დედაქალაქში ყვითელი მიკროავტობუსები ისე შეიცვლება, რომ მგზავრობის ტარიფი არ გაიზრდება. საამისოდ მერიამ თავისი ბიუჯეტიდან 300 სამგზავრო სატრანსპორტო საშუალების შესაძენად თანხა უკვე გამოყო. ტენდერი მალე ჩატარდება და 2020 წლიდან მიკროავტობუდები შეიცვლება.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, კერძო კომპანიასთან მოლაპარაკება იოლი არ იყო.
„დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება, მოწესრიგება და ორი კვირის წინ მივადექით საკმაოდ მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას, ეს არის მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხი, რომელიც დაევალა თბილისის ვიცე-მერს. მგზავრობა სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და დიდი პრობლემაა გამონაბოლქვი. კომპანიასთან მოლაპარაკება ადვილი არ იყო, მაგრამ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მოსახლეობას ტარიფი არ გაეზრდება“, - განაცხადა კალაძემ.
მიკროავტობუსების პარკის განახლება 2020 წლიდან დაიწყება და დედაქალაქის ბიუჯეტში 300 მიკროავტობუსის შესაძენად დაახლოებით, 30 მლნ ლარი არის გათვალისწინებული. როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხამალაძემ განაცხადა, ამ დროისთვის დედაქალაქს, დაახლოებით, 1500-მდე მიკროავტობუსი ემსახურება, თუმცა მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, შემცირდება.
„თანხა, რომელიც დასჭირდება 300 მიკროავტობუსის შეძენას, ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და თანხები უკვე მოიძებნა. საუბარია, დაახლოებით, 30 მლნ ლარზე. ამჟამად დედაქალაქს ჯამში, დაახლოებით, 1400-1500 მიკროავტობუსი ემსახურება, თუმცა განახლებული ქსელით შესაძლოა ეს რაოდენობა შემცირდეს, რადგან ვზრდით ავტობუსების და მათივე გაბარიტების მოცულობას. მიკროავტობუსები იქნება ავტობუსებთან დაკავშირების საშუალება. ძალიან გამიჭირდება ახლა იმაზე საუბარი, მთლიანად რა კაპიტალი დასჭირდება მიკროავტობუსების პარკის სრულ განახლებას, მაგრამ 300 ერთეული ნამდვილად არის ის რაოდენობა, რომელიც ახლა გვჭირდება“, - განაცხადა ხმალაძემ.
მისივე თქმით, ახალ მიკროავტობუსებზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
„რაც შეეხება მიკროავტობუსების ფერს და მარკას, ამას მე ვერ გეტყვით, ტენდერი უნდა გამოცხადდეს და ამის შემდეგ გაირკვევა“, - განაცხადა ხმალაძემ.
„თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე კი ორიოდე დღის წინ ინტერგირებულ ტარიფზე საუბრობდა და აგრეთვე სამარშრუტო ტაქსების რაოდენობის შემცირებაზეც.
„საუბარია, დიდ არტერიებზე მიკროავტობუსების ოდენობის შემცირებაზე, მაგალითად, თავისუფლების მოედნიდან, რუსთაველის, ჭავჭავაძის გამზირის გავლით, ვაკის სასაფლაომდე მიმართულებაზე, ასევე გლდანიდან დადიანის გამზირის მიმართულებით მარშრუტზე. სამაგიეროდ, ამ არტერიებს, უბნებიდან სწორედ მიკროავტობუსები მოამარაგებს. ამ სქემის განხორციელებას იმედის თვალით ვუყურებთ, რადგან მისი განხორციელებით, ყველანაირი საუბარი მიკროავტობუსებთან და ტრანსპორტთან დაკავშირებით, დამთავრდება“, - განაცხადა ასანიძემ.
მისივე თქმით, გეგმის თანახმად, თბილისში მგზავრობისას შესაძლოა, ინტეგრირებული ტარიფი დაწესდეს.
„სისტრას მიერ შემუშავებულ გეგმაში წერია, რომ ავტობუსები ივლიან გრძელ მარშრუტებზე, ძირითად არტერიებზე. პატარა მარშრუტებზე გადაადგილება კი, მათ შორის, უბნებიდან ხალხის გამოყვანა ან მეტროებიდან დიდი არტერიების მომარაგება მიკროავტობუსების ხარჯზე იქნება. თუმცა, ამ შემთხვევაში უკვე საუბარია, ინტეგრირებული ტარიფის შემოღებაზე. ეს გულისხმობს, რომ თუ მგზავრი ავა მიკროავტობუსში, ხოლო შემდეგ ავტობუსში გადაჯდება, ფულს აღარ გადაიხდის და პირიქით. ასეთი გადაჯდომების ფონზე, რომ ტარიფი არ გაძვირდეს, საჭიროა ინტეგრირებული ტარიფის შემოღება“, - აღნიშნა ასანიძემ.
მთელი ამ სატრანსპორტო ორომტრიალის ფონზე, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში საკადრო ცვლილება განხორციელდა. სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნულ პოზიციაზე ვიქტორ წილოსანი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
"ის განათლებით ეკონომისტია, მუშაობდა მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურში, უფროსის მოადგილედ. რაც შეეხება მამუკა მუმლაძეს, ის არსად მიდის, ჩვენთან აგრძელებს მუშაობას", - განაცხადა კახა კალაძემ.
შატრანსპორტო სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მუმლაძე მუშაობას მერიაში გააგრძელებს, თუმცა რა თანამდებობაზე, კალაძეს არ დაუკონკრეტებია.