ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაში დატოვების უკანონო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე პროგრესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ თემის კომენტირებისას განაცხადა
„სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც ახლა განვიცდი, უპრეცედენტო თანადგომის და არაერთი მოწოდების მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში რჩება. არ დარჩენილა არც ერთი ფორმატი, სადაც ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ვითარებას, უსაფრთხოების გარემოს და ქმნის ესკალაციის საფრთხეს, აღარაფერს ვამბობ ექიმის ოჯახზე“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
13 დეკემბერს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 15 ნოემბერს შეუფარდეს.
მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ.