საბანკო ბარათების მონაცემებზე წვდომის მეთოდები სულ უფრო „იხვეწება“. უკვე არსებობს მოწყობილობა, რომელსაც ბარათის მონაცემების დაკოპირება მხოლოდ ერთი შეხებით შეუძლია. აღნიშული ტექნოლოგია სხვადასხვა საიტებზე იყიდება და მისი გამოყენების შემთხვევები საქართველოშიც ფიქსირდება.
წელს თაღლითები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. შემთხვევების სტატისტიკაც მოწმობს, რომ კიბერდანაშაულის მასშტაბები თვალსა და ხელს შუა იზრდება. საკმაოდ დაფიქრებულნი არიან საფინანსო ორგანიზაციებში და თვით ეროვნულ ბანკშიც.
გამოჩნდა პატარა მოწყობილობა, რომელსაც ბარათის მქონე ადამიანის ჩანთას შეახებენ. როგორც კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია ამბობს, ამით თაღლითები ბარათის კოპირებას ახდენენ. მონაცემების ხელში ჩაგდების შემდეგ კი შემდეგ ანგარიშზე არსებულ თანხას ითვისებენ.
„საქართველოში ამ მოწყობილობის გამოყენების შემთხვევები ყოფილა. ახლა ერთ-ერთი ამბავი მახსენდება, რომელიც შარდენზე მოხდა. ჩვენ ამის ვიდეო სიმულაციაც გავაკეთეთ. ეს არის ბარათების ე.წ. კოპიერები, რომელიც იყიდება სხვადასხვა საიტებზე. მათ შორის, უფრო მაღალტექნოლოგიურიც არსებობს, ყიდულობენ ნაწილებად და შემდეგ აწყობენ.
იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მოწყობილობა ყველა ტიპის ბარათზე არ მუშაობს, სულ უფრო ახალი მოდელები შემოდის. შესაბამისად, რთულია მისი დეტალურად დახასიათება, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს რაღაც მინიშნებას მისცემს ადამიანებს და ბევრი შეეცდება შეძენას და მეორე, მართლა ძალიან ბევრი მოდელია უკვე შემუშავებული. ამ მოწყობილობის საშუალებით, კოპირდება ბარათი და შემდეგ ხდება თანხის მითვისება“, - აღნიშნავს ლაშა პატარაია.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტი თაღლითობის კიდევ ერთ ახალ ტექნოლოგიაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც, საბანკო ბარათებიდან თანხის ჩამოჭრა ტერმინალის მობილური ვერსიებით ხდება.
„ბოლო პერიოდში კიდევ ახალი მეთოდი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, კოპირებით კი არა, ტერმინალებით დადიან. კერძოდ, შეიმუშავეს ისეთივე ტერმინალის მობილური ვერსია, როგორიც მაღაზიებში აქვთ მოლარეებს. სწორედ ამის საშულებით დადიან და მეტროებში ბარათებიდან თანხას ხსნიან. სიმართლე გითხრათ, აღნიშნული ტერმინალის საქართველოში გამოყენების შესახებ ჯერ არ მსმენია, თუმცა ბარათების კოპირება არაერთხელ ყოფილა“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ პატარაიამ.
საბანკო ბარათებზე თაღლითობის შემთხვევები წელს განსაკუთრებით გააქტიურდა. სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე შეტევა იმდენად ხშირად ხდება, რომ რისკი ერთბაშად რამდენჯერმე გაიზარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ გააფრთხილა და მოუწოდა მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას.
„ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების განხორციელება. ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება საგადახდო ბარათის ნომერი და მისი უსაფრთხოების სამნიშნა კოდი, რომელიც დატანილია ბარათის მეორე გვერდზე, ასევე ინტერნეტ-ბანკის, მობილური ბანკის, ელექტრონული საფულის მომხმარებლის სახელი, პაროლი და უსაფრთხოების კოდი. აღნიშნული მონაცემების ხელში ჩაგდებით თაღლითები ახორციელებენ არასანქცირებულ გადარიცხვებს.
თაღლითობის ამ ფორმას ფიშინგი ეწოდება. იგი წარმოადგენს კიბერდანაშაულს, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას მისდის შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა ფორმით, იმისათვის, რომ მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს. ფიშინგის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამიზნეს ფინანსური ინსტიტუტები და მათი მომხმარებლები წარმოადგენენ.
ფიშინგის დროს, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული სარეკლამო შეტყობინებების ან ელექტრონული მეილის საშუალებით მიღებული ბმულის საშუალებით მომხმარებელი შედის/გადადის ყალბ ვებ-გვერდზე, რომელზე გადასვლაც, უმეტესწილად, შეტყობინებაში მითითებული ფიშინგის ბმულით ხდება. აღსანიშნავია, რომ გაყალბებული ვებ-გვერდი, ხშირ შემთხვევაში, ვიზუალურად მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ფინანსური ინსტიტუტის ნამდვილ, ოფიციალურ ვებ-გვერდს (მაგ. ინტერნეტ-ბანკის ვებ-გვერდი, სხვადასხვა გადახდების ვებ-გვერდი). გაყალბებულ ვებ-გვერდზე, რომელიც ინტერნეტ-ბანკის მსგავსია, მომხმარებლის დასახელების (უსერ ნამე), პაროლისა და სხვა უსაფრთხოების მონაცემების შეყვანით, თაღლითები იძენენ მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომას, ხოლო გადახდების ვებ-გვერდზე მომხმარებლის მიერ გამჟღავნებული ბარათის ნომერისა და უსაფრთხოების სამნიშნა კოდის საშუალებით თაღლითებს საშუალება ეძლევათ ინტერნეტ სივრცეში არასანქცირებული გადახდები განახორციელონ“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ზოგადად ქვეყანაში კიბერთაღლითობის შემთხვევები რომ გახშირებულია, ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაც მოწმობს, თუმცა როგორც კიბერუსაფრთხოების ექსპერტები აღნიშნავენ, ყველა შემთხვევა საგამოძიებო უწყებამდე არ მიდის, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ თაღლითობის ფაქტები გაცილებით მეტია.