სვანეთში, ზამთრის ტურისტულ სეზონზე, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეიქმნა, რაც თავის მხრივ, ბიტკოინების წარმოების გამო ელექტროენერგიის გაზრდილმა მოხმარებამ განაპირობა. შესაბამისად, უკვე ინტენსიურად მიდის საუბარი, რომ რეგიონში ელექტროენერგიაზე გადასახადი უნდა დაწესდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მომარაგება თანდათან შეუძლებელი გახდება. გამანაწილებელი კომპანიის დანაკარგი მილიონობით ლარია.
სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის, რის გამოც სადისტრიბუციო კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“, აღნიშნული რეგიონის მომსახურებისთვის, მათ შორის ქსელის გასამართად, თანხას ვერ იღებს. გასული წლის ბოლოს, პარლამენტში ვიზიტისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, რომ სვანეთის მოსახლეობას შესაძლოა, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწიოს, თუმცა ვადები არ დაუკონკრეტებია.
სვანეთისთვის დენის ტარიფის შემოღებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან ადგილობრივ მუნიციპალიტეტში: „არ ვაპირებთ დენზე გადასახადის დაწესებას“, - აღნიშნა მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა.
„ჩვენ არ ვაპირებთ დავაწესოთ ელექტროენერგიაზე გადასახადები. ეს პრობლემა კონკრეტული საკითხიდან მომდინარეობს, რასაც ბიტკოინების მაინერების გაზრდილი რაოდენობა ჰქვია. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი გამოვლენა და როდესაც გამოვლინდებიან, კანონის შესაბამისად მოვიქცევით“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ცოტა ხნის წინ იგივეს ამბობდნენ „ენერგო პრო ჯორჯიაში“. ისინიც აპირებენ კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდნენ.
„კრიპტოვალუტების გამომუშავების მოწყობილობების აღმოსაჩენად, ყველა საფიდერე ხაზზე მოეწყობა საბალანსო აღრიცხვის წერტილები. აგრეთვე, სატრანსფორმატორო პუნქტებზე დამონტაჟდება მრიცხველები, თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობს მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის ფონზე, რაც აფერხებს ჩვენ მიერ დაგეგმილი სამუშაოების წარმოებას“, - განაცხადეს „ენერგო პრო ჯორჯიაში“.
აღსანიშნავია, რომ საფასურის გადაუხდელობის გამო, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე კომპანიის კარგვა არის 50 მლნ კვტ/სთ 8 მლნ ლარი.
ელექტროენერგიის არასტაბილური მიწოდების გამო, პრობლემა უკვე ტურიზმსაც ექმნება. მესტიის ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელი ლევან დადვანი „ბიზნეს მედიასთან“ ამბობს, რომ დამსვენებელი სასრიალო ტრასებითა და ბუნებით კმაყოფილია, თუმცა ინფრასტრუქტურული გაუმართაობა, მათ უკმაყოფილებას იწვევს.
„ტურისტული სეზონის დაწყებას დაახლოებით ისე შევხვდით, როგორც სხვა სამთო კურორტები შეხვდნენ, თუმცა მათგან განსხვავებით ჩვენ წყლის პრობლემები არ გვქონია. მაგრამ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს ელექტროენერგიასთან დაკავშირებით. ბევრს აქვს გაკეთებული ბიტკოინების ფერმები, რასაც ძალიან დიდი ენერგია სჭირდება, ელექტროსისტემა კი ლენინის დროს არის გაკეთებული და ვერ უძლებს ამ დატვირთვას. მაგალითად, 2-3 დღის წინ მესტიაში დენი საერთოდ არ მოსულა. სასტუმროებს კი გათბობა ელექტროენერგიაზე აქვთ, მათ შორის ჩვენც, თუმცა ჩვენ შეშაზეც ვთბებით და შედარებით ადვილად გამოვძვერით. ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ცალკე გზის პრობლემაა, დროულად ვერ ხერხდება გზების გაწმენდა... დამსვენებლები ბუნებით, და სასრიალო ტრასებით კმაყოფლები არიან, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ინფრასტრუქტურულადაც გამართული ყოფილიყო ყველაფერი“, - განაცხადა ლევან დადვანმა.