დიტო გელოვანი: ლისაბონის სამიტი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში

დიტო გელოვანი: ლისაბონის სამიტი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში

– მეკობრეები რაღას აკეთებენ?

ტომმა უპასუხა:

– ო, ისინი ძალიან მხიარულად ცხოვრობენ: ტყვედ ჩაიგდებენ რომელიმე გემს, დაწვავენ. ფულს ჩამარხავენ თავიანთი კუნძულის  რომელიმე მიყრუებულ ადგილას, რომელსაც ყარაულობენ მხოლოდ ქაჯები და ეშმაკები. მეზღვაურებსა და ხალხს ხოცავენ და ზღვაში ყრიან.

– ქალები კი კუნძულზე მიჰყავთ, – ჩაურთო ჯომ, – ქალებს არ ხოცავენ.

– მართალია, – დაემოწმა ტომიც, – ქალებს არ ხოცავენ. ისინი კეთილშობილებას იჩენენ ქალებისადმი. გარდა ამისა, ქალები ყოველთვის ლამაზები არიან.

– მერე როგორ არიან მორთულ–მოკაზმულები! შესანიშნავი ტანისამოსი აქვთ, თავით ფეხებამდე ოქრო–ვერცხლითა და თვალ–მარგალიტით არიან შემკულნი! – აღტაცებით წამოიძახა ჯომ.

(მარკ ტვენი, “ტომ სოიერის თვგადასავალი”)

 

რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი, თუნდაც ამერიკელი, დებილი? იმიტომ რომ, მისი–ჭკუა–გონება და ფანტაზია მეკობრეობის იქით ვერ მიდიოდა – გემი ჩაიგდე ტყვედ, ხალხი დახოცე, განძი ეშმაკებიან კუნძულზე ჩამარხე და მერე უზიდე იმ ეშმაკებიან და ქაჯებიან კუნძულზე საჭმელი. თან, ვინ იცის, სანამ მეკობრეები ზღვაში დათარეშობდნენ, ტყვე ქალები ალბათ ქაჯებთან ბუღრაობდნენ. რა საჭიროა მეკობრეობა, როდესაც არსებობს ხელისუფლება, ტარდება სამიტი და ბიუჯეტი შენს ხელშია!

 

ძალიან უცებ მიწყნარდა ის ამბავი – 80 ქალისა და 140 ბოთლი შამპანურის ამბავს ვგულისხმობ. არადა, ყველაფერი ერთობ დამაინტრიგებლად დაიწყო:

“პორტუგალიურმა გამოცემა “Correio da manha” დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო-ს სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ჩასულმა ქართულმა დელეგაციამ მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალი დაიქირავა. ხმაურის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ ქართულ დელეგაციას სასტუმროს ადმინისტრაციასთან პირადად უჩივლა. გამოცემის თანახმად, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ხელშეკრულება გაუფორმეს. ქართულ დელეგაციას შეუერთდა რამდენიმე სომეხი დელეგატიც. პოლიციამ ერთ-ერთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იცნო. შემთხვევა სასტუმროშივე დასრულდა, თუმცა პოლიციის მიერ ინციდენტის სტატუსით ოფიციალურად დარეგისტრირდა”.

 

დამაინტრიგებლად დაიწყო–მეთქი და ისე საეჭვოდ სწრაფად მიწყნარდა, რომ, ვფიქრობ, ამაშიც კარგა გვარიანი ინტრიგა უნდა იყოს ჩადებული. კითხვა მაქვს: “მიწყნარდა” სხვაა და”მიაჩუმათეს” – სხვა?

 

მეთქი, იმ გაზეთის რედაქტორს თავ–ყბას მიუნგრევდნენ, ან, ბოლო–ბოლო, ბოდიშს მოახდევინებდნენ, მაგრამ არც ერთი მოხდა და არც მეორე. ორში ერთი: ან ის ყველაფერი სიმართლე იყო და ანაც არ იყო სიმართლე, მაგრამ ჭკუაში დაუჯდათ – “80 ქალი… იფ–იფ. სხვა დროს იყოს”.

 

ახლა, რა თქმა უნდა, მაინტერესებდა სხვების აზრი, თუ რას ფიქრობდნენ ლისაბონის ამბებზე. უმეტესობას ეჭვი ეპარებოდა – 80 რა ამბავია, განა “ჩვენები” რამდენი იყვნენო!  ბატონებო, სტუდენტობის დროს არის ტკბილი “კილკა” და 100 გრამი, თორემ მერე და მერე სუფრას სამნაირი მწვადი და ოთხნაირი ხიზილალა თუ არ ამშვენებს, გაბღენძილი კაცი ვეღარ იბღინძება, ხელმოცარული (ნიუდაჩნიკ) ვარო – ფიქრობს.

 

ქალებშიც ეგრეა. შესაძლოა, “ჩვენები” სულ ათნი იყვნენ, მაგრამ ჭეშმარიტი თავისუფლება ხომ არჩევანის თავისუფლებაა – ქერა, შავგვრემანი, მწითური, მაღალი, დაბალი, პუსკუნა, გამხდარი, ზანგი, მულატი, კრეოლი, მეტისი, კვარტერონი, ჩინელი, ესკიმოსი… უკვე 14 ჩამოვთვალე. აირჩიე და შეუბერე. აბა, ის არის კარგი, ფალსიფიცირებულ დათუნიასა და დაუმსახურებლად გაძვირებულ წიწიბურას შორის რომ გიწევს არჩევანის გაკეთება?!

 

სხვათა შორის, როგორც ის გამოცემა იუწყებოდა, ხორხოც–ფართის სომხური დელეგაციის რამდენიმე წევრიც შემატებია და მერე, როდესაც აკაკი მინაშვილს ამ ამბებზე ჰკითხეს – ნატოზე და ბოზებზე რას იტყვიო – მინაშვილმა უპასუხა, ამ დღეებში ნიქოზში სასმელ წყალს გავიყვანთ და იმ დღეებში ევროკავშირში შევალთო. ზუსტად ისე, როგორც ერთ ცნობილ ანეკდოტშია – სომეხს სულ სხვა რამეს რომ ეკითხებიან და ეს რომ პასუხობს, სამაგიეროდ კარგი კონიაკი გვაქვსო.

 

“რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, თემურ იაკობაშვილი, ლისაბონში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყო, თუმცა სასტუმროს ინციდენტის შესახებ არაფერი სმენია. როგორც იაკობაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საერთოდ არ ესმის, რა ინციდენტის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია და რატომ”.

 

შარშან, ამერიკაში რომ ჩავედი, მაიკლ ჯეკსონმა სწორედ იმ დღეს წაიღო წერილი. ჯეკსონს სული ჩემ ხელში არ დაულევია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჯეკსონი ცოცხალია. ჰოდა, იაკობაშვილი რომ ამბობს, არ მსმენიაო, კიდევ ერთხელ და, პირველ რიგში, მის გასაგონად ვიტყვი, რომ მთავარია გაგება.

 

პალიკო კუბლაშვილი, როგორც ყოველთვის, ორიგინალური იყო: “მსგავსი ინფორმაციაც შეიძლება გავრცელდეს, რომ ამ ინციდენტამდე ქართველმა დეპუტატებმა თითო-თითო ჩვილი ბავშვი შეჭამეს”. და ამის მერე წავიდა და წავიდა: “ფასები იზრდება” – “ჩვილი ბავშვი შევჭამე”, “უმუშევრობა იზრდება” – “ჩვილი ბავშვი შევჭამე”, “საგარეო ვალი იზრდება” – “ჩვილი ბავშვი შვჭამე”…

 

ვიცით, სინამდვილეში რასაც ჭამენ. სორბონას კურსდამთავრებული იმპერატორი ბოკასაც ეგრე ხუმრობდა – ბავშვებს ვჭამო, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მართლა ხუმრობდა და სინამდვილეში საფრანგეთის საელჩოს კულტურის ატაშე შეუჭამია.

 

მოკლედ, ქართული დელეგაციისა და ბოზების ამბავი დავიწყებას მიეცა, რადგან წინა პლანზე წამოიწია ობამასა და სააკაშვილის შეხვედრამ. იაკობაშვილი ალბათ იტყვის, იქ ვიყავი და ყველაფერი გავიგეო… პარდონ. იქნებ ჩვენც გაგვაგებინოთ, თორემ სულ ურთიერთგამომრიცხავი ხმები ვრცელდება. ზოგი ამბობს, მიშა და ბარაკა დაძმობილდნენო, ზოგი ამბობს, კი არ დაძმობილდნენ, არამედ ბარაკამ მიშას თითი დაუქნიაო. ზოგიერთმა კი თქვა, რომ თითს მანამდე უქნევდა, ლისაბონში კი – შეიწყალა.

 

მიმაჩნია, რომ ეს უკანასკნელი მოსაზრება არის სიმართლესთან ახლოს. ამერიკის პრეზიდენტებში ასეთი ტრადიცია მოსულა – მადლიერების დღესთან დაკავშირებით ვინმეს იწყალებენ ხოლმე.

 

გასულ კვირაში მადლიერების დღე იყო. მანამდე, საახალწლოდ ინდაურის ყიდვას ვგეგმავდი, მაგრამ იძულებული გავხდი, შემეწყალებინა – ავტობუსი და მეტრო გაძვირდა, წყალი გაძვირდა, სიგარეტის ნამწვს ერთხელ მაინც მოვისვრი ფანჯრიდან და ერთხელ მაინც დამავიწყდება ღვედის გაკეთება, მანქანის შუშებს პლიონკები კი ავაძვრე, მაგრამ ყურებიანი ქუდი არ მახურია… ჰოდა, ინდაურზე ახლავე ვთქვი უარი და გამოვიდა, რომ შევიწყალე. თან, მადლიერების დღეც იყო და…

 

თემურ იაკობაშვილი ამერიკაში ელჩად დანიშნეს, მადლიერად დაურჩა მთავრობას და პარტიას, ყველას ამერიკაში გელოდებითო – უთხრა კეთილისმყოფელებს. ოღონდო – დასძინა – ყველა ერთად ნუ ჩამოხვალთ, ცალ–ცალკე ჩამოდითო. რა ვქნა, ამაზეც ანეკდოტი გამახსენდა – კახელმა 200–კაციან სუფრას რომ უთხრა, დამეკიდეთო და ორასივე რომ წამოიწია, კახელმა დაიძახა, ერთად კი არა, ცალ–ცალკეო.

 

იაკობაშვილის ადგილს ტყეშელაშვილი დაიკავებს, ტყეშელაშვილის ადგილს – ბოკერია. ხოლო რაც შეეხება იმას, ვინმეს ხომ არ სურს ქართველების ადგილის დაკავება, ამის გარკვევა მოუწევს სომხეთში საქართველოს ახალ ელჩს, თენგიზ შარმანაშვილს. გაივსება საელჩო ედეპეშნიკებით, გაივსებიან ერევნის ლუდხანები...

“გამოდის, რომ ყველაზე რთული სამინისტროები ქალბატონებს ჩავაბარეთ. რეინტეგრაცია, ეკონომიკა, სასჯელაღსრულება ყველაზე რთული სამინისტროებია”, - განაცხადა გილაურმა და სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ საქართველოში “გენდერული ძალადობის საწინააღმდეგო” 16-დღიანი კამპანია დაიწყო.

 

“გენდერული პრობლემებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ რუსუდან კერვალიშვილმა, ოჯახში ძალადობის საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარემ ლალი ფაფიაშვილმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა ბაქრაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართეს. როგორც შეხვედრის დროს რუსუდან კერვალიშვილმა აღნიშნა, საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა მაღალია” – მე არაფერ  შუაში ვარ, ნიუსი იყო.

 

ლელა ბაქრაძისა და ლალი ფაფიაშვილის რა მოგახსენოთ, არ ვიცნობ, მაგრამ ქ–ნ რუსუდან კერვალიშვილს მინდა ვუთხრა, რომ საქართველოში ასევე მაღალია ზოგიერთი ოჯახური ბიზნესის მსხვერპლთა რიცხვიც. ახლა, უცებ, რატომღაც, მხოლოდ “ცენტრ პოინტი” მახსენდება.

 

ოჯახური ძალადობა იქით იყოს, მაგრამ ქალების ექსპლუატაციამ მართლაც შემაშფოთებელი მასშტაბი მიიღო. როგორც გილაურმა აღნიშნა, ყველაზე რთული სამინისტროები ქალებს ჩაბარდათ. და რას აკეთებენ ამ დროს ისეთი ცნობილი მამაკაცები და საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც არიან, მაგალითად, კობა ხაბაზი და სხვები? რას აკეთებენ და, კონცერტებზე დადიან. თქვენ წარმოიდგინეთ, პლასიდო დომინგოს კონცერტის გამო პარლამენტის დღის წესრიგიც კი შეცვალეს. ამაზეა ნათქვამი, ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვსო. თუმცა, მე მაინც მგონია, კობა ხაბაზს პლასიდო დომინგოსა და ხოსე კარერასს შორის არჩევანის გაკეთება რომ შესთავაზონ, ხაბაზი ნინა წკრიალაშვილს აირჩევს, რადგან ნინას ეკუთვნის ის, რაც არ ეკუთვნის არავითარ პლასიდოს და არანაირ დომინგოს დედამიწის ზურგზე. კერძოდ, სიტყვები “ერთი ბილეთი სოხუმამდე”.

 

დიახ, ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ სახელმწიფოც მოითხოვს მსხვერპლს – მესტიის რაიონის კულტურის სახლის თანამშრომლები ადმინისტრაციული შენობის გარეშე დარჩნენ. “გოჩა ჭელიძემ გვთხოვა, შენობა დროებით დაგვეტოვებინა და დაგვპირდა, რომ სარემონტო სამუშაოების შემდეგ კვლავ დავბრუნდებოდით. შენობის რეაბილიტაციის შემდეგ კი, შენობაში აღარ შეგვიშვეს. როგორც შემდგომ გავარკვიეთ, კულტურის სამსახურის შენობა ეკონომიკის სამინისტრომ შეისყიდა” – ამბობენ კულტურის სახლის თანამშრომლები. ცნობისათვის, გოჩა ჭელიძე მესტიის გამგებელია და სამი რამით არის დაკავებული: კომბლების გამოთლით, კომბლების ჭერში შეწყობით და კულტურის სახლის თანამშრომლების გადაგდებით. 

 

ბათუმურ კონცერტს დავუბრუნდეთ. კონცერტზე დასწრება, ძირითადად, იმათ მოახერხეს, ძლიერნი ამა ქვეყნისანი რომ არიან, ასეთი კი ბევრი არ არის – რამდენიმე დაპრესილი ბიზნესმენი პლუს რამდენიმე დასაპრესი ბიზნესმენი პლუს პარლამენტის წევრები. დაპრესილი ბიზნესმენები გაქცევას აპირებენ, იგივეს ფიქრობენ დასაპრესებიც. ხვალ სოფია როტარუ და ლარისა დოლინა რომ ჩამოვიდნენ, ვინ დაესწრება კონცერტს? – 150–იოდე პარლამენტარი. ხოლო ეს ცოტაა და ამიტომ გასულ კვირაში ახალი იდეა გაჩნდა – მომავალ პარლამენტში, სავარაუდოდ, 100 მაჟორიტარი და პროპორციული სიით გასული 100 დეპუტატი იქნება.

 

ჩემი აზრით, მთავარი მაჟორიტარი იქნება შოთა მალაშხია, რადგან მუდამ მაჟორულ განწყობაზეა. პროპორციულების სიაში კი პირველობას ვერავინ შეეცილება კახა ბენდუქიძეს, რადგან გასულ კვირაში გარემოს დაბინძურებისთვის ფულადი ჯარიმა დაეკისრა შორენა ბეგაშვილს.

 

რატომ მოვაყოლე შორენა ბეგაშვილი კახა ბენდუქიძეს? რა ვიცი – პროპორციულებზე ვსაუბრობდით და… მიშამ ევროპარლამენტში გამოსვლისას სიტყვა ორ პროპორციულ ნაწილად გაყო. ერთ ნაწილში ისაუბრა საბჭოთა კავშირის ნაკლოვანებებზე, ხოლო მეორე ნაწილში – “ვარდების რევოლუციის” მონაპოვარზე. მიშას აზრით, სსრკ იყო ცუდი (რადგან ეფრეიტორობას ვერ გასცდა), ხოლო ვარდების რევოლუცია არის კარგი (რადგან პრეზიდენტობას მიაღწია). კაკუტასი და იმ მეორისა არ იყოს, იმასა და იმას შორის რომ იყო – შევარდნაძის ეპოქა – იმას მე ვიტყვი. შევარდნაძის ეპოქას არა უშავდა, რადგან მიშა იყო მოქალაქეთა კავშირის ლიდერი და იუსტიციის მინისტრი.

 

ეფრეიტორობიდან პრეზიდენტობამდე იუსტიციის სამინისტროს გავლით!!! მართლაც შთამბეჭდავია. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ანდრო ბარნოვის კოლეგის, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების ექსპერტის, თომას დე ვაალის მოსაზრება, რომელიც გასულ კვირაში გამოქვეყნდა: “მიშა ჯადოქარია. ის რიგრიგობით ათათურქიც არის (სახელმწიფოს მშენებელი), ჯორჯ   ბუშიც (ნეოკონი), ზვიად გამსახურდია (ნაციონალისტი), ვლადიმერ პუტინი (შეუბრალებელი ცენტრალიზატორი). ასევე, მაგონებს ბილ კლინტონს ბუნებრივი კომუნიკაციით და ბორის ელცინს, რომელმაც მოახერხა პოლიტიკური წრეების ერთმანეთთან შეთანხმება”.

 

თომას დე ვაალს დაავიწყდა, რომ მიშა, ყველაფერთან ერთად, არის წყალბურთელი და არქიტექტორი, მუსიკათმცოდნე, თეატრმცოდნე, კინომცოდნე და კინოლოგი. კი ამბობენ, სააკაშვილი პიარ–კომპანიებს ქირაობსო, მაგრამ არ მჯერა. აგერ, დე ვაალს რაღაცეები არ სცოდნია, ხოლო დალაი ლამამ მხოლოდ ახლა გაიგო, თქვა – ეს მიშა ვინ ყოფილაო და, 6 თვის შემდეგ პენსიაში გასვლა გადაწყვიტა.

 

ისე, რამე რო იყოს, არ შეიძლება, რომ მიშა დალაი ლამად აირჩიონ? ალბათ – არა, რადგან დალაი ლამას ლოთობა და ღლაბუცი არ შეშვენის, ხოლო მიშა, როგორც ვიცით, რაღაცით ბორის ელცინს ჰგავს, რაღაცით კი – ბილ კლინტონს. ჯადოქარიაო… ახალგაზრდა კაცს ხერხემლად რომ გადააქცევ და თავდაცვის მინისტრს რთველის გენერლად რომ დანიშნავ, ჯადოქარი ხარ, მა რა ხარ! მაგრამ, ის თავდაცვის მინისტრი, რთველის გენერლად რომ გადაიქცევა, რა, არ არის ჯადოქარი? გასულ კვირაში რთველის გენერალი პარტიის თანათავმჯდომარედ გადაიქცა.

 

ფილარმონიაში საოცარი ერთსულოვნება სუფევდა. ერთსულოვნად აირჩიეს სოზარ სუბარი, ერთსულოვნად აირჩიეს ლევან გაჩეჩილაძე, ერთსულოვნად აირჩიეს ეროსი კიწმარიშვილი და, თქვენ წარმოიდგინეთ, კოკა გუცაძე რომ კოკა გუნცაძეა, ისიც კი ერთსულოვნად აირჩიეს. სხვათა შორის, დამსწრე 2000 დელეგატიდან, 700–800 მაინც იყო ისეთი, გუნცაძე სხვა დროსაც ერთსულოვნად რომ ჰყავთ არჩეული, ოღონდ – სხვა თანამდებობებზე და სხვა პარტიებში. ესეც ჯადოქრობის ნაირსახეობაა.

 

რადგან ჯადოქრობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ დევიდ კოპერფილდი. კოპერფილდი დაფრინავს და მიშაც დაფრინავს; კოპერფილდი ქალებს ხერხავს და მიშაც ხერხავს ქალებს; კოპერფილდმა ერთი ავტობუსი გააქრო, ხოლო მიშამ ერთბაშად გააქრო რამდენიმე ათეული ავტობუსი. მოკლედ, მიშა მაგარია, მაგრამ გასულ კვირაში ისეთი ფოკუსი გააკეთა, რომ ყველას პირი დარჩა ღია – ადგა და, თერჯოლის ბეჟან მაჟორიტარი, ბუცხრიკიძე, ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა. პირადად მე, ამაზე ძლიერი მხოლოდ ერთი ფოკუსი მეგულება – ბეჟან ბუცხრიკიძის ორდენით ვახტანგ გორგასალი რომ დააჯილდოვოს.

 

ახლა, კარგად რომ ჩავხედე, თომას დე ვაალის სტატიაში ასეთი რამ წავიკითხე: “ის (სააკაშვილი – დ.გ.) ასევე საუბრობს ტრადიციულ ღირებულებებზე და ქართული კულტურის დაცვაზე, ამავე დროს არის ავტორი შუშის ხიდისა, რომელიც ატლანტის ჯორჯიის შტატს უფრო მოუხდებოდა”. ის–ის იყო, დე ვაალების გვარში გაუთხოვრებს მივადექი, რომ ნიუსის ბოლოში თვალი მოვკარი მინაწერს: “წერილის ბოლოს დე ვაალი ახალ კონსტიტუციას ეხება. მისი აზრით, სააკაშვილის საუკეთესო მემკვიდრეობა იქნება მშვიდობიანი წასვლა, მემკვიდრეობის გადაცემა სხვისთვის და არა  - საკუთარი თავისთვის”.

 

ეგრე, რა, დალოცვილო! კარგი მაგალითია და ახლა მიშას ვეუბნები: “მიშა, შენ ხარ შუშის ხიდის ავტორი, “დინამოს” სტადიონის ავტორი, ხერთვისის, ბირთვისისა და რუსთავის #1 ციხეების ავტორი, “ჩაკრულოს”, “ხასანბეგურასა” და “როგორ მინდა მოგეფერო”–ს ავტორი. ჰოდა, თუ ხარ ავტორი, იყავი ავტორი და ნუ იქნები ავტორიტარი. ძმურად (პირი ქვისკენ მიქნია), წადი, რა!”

 

უჰ, რამხელა ტირადა გამომივიდა… “მიხეილ სააკაშვილის მიერ წაკითხულ ლექსს თავისუფლებაზე, მინდა, ილია ჭავჭავაძის ლექსით გამოვეხმაურო” – თქვა ნუგზარ წიკლაურმა და პოეზიის ხუთი წუთი გამოუვიდა: “მესმის, მესმის სანატრელი/ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა./სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს/დასათრგუნად მონობისა/აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა/და აღმიგზნებს იმედს გულში.../ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი/გამაგონე ჩემს მამულში”.

 

“თქვა ნუგზარ წიკლაურმა და კოლეგებისგან ტაში დაიმსახურა” – ასე მთავრდებოდა ნიუსი. ის დროა, ილია ჭავჭავაძეს ნუგზარ წიკლაურის ორდენს ვაძლევდეთ.

შემდეგ, წიკლაური დიდხანს უხსნიდა კოლეგებს ლექსის დედააზრს, რომ “ჩემს მამულში” დიდი ილია საგურამოს მამულს კი არ გულისხმობდა, არამედ – სრულიად საქართველოს.

 

ასევე, სოზარ სუბარიც დიდხანს უხსნიდა ფილარმონიაში დამსწრე საზოგადოებას ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვების (“არ გვინდა სამოქალაქო დაპირისპირება, თუმცა ეს გარდაუვალია”) არსს. “ისა… ესა… ნტ… ჰოდა… ნასოსი… ვაჰ…” – ქოთქოთობდა სოზარი და, სიმართლე გითხრათ, შემეცოდა.

 

სახალხო კრებაზეც ვიტყოდი ორიოდე სიტყვას, ეს რომ კრება ყოფილიყო, მაგრამ ეს იყო მიტინგი და მიტინგის გაგონება აღარც მე მინდა და, თუ რუსთაველზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობით ვიმსჯელებთ – აღარც თქვენ. თუმცა, ის რაოდენობა ნამდვილად შემეცოდა და ერთი დასკვნა ჩემთვისაც გავაკეთე – ტრიბუნაზე მდგომი ადამიანების ხარისხი განსაზღვრავს ტრიბუნასთან მდგომი ადამიანების რაოდენობას. როგორია?!

 

შალვა ნათელაშვილის ინიციატივით, “ვარდების რევოლუციის” შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება. როგორია?!

 

პავლე კუბლაშვილი ოპოზიციას სახელმწიფოს გაძლიერებაში თანადგომას სთხოვს. რავარია?!

 

აქ ყველაფერი მაგარია და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

 

ნ. ა. (ნამდვილად ასეა) – განა აქ შესანიშნავი არ არის? – თქვა ჯომ.

– საუცხოოა, – გამოეხმაურა ტომი.

– ნეტავ, რას იტყოდნენ სხვა ბიჭები, რომ დავენახეთ?

– რას და, შურით დაიხოცებოდნენ! ხომ ასეა, ჰეკ?

(მარკ ტვენი, “ტომ სოიერის თვგადასავალი”)