“ - განაცხადა მელიამ.

კლინიკა „ჰელსიკორის“ დირექტორი რუსუდან ლაგვილავა ადასტურებს, რომ თანამშრომელთა ხელფასები 20%-ით შემცირდა. როგორც მან აღნიშნა, ექიმებს ვითარების გამოსწორების არანაირი იმედი არ აქვთ.

„საიდან უნდა გავცეთ ხელფასები? უნდა აგვერჩია, ეკონომია უნდა გაგვეკეთებინა მასალებზე, ან უნდა დაგვეკლო ხელფასები. ჩვენ ავირჩიეთ ხელფასების დაკლება, რომ პაციენტები არ დაგვეზარალებინა. შევიმცირეთ ხელფასი და არ დავაზარალეთ პაციენტები, პირიქით, სამადლობელი უნდა იყოს სამინისტროს მხრიდან. უხარისხო მასალების მიწოდებას პაციენტისთვის ვამჯობინეთ ხელფასების დაკლება“, - აღნიშნა „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას ლაგვილავამ.

რაც შეეხება მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ ექიმებმა ვერ წარადგინეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომ 520-ე დადგენილებაში რამე პუნქტი შეცვლილიყო, ლაგვილავა ამბობს:

„რაზეა საუბარი არ მესმის. ინვოისები გვაქვს წარდგენილი, სადაც აღწერილია, რომ მასალები გაცილებით ძვირია, ვიდრე წარმოდგენილია მათ ტარიფებში. არსად არის ექიმის ხელფასი გათვალისწინებული. რა მტკიცებულებების წარდგენაზეა საერთოდ საუბარი? უდევთ ინვოისები, ყველამ ყველაფერი მივაწოდეთ. იმ ტარიფით მასალასაც კი ვერ ვყიდულობთ, კომუნალურებზე და ხელფასებზე საერთოდ აღარ არის საუბარი.

კლინიკა „ჰელსიკორში“ ამ დრომდე კეთდებოდა აორტალური სარქველის შეცვლის ოპერაცია, რომელიც 71 ათასი ლარი ჯდება. მხოლოდ სარქველის ღირებულება არის 22 000 დოლარი. სამინისტრომ ეს ოპერაცია 12 ათას ლარად განაფასა და თან გვეუბნებიან, რომ პაციენტს არ დაამატოთო. მე პირადად ავუხსენი ეს სიტუაცია თამარ გაბუანიას, იქვე დაავალა ვიღაცას შევისწავლოთო და პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. უკვე ორი თვე გავიდა. 12 ასეთი ოპერაცია გვაქვს უკვე საქართველოში გაკეთებული, მაგრამ ახლა გველოდება ორი პაციენტი, რომელსაც ვეუბნებით, რომ ვერ გავუკეთებთ ოპერაციას“, - განაცხადა „ჰელსიკორის“ დირექტორმა.

სამედიცინო დაწესებულებების პრეტენზიებს ვალში არ დარჩენილა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. პირველ რიგში მან აღნიშნა, რომ კლინიკების მიმართ სარისკო დავალიანებები სახელმწიფოს არ გააჩნია. პარალელურად კი ხელფასშემცირებული მედიკოსების უფლებების დაცვის პირობა დადო.

„დავალიანება არ არსებობს, ჩვენ ვიმყოფებით დადგენილების ფარგლებში და დადგენილების ფარგლებში დავალიანებას თვის ბოლომდე დავხურავთ. სამინისტროს უდგას ვალდებულება, დაფაროს სექტემბრის თვე და კლინიკების ნაწილს ეს დავალიანება უკვე დარიცხული აქვს, ხოლო იანვრის ბოლომდე დანარჩენ კლინიკებსაც დაერიცხებათ ის თანხები, რომელიც მათ აქვთ მოთხოვნილი. სარისკო დავალიანებები სახელმწიფოს კლინიკების მიმართ არ გააჩნია“, - განაცხადა მინისტრმა.

მანვე რეკომენდაცია მისცა ყველა დაწესებულებას, ნუ შეეცდებიან თავიანთი ხარჯების ოპტიმიზაციას სამედიცინო პერსონალის ხარჯზე. სამინისტრო მკაცრად დაიცავენ ექიმებისა და ექთნების ინტერესებს.

„მინდა მივცე რეკომენდაცია ყველა დაწესებულებას, ნუ შეეცდებიან თავიანთი ხარჯების ოპტიმიზაციას სამედიცინო პერსონალის ხარჯზე. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 520-ე დადგენილება, მოიცავს სახელფასო ანაზღაურების სრულიად იმ ციფრებს და მასშტაბებს, რომელიც იყო 520-ე დადგენილებამდე. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ექიმების და ექთნების ინტერესებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Goliaff ერთ დღეს როდესაც სახელმწიფო უარს იტყვის საყოველთაო დაზღვევაზე ოპერაციები ისევ 15, 20 და ა. შ. ათასები ეღირება?
4 წლის უკან