ოკუპანტები ქართულ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას მიზანმიმართულად ანადგურებენ. ეგზარხოსების „ტრადიცია“ ახალ რეალობაში გრძელდება. სახეზე გვაქვს ილორის იავარქმნილი ტაძარი, რომელიც რუსული პოლიტიკური ვანდალიზმის კიდევ ერთი მსხვერპლია საქართველოში.
ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე განხორციელებული ვანდალური აქტის გამო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციებს და საზოგადოებას ოფიციალური წერილით მიმართავს.
როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტროს მიმართვა გავრცელდება შემდეგი ორგანიზაციების სახელზე - იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობის, გეტისა და კრესის ფონდების, აგრეთვე, ბრიტანეთის საკონსულოს, სრულიად დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ.
ნიკოლოზ რურუას განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საშუალებები, რათა შეაჩერონ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურება. მისივე თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტი არის ვანდალური ქმედება და უახლოეს მომავალში უნდა აღიკვეთოს.
„ოკუპანტები და მარიონეტები საქართველოს ტერიტორიაზე იქცევიან ისე, როგორც ადრეულ პერიოდში იქცეოდნენ ეგზარხოსები“, - აღნიშნა მინისტრმა.
აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლი, ილორის წმინდა გიორგის სახელობის მე-11 საუკუნის ეკლესიის ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სრულიად დაირღვა ძეგლის ავთენტურობა, ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების მოშლა, ტაძარს დააშენეს რუსული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ე.წ. ხახვისთავიანი გუმბათი, აგრეთვე, აღმოსავლეთ კედელზე ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები, სადაც განთავსებული იყო ქართული დამწერლობით შესრულებული ხუთი წარწერა. ეს წარწერები კი, თეთრად გადაღებეს.
მე-18 საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვებით, „არს ილორის ეკლესია წმიდისა გიორგისა.... არს ეკლესია უგუმბათო, მცირე, მდიდარი და შემკული“. ილორის ეკლესიის შესახებ ცნობები დაცულია კათოლიკე მისიონერების, ჟან შარდენის, ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს, მარი ბროსეს, ა.პავლინოვის, დ. ბაქრაძის და სხვათა თხზულებებში.
ყველა მათგანის აღწერილობით ტაძარი წარმოადგენს უგუმბათო აფსიდით დასრულებულ ერთნავიან ნაგებობას, რომელსაც ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით სხვადასხვა სახის მინაშენები აქვს.
XX საუკუნეში ილორის ეკლესიის ხუროთმოძღვრება შეისწავლა აფხაზმა ხელოვნებათმცოდნე ა. კაციამ, რომელმაც აღნიშნულ საკითხს საკანდიდატო დისერტაცია და მონოგრაფია მიუძღვნა. ნაშრომში ერთმნიშვნელოვნად არის ხაზგასმული, რომ ილორის ტაძარი XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.
რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ. „სარესტავრაციო სამუშაოების“ შედეგად წაშლილი და შელესილია ტაძრის ფასადებზე ამოკვეთილი ექვსი ქართული ლაპიდარული წარწერა, რომელთაგან ერთი ჯერ კიდევ XX საუკუნეში გადაშალეს, თუმცა საგულდაგულოდ გადაშლილი წარწერის ნაკვალევი XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ჯერ კიდევ ჩანდა.
აღნიშნულ წარწერებში დასახელებულია ტაძრის მაშენებელი საერო და საეკლესიო ქტიტორები: ადგილობრივი ფეოდალი გიორგი გუგენისძე, მთავარეპისკოპოსი გიორგი, მღვდელი გიორგი ქოჩოლავა, გალატოზები გიორგი და მიქაელი, ადგილობრივი მლოცველები და ა. შ. აღნიშნული ეპიგრაფიკული მასალა და ისტორიული წყაროები ადასტურებენ, რომ ილორის ტაძარი შუა საუკუნეების საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავი იყო.
XVII საუკუნეში ტაძრის ქტიტორი და რესტავრატორი იყო ლევან II დადიანი (1611-1657 წწ), რომლის ინიციატივით შეკეთდა და მოიხატა ტაძარი, სამწუხაროდ, მომდევნო საუკუნეში, 1736 წელს ილორის ტაძარი დაწვეს ოსმალებმა, „მოვიდნენ ოსმალონი ილორს. არამედ ხატნი, ჯუარნი და სახმარნი ეკლესიისანი დაეხიზნათ. შეუდვეს ცეცხლი, მოწვეს ეკლესია და აღძარცვეს კრამიტი ბრპენისა და მოსპეს დახატულობანი“ - წერს ვახუშტი ბაგრატიონი.
სავარაუდოა, რომ ამ დროს მოისპო ფრესკული მოხატულობის დიდი ნაწილი. ილორის ეკლესიის რესტავრაცია ოდიშის მთავრებმა XIX საუკუნეშიც ჩაატარეს.
დღეს, ე. წ. რუსული „რესტავრაციის“ შედეგად დაზიანდა ტაძრის შიდა ინტერიერი, წაშლილი და გათეთრებულია ფრესკული მოხატულობის ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი.
„რუსული „რესტავრაციის“ შედეგები:
1. გადაკეთებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთნავიანი ნაგებობის ნაცვლად მივიღეთ გაურკვეველი სახის ნაგებობა, რომელსაც ე. წ. რუსული გუმბათი ადგას. (მსგავსი ტიპის ნაგებობა უცნობია კულტურის ისტორიისათვის)
2. წაშლილია ქართული დამწერლობით შესრულებული წარწერები, რომლებშიც უმნიშვნელოვანესი ცნობებია დაცული ილორის ტაძრის ისტორიისათვის: ტაძრის ქტიტორების, მშენებლებისა და მლოცველების შესახებ. გარკვეულია ადგილობრივი ფეოდალის, საეკლესიო პირებისა და მლოცველთა ვინაობა. წარწერებში დაფიქსირებული იყო ქართული დამწერლობის სამივე საფეხური – ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული, რაც მნიშვნელოვანია ქართული დამწერლობის განვითარების ისტორიისა და პალეოგრაფიული მახასიათებლების შესწავლისათვის.
3. ტაძრის ინტერიერში წაშლილი და გათეთრებულია ფრესკული მოხატულობის ის მცირე ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი.
შედეგად მივიღეთ იავარქმნილი ქართული ტაძარი, რომელიც რუსული პოლიტიკური ვანდალიზმის კიდევ ერთი მსხვერპლია საქართველოში. ეს ფაქტი ადასტურებს რუსეთის ხელისუფლების ბარბაროსულ ხასიათს“, – აცხადებენ „ექსპერტთა კლუბში“.
ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი შველას ითხოვს. საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე პირობას დებს, რომ ოკუპირებული მიწების დასაბრუნებლად ლეგიტიმურ სამხედრო ძალას არ გამოიყენებს. კრემლის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თბილისის დაპირება დაგვიანებულია.