ბიზნესომბუდსმენის საჭიროებას ეჭვის თვალით უკვე ბიზნესმენები უყურებენ

ბიზნესომბუდსმენის საჭიროებას ეჭვის თვალით უკვე ბიზნესმენები უყურებენ

მართალია ბოლო წლებში საქართველომ რამდენიმე ბიზნესომბუდსმენი გამოიცვალა, მაგრამ საკუთრივ ბიხნესისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა. ამიტომაც ახალი კადრის დანიშვნას მეწარმეებში დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია. ზოგიერთი კი იმასაც ამბობს, რომ საერთოდ არ არის საჭირო არც ეს თანამდებობა და არც მისი აპარატი.

საქართველოს ახალი ბიზნესომბუდსმენი ჰყავს. ეს ადგილი ცოტა ხნის წინ გადამდგარი ირაკლი ლექვინაძის ნაცვლად, მიხეილ დაუშვილმა დაიკავა. მან ბიზნესომბუდსმენის ძირითად პასუხისმგებლობად ბიზნესის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მიიჩნია.

„ჩემთვის დიდი პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვიყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი. დღეისთვის სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და ჩვენი მოსახლეობისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მიღწევა არის შეუძლებელი ბიზნესის განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე. შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენის მთელი აპარატის მთავარი ფუნქცია იქნება, რომ უსწრაფესად წამოვწიოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აქვს ბიზნესს.

შევხვდეთ ყველა სახის მეწარმეს, მსხვილს, საშუალოსა და მათ შორის მცირე ბიზნესს განსაკუთრებით. გავიაზროთ და გავიგოთ ის პრობლემები, რაც მათ აქვთ სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის პროცესში და დავეხმაროთ უსწრაფესად ამ პრობლემების გადაჭრაში“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ბიზნესომბუდსმენის აპარატი ქვეყანაში კარგა ხანია არსებობს, მაგრამ ბიზნესს მაინც ისევ ისე უჭირს, როგორც ადრე უჭირდა. ამიტომ ბიზნესმენები მისდამი უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

გადამზიდავი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი ბიზნესომბუდსმენის აპარატის არსებობაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. მისი აზრით, ეკონომიკის გამსაზღვრელი ფაქტორი ეს არ არის.

„კარგია, რომ არსებობს ბიზნესომბუდსმენი, უკეთესი იქნება თუ უფრო ქმედითი გახდება, თუმცა ეკონომიკის და ბიზნესისთვის გამსაზღვრელი ფაქტორი ეს არ არის. იმ პრობლემებს რაც ბიზნესს აქვს, ბიზნესომბუდსმენი მაინც ვერ უშველის, განსაკუთრებით ბიუროკრატიისა და შენელებული ტემპის კუთხით.

ზოგადად აუცილებელია, რომ მას უფრო აქტიური კონტაქტი ჰქონდეს პრემიერ-მინისტრთან. მართალია, ახალი ბიზნესომბუდსმენი შსს-ში მუშაობდა, მაგრამ მაინცდამაინც მენეჯმენტის და ფინანსების ცოდნა არ არის აუცილებელი მისთვის, მას გონიერება უფრო მოეთხოვება.

ბიზნესომბუდსმენის აპარატთან რამდენჯერმე მქონდა შეხება, ვერ გეტყვით, რომ მათ რამე მნიშვნელოვანი შედეგები დადეს, თუმცა ფაქტია, რომ მოინდომეს. ყოველთვის ვცდილობთ, არსებული პრობლემები ჩვენი ძალებით გადავლახოთ“, - განუცხადა „კომერსანტს“ იაშვილმა.

ბიზნესომბუდსმენის არსებობის საჭიროებას ვერ ხედავს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანიც.

„არ ვიცი ვინ არის მიხეილ დაუშვილი და პრინციპში არც წინა ომბუდსმენს ვიცნობდი. ის მერიაში მაინც მუშაობდა და ვიცოდი ვინც იყო, ეს კი საერთოდ არ ვიცი რას წარმოადგენს. ვნახოთ, რა აზროვნება ექნება და რას გააკეთებს. არანაირი საკითხის გადაჭრა არ დამჭირვებია ბიზნესომბუდსმენის მხრიდან და არც მომავალში ვაპირებ, ეს ინსტიტუტი ჩემთვის არაფერს ნიშნავს“, - აცხადებს ირაკლი გურჩიანი.