ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ

ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ

შემცირებული საგარეო ვაჭრობა, გაზრდილი ვალები, გადასახადები და უმუშევრობა, მოსალოდნელი „მშიერი ბუნტი“ – „თავისუფალი დემოკრატები“ ასე აფასებენ იმ ეკონომიკურ ვითარებას, რომელიც დღესდღეობით საქართველოშია.

 

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში საგარეო ვაჭრობის ბრუნვის მოცულობა 2008-09 წლებთან შედარებით 30%-ით შემცირდა და 5.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან 24%-ით შემცირდა ექსპორტი და 31%-ით იმპორტი.

 

„ვარდების რევოლუციის შემდგომ წლებში ექსპორტის წილი საგარეო სავაჭრო ბალანსში მუდმივად მცირდება და თუ 2004 წელს მისი ხვედრითი წილი 26%-ს შეადგენდა, 2009 წელს 20% დაეცა, შედეგად 2.3 მილიონ დოლარამდე გაიზარდა უარყოფითი სავაჭრო სალდო, რაც სამჯერ მეტია 2004 წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე. აღსანიშნავია, რომ ფაქტობრივად, ყველა ქვეყნასთან უარყოფითი სავაჭრო სალდო გვაქვს. ვვაჭრობთ 131 ქვეყნასთან, აქედან 101 ქვეყნასთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს“, - აღნიშნა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა გია ცაგრეიშვილმა.

 

დეპუტატმა ყურადღება ქვეყნაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2008 წლის მეორე ნახევარში, იგი შემცირდა და საბოლოო წლიურმა მაჩვენებელმა 1 მილიარდ 564 მილიონ დოლარს მიაღწია, 2009 წელს ქვეყნაში სულ 658 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიციები შემოვიდა, ხოლო 2010 წელს პირველ კვარტალში 76 მილიონი დოლარი, საიდანაც 15 ქვეყნის ინვესტორმა იმავე პერიოდში საქართველოდან 33 მილიონი დოლარის ინვესტიციები გაიტანა.

 

ამ ფონზე „თავისუფალი დემოკრატები“ ხელისუფლებას საკუთარი ხალხისადმი შეთქმულებაში ადანაშაულებენ და უახლოეს მომავალში სოციალურ ბუნტს არ გამორიცხავენ. ყველაფერს ისიც ემატება, რომ ყოველ წელს იზრდება საგარეო ვალისთვის გადასახდელი თანხა.  კერძოდ, 2012 წელს საგარეო ვალის დასაფარად, როგორც ძირი თანხის, ისე პროცენტისთვის, საქართველოს 325 მილიონის გადახდა მოუწევს, 2013 წელს კი - 817 მილიონი აშშ დოლარის.

 

ცაგარეიშვილმა უმუშევრობაზეც გაამახვილა ყურადღება. ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობა საქართველოში 17%-ს შეადგენს, თუმცა „თავისუფალი დემოკრატების“ მონაცემებით, უმუშევრობის დონე 30%-საც აღწევს. მან მსოფლიო ბანკის მონაცემებიც მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, 2009-10 წლებში საქართველოში სიღარიბის ზღვარი 23%-დან 30%-მდე გაიზარდა.

 

იმავდროულად უმძიმესი ვითარებაა სოფლის მეურნეობაშიც. ასეთ ფონზე, ცაგარეიშვილი ხელისუფლებას შეთქმულებაში ადანაშაულებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში და მოსახლეობის სიღატაკის ზრდის პირობებში, ხელისუფლება ყველანაირ გადასახადს და მოსაკრებელს ზრდის. 

 

დეპუტატმა წინა თვეს მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირება ხდება. ასევე, ხაზი გაუსვა, რომ დედაქალაქის საკრებულომ უკანასკნელ დღეებში მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირების თაობაზე და ამის პარალელურად, საქართველოს პარლამენტში შემოვიდა მთავრობის ინიციატივა, რომლის თანახმადაც, დასუფთავებისა და ნაგვის მოსაკრებლის გაზრდაც ივარაუდება.

 

კერძოდ, ამ ინიციატივით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე მოსაკრებლის არსებული ზედა ზღვარი, როგოც დედაქალაქში ისე რეგიონებში, უქმდება. ცაგარეიშვილს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით ზამთრის პირას, მაშინ როდესაც თითოეულ ადამიანს დენის და ბუნებრივი აირის გადასახადიც უორმაგდება, ხელისუფლების მხრიდან დაუშვებლად მიაჩნია.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ აზრით, ხელისუფლებას შეგნებულად მიყავს ხალხი სოციალური აფეთქებისაკენ და რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს, ამ მოვლენებს აუცილებლად მოყვება ე.წ. „მშიერი ბუნტი“.

 

ცაგარეიშვილი როგორც დედაქალაქის მერს, ისე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს სთავაზობს, რომ იგივე ტრიბუნიდან, რა ტრიბუნიდანაც დღეს მან ისაუბრა, საზოგადოებას აუხსნან თუ რატომ არ ასრულებენ საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებებს, რატომ შიმშილობს ხალხი, განსაკუთრებით რეგიონებში და განსაკუთრებით საზღვრისპირა რეგიონებში და სად დაიკარგა ცნობილი ლოზუნგი „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე!“