ლარის სწრაფი და მკვეთრი გამყარების შემდეგ დღის წესრიგში დგას საკითხი როდის აისახება ეს სამომხმარებლო ფასებზე. მოკლე პერიოდში პროდუქციის გაიაფების არანაირი ნიშანწყალი არ იგრძნობა და ამის იმედს ჯერ ვერც იმპორტიორები იძლევიან. მათი აზრით, ეს გამყარება კი არა, დასტაბილურებაა.
საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია განმარტავს, რომ კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად, მოკლევადიანი გამყარება პროდუქციის გაიაფების საფუძველი ვერ იქნება.
„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ. ასეთი რამე უახლოს მომავალში არ მოხდება. ეს გამყარება არ არის, ეს კურსის დასტაბილურებაა. ლოგიკურად რომ მივყვეთ, ქვეყნის ეკონომიკაში არაფერი ისეთი არ გაკეთებულა, რომ ამას ლარის გამყარება გამოეწვია. ინვესტიციები არ არის და არაფერი მსხვილი პროექტი არ შემოსულა, რომ ამას ლარის სტაბილურობა გამოწვია. თუმცა, ეს სტაბილურობა კარგია, თუნდაც იმისთვის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი არ გაიზრდება“, - აღნიშნა ჭყონიამ.
მისივე განცხადებით, კომპანიებს, თუ მოგების მარჟა 20%-ის ფარგლებში ჰქონდათ, ფასების გაზრდის შემდეგ 13%-მდე შეუმცირდათ. მიზეზი კი ის არის, რომ საცალო სექტორი ფასებს პროპორციულად ვერ ზრდის, რადგან რეალიზაცია კატასტროფულად შემცირდება. ლარის სტაბილირობა კი კომპანიებისთვის შვება იქნება“, - განუცხდა „კომერსანტს“ ჭყონიამ.
რაც შეეხება იმას, თუ რა მიზეზით მყარდება ლარი, დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარის პასუხი ასეთია: „იმ ფონზე, როცა ბოლო სამი თვის განმავლობაში რეფირანსირების განაკვეთი სამჯერ შეიცვალა და ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა 150 მლნ-მდე დოლარი გაყიდა, ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზიც ესაა“.
ამ ეტაპზე, ფასის რამე ტიპის შეცვლაზე საუბარი უჭირს, კომპანია „დუს“ დამფუძნებელ დავით გოგიჩაიშვილს. იმპორტიორი აცხადებს, რომ რამდენიმედღიანი დასტაბილურება ბიზნესს არ უჩენს სიმყარის და მომავლის დაგეგმვის შანს, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე.
„ჯერ მხოლოდ რამდნიმე დღეა, რაც ლარმა შედარებით გამყარება დაიწყო. იმპორტიორის და პროდუქციის შემდგომი გამსაღებლის ინტერესიც ყოველთვის დაბალი ფასია, რადგან ეს ზრდის მსყიდველუნარიანობას, მაგრამ ისეთი მძიმე გამოცდილება გვაქვს ლართან მიმართებით, რომ რამდენიმედღიანი დასტაბილურება გრძელვადიან გეგმებზე საუბრის შანსს არ იძლევა. რასაკვირველია, თუ ლარი გამყარებას განაგრძობს, ფასი დაიწევს, რამდენით ეს დროის საკითხია“, - აღნიშნა იმპორტიორმა.
ჯერჯერობით ქვეყანაში არ შეცვლილა საწვავის ფასიც, რომელიც შედარებით სწრაფად რეაგირებს როგორც გაცვლით კურსზე ასევე საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ტენდენციაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ბირჟებზე ბოლო პერიოდში ნავთობპროდუქტების ფასი სტაბილურია და გაძვირების არანაირი ნიშნები არ იკვეთება. შესაბამისად, მალე ლარის გამყარება საქართველოში საწვავის ფასზე დადებითად უნდა აისახოს.