საარსებო მინიმუმი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს!

საარსებო მინიმუმი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს!

2019 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2.7 ლარით გაიზარდა. ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 195.6 ლარს შეადგენდა მაშინ, როცა ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 192.9 ლარი იყო. მაჩვენებელი თანდათან უახლოვდება 200-ლარიან ზღვარს, მაგრამ სპეციალისტები მის გაორმაგებას ითხოვენ. ტოტალური სიძვირის პირობებში, სრულიად შეუძლებელია ადამიანმა ამ თანხით 2 კვირაზე მეტხანს თავი გაიტანოს.

„საქსტატის“ მონაცემებით, ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში 2.5 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 173.3 ლარი შეადგინა, 4,6 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 328.1 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის ნოემბრის მონაცემთან შედარებით, 35.6 ლარით არის გაზრდილი.

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის თქმით, საარსებო მინიმუმის 195 ლარამდე ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ იგი ასახავს იმ სამომხმარებლო ხარჯების რეალურ ერთობლიობას, რომელიც საჭიროა ერთი თვის მანძილზე შრომისუნარიანი მამაკაცის აუცილებელი ხარჯების დასაფარად. მიუხედავად იმისა, რომ საარსებო მინიმუმი იზრდება, იგი რეალურად აღარ არის საკმარისი ადამიანის მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

„ფაქტობრივად, ახლანდელი საარსებო მინიმუმი სიღატაკის ზღვრის ქვედა, ძალიან დაბალი დონის მაჩვენებელია და არასწორ იმპულსებს უგზავნის ხელისუფლებას, მედიას, საზოგადოებას და ა.შ. ჩვენ ეს მაჩვენებელი კი არ უნდა უარვყოთ, არამედ მისი შინაარსი თანდათან უნდა დავუახლოვოთ სიღარიბის ზღვრის თვისობრივ შინაარს.

დღეს, საარსებო მინიმუმში 70% უკავია სურსათს და 30%-ს ყველა დანარჩენ ხარჯს. ეს არის ნონსენსი, როგორ შეიძლება 70% იყოს სურსათი, მაშინ როდესაც უკიდურესი ღარიბი მოსახლეობის სურსათის ხარჯები არ აღემატება 45-50%-ს. ეს ისტორიულად შემოგვრჩა 1990-იანი წლებიდან და დღემდე არ შეუცვლიათ. 4-5-ჯერ შეიცვალა კონსტიტუცია, საგადასახადო კოდექსი, აბსოლუტურად სხვა ფასეულობებზე ავიღეთ ორიენტაცია და ეს 70%-30%-ზე თანაფარდობა ისევ ძალაშია... უხერხულია... ახალ ვითარებაში ვცხოვრობთ, ეკონომიკური შესაძლებლობები საზოგადოებას გაეზარდა და ჩვენ კიდევ 1995 წლის თანაფარდობით ვსაზღვრავთ საარსებო მინიმუმს. 70% უნდა ჩამოვიყვანოთ სულ მცირე 50%-ზე“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ არჩვაძემ.

მან ასევე სურსათის კომპონენტში ცხოველური წარმომავლობის კალორიების რაოდენობის ზრდის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„სურსათში დამახინჯებულია და დარღვეულია ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების კომპოზიცია. ცხოველური წარმომავლობის კალორიების რაოდენობა არის ძალიან დაბალი და უნდა გაიზარდოს. ეს მოგვცემს იმას, რომ ერთი კალორიის ღირებულება 5-6-ჯერ და მეტჯერაც უფრო ძვირია, ვიდრე მცენარეული წარმომავლობის პროდუქციის კალორიების რაოდენობა. რომ ავიღოთ, მაგალითად, საქონლის ხორცი, დაახლოებით 15-ჯერ უფრო ძვირი ჯდება 1000 კილოკალორიის მიღება, ვიდრე პურიდან. ანუ შეგვიძლია პურზე გადავიყვანოთ და ღირებულება შევამციროთ, მაგრამ ეს იქნება დარღვევა.

ამიტომ სასურსათო კალათის დაბალანსება უნდა მოხდეს, რაც გამოიწვევს ღირებულების გაზრდას. ამგვარად, ორნახტომიანი სვლა უნდა გავაკეთოთ: გავზარდოთ სასურსათო კალათაში ცხოველური წარმომავლობის პროდუქციის რაოდენობა, რათა აქედან მიღებული კალორიების რაოდენობა იყოს დაახლოებით 50-60% და მეორე - სურსათის გაძვირებულ კალათას დავუთმოთ არა 70%, არამედ 50%. შედეგად ახლანდელი მაჩვენებელი - 195 ლარი, სულ მცირე უნდა გაორმაგდეს, დაახლოებით 390-400 ლარის ფარგლებში. ეს იქნება შედარებით რეალური მაჩვენებელი“, - განმარტა სოსო არჩვაძემ.

საარსებო მინიმუმს ადამიანისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვები და არასაკვები პროდუქტების ღირებულება წარმოადგენს. საარსებო მინიმუმი ერთ სულ მოსახლეზე ითვლება. ეს მაჩვენებელი სასურსათო და არასასურსათო ნაწილს აერთიანებს. საარსებო მინიმუმი მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებას ასახავს.

„საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ის ერთგვარი სოციალური ორიენტირია მოქალაქეთა ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისა და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებისათვის. სწორედ ამ მაჩვენებლის მიხედვით განისაზღვრება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობა.

საარსებო მინიმუმის ფორმირებას საფუძვლად უდევს შრომისუნარიანი კაცის სასურსათო კალათა, რომელიც 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და ჯამში 2300 კილოკალორიას შეადგენს.