ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა. მართალია, კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების შემოღების სქემა არ გადავადდება, მაგრამ ტარიფები გადაიხედება და სამედიცინო დაწესებულებების აზრს გაიზიარებენ. ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება სამინისტროსა და კლინიკების ფინანსისტებით. ჯგუფში ასევე შევლენ პროფესიული გაერთიანებების წევრები.
მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფის გათანაბრებას ეხება, არ გადავადდება, თუმცა ზემოაღნიშნული ჯგუფი ტარიფების შეცვლაზე იმუშავებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რომელიც არა მხოლოდ მთავრობის, არამედ დარგის და ერთობლივად ყველას რეფორმაა.
„შესაბამისად, ამ რეფორმის შედეგების და რეპუტაციის დაცვა და განვითარება ვფიქრობ, ჩვენი ყველას ინტერესია. ის პრინციპები, რითაც ამ რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია და განვითარება სჭირდება. ეს არის ძალიან მარტივი და ლოგიკური პოზიცია. თუ არსებობს პრობლემები, მზად ვართ ამაზე სასაუბროდ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობა, სხვანაირად მისი შემდგომი განვითარება შეუძლებელი იქნება.
მაინტერესებს ჯანდაცვის სისტემა და საყოველთაო ჯანდაცვა უახლოესი 3-5 წლის განმავლობაში, რადგან ეს სისტემური ცვლილებებია. ამ ცვლილებებმა, პირველ რიგში, უნდა გაზარდოს ეფექტურობა და შედეგად ხარისხი მომსახურებისა, რომელსაც ჩვენს რიგით მოქალაქეებს ვაწვდით. აქ რომ გარკვეული პრობლემები არსებობს, ვფიქრობ, ამაზეც შევთანხმდებით“, - მიმართა გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.
კლინიკების წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრით კმაყოფილნი დარჩნენ. როგორც „ევექსის“ კლინიკების ქსელის დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა აღნიშნა, შეთანხმება შედგა და სამინისტროში სწრაფად შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. „ვფიქრობ, რომ შექმნილ სიტუაციაში ეს კონსტრუქციული და გონივრული გამოსავალია“, - განაცხადა მინდიაშვილმა.
კლინიკა „ღია გულის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით მიქელთაძეც ადასტურებს, რომ პრემიერთან შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა.
„პრემიერმა ძალიან კონსტრუქციულად მოგვისმინა და საკითხი გადაიხედება. გადავადება არ ხერხდება ამ ეტაპზე, მაგრამ რაღაც კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ, რათა არ დაზარალდნენ პაციენტები. მიღებულია გადაწყვეტილება, ჩვენი ფინანსისტები და ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსისტები ერთად გაივლიან ამ ტარიფებს. თუ სადმე რამე პრობლემაა, შევეცდებით, აღმოიფხვრას“, - განაცხადა მიქელთაძემ.
ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ლაზარაშვილი ამბობს, რომ პროგრამა უნდა განვითარდეს, შესაბამისად, გადავადება ვერ მოხდება.
„პრემიერი დაგვპირდა, რომ უმოკლეს ვადაში, რამდენიმე დღეში პრინციპულ საკითხს განიხილავს. ასევე, დავალება მიეცა ჯანდაცვის მინისტრს, სწრაფად გასწორდეს უზუსტობები და შეცდომები, რაც არის ტარიფებში. ითქვა, რომ ლოგიკური ტარიფები შემუშავდეს“, - განაცხადა ლაზარაშვილმა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და 30-მდე კლინიკის წარმომადგენელს შორის გამართულ შეხვედრა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი ალექსანდრე ალადაშვილმა დადებითად შეაფასა.
„გიორგი გახარიამ, როგორც ყოველთვის, მედიაციის და კონფლიქტების დარეგულირების საქმეში გამოაჩინა დიდი ტალანტი, რაც მთავარია, შეხვედრა პოზიტიურად წარიმართა.
შევთანხმდით, რომ უნდა დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე პროფესიული გაერთიანებების, საზოგადოების წარმომადგენლები. საჭიროა მოვამზადოთ მასალები, პირველ რიგში, რაღაც სტანდარტები შევიმუშავოთ, რომლის მიხედვითაც მოხდება ამ სტანდარეტბის გამკაცრება და ხარისხის კრიტერიუმი და ა.შ. ეს არის საკმაოდ ვრცელი, ხანგრძლივი და რთული საქმე, ამიტომაც ამას დასჭირდება დრო“, - განაცხადა ალადაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე იყო ზოგადი მოლაპარაკება და შემდეგ კი, რაც იქნება ყველაზე აქტუალური იმ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა.