ძაბირაძე საყოველთაო დაუმორჩილებლობაზე: 30 წელია ამის შესახებ მესმის, მაგრამ ჯერ კაციშვილს არ გაუკეთებია

ძაბირაძე საყოველთაო დაუმორჩილებლობაზე: 30 წელია ამის შესახებ მესმის, მაგრამ ჯერ კაციშვილს არ გაუკეთებია

 

„არ ვიცი, რას გულისხმობს დღევანდელი ოპოზიცია ამ განცხადებაში, მითუმეტეს, რომ მუდმივად ხაზს უსვამს, რომ კონსტიტუციის ფარგლებიდან არ გავა. დამოურჩილებლობა კი ნიშნავს, რომ უარს ამბობ სახელმწიფო სტრუქტურებზე“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის სამომვალო გეგმებს.

14 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების ჩაგდების შემდეგ, დასავლელი დიპლომატების შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაწყებული მოლაპარკება პრაქტიკულად ჩიხში შევიდა. „ოცნება“ არ დათანმხმდა ოპოზიციის შეთავაზებებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ფორმატთან დაკავშირებით - ე.წ. გერანულ მოდელსა და მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს.

მეორემ მხრივ, ოპოზიციისათვის მიუღებელი აღმოჩნდა 20 დეკემბრის შეხვედრაზე „ოცნების“ მიერ წარმოდგენილი მოდელი, რომლის მიხედვთიაც 2020 წლის არჩევნები ისევ შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს, ოღონდ 100 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 50 მაჟორიტარაული წესით აირჩევა. ოპოზიცია ამ შეთავაზებას არასერიოზულს უწოდებს და ხელისუფლებას საყოველთაო ეროვნულ დაუმორჩილებლობას უცხადებს.

„მოსალოდნელიც იყო, რომ ოპოზიცია უარს იტყოდა ასეთ შეთავაზებაზე და სამოქმედო გეგმასაც დასახავდა, მაგრამ არ ვიცი,  კონკრეტულად რას გულისხმობს ოპოზიცია საყოველთაო დაუმორჩილებლობაში. ეს თემა ახალი არ არის და 30 წელია მესმის,  მაგრამ ჯერ კაციშვილს არ გაუკეთებია. მაგათი ლიდერიც ხან ზღვით ჩამოდიოდა, ხან - ხმელეთით. მართალია, ბოლო ხანებში აღარ გამიგია, მაგრამ ხომ იმუქრებოდა? ახლა ამათ დაიწყეს დაუმორჩილებლობაზე ლაპარაკი.

„კი, ბატონო, ვისაც სახლში ჯდომა არ უნდა და აღმა-დაღმა უნდა სირბილი, მესმის, მაგრამ არ მგონია, რომ თვითონ ოპოზიციის  შიგნით, ვინც სერიოზულად უყურებს ამ თემას, შეუერთდნენ. 

„ოპოზიციას თავად არ აქვს გარკვეული თავი და ბოლო. საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობა კი არა, მასიური საპროტეტსო აქციების მოწყობა არ შეუძლია. თანაც ამის არანაირი განწყობა საზოგადოებაში არ არის, ასეთი განცხადებები ცხელ გულზე არ უნდა გააკეთო, რადგან ისევ შენს წინააღმდეგ იმოქმედებს, მაგრამ ამას ვერ ხვდებიან. 

„ისე, ოპოზიციამ, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამს, რომ კონსტიტუციის ჩარჩოებს არ გასცდება, ელემენტარულად ის მაინც უნდა აგვიხსნას რას გულისხმობენ დაუმორჩილებლობაში, რადგან დაუმორჩილებლობა იმას ნიშნავს, რომ უარს ამბობ სახელმწიფო სტრუქტურებზე. ყოველ შემხვევაში მე აქამდე ასე ვიცოდი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.