ტურიზმის სექტორიდან სხვადასხვაგვარი ინფორმაციები ვრცელდება. სასტუმროს მეპატრონეები და ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანები კლიენტების დეფიციტს უჩივიან, ტურიზმის ადმინისტრაცია კი გაზრდილ მაჩვენებლებზე საუბრობს. სავარაუდოდ, ვიზიტორების რაოდენობა კი გაიზარდა, მაგრამ მათ მიერ გაწეულმა ხარჯმა იკლო.
ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სიღნაღში ორი სასტუმროს მფლობელია, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით უცხოელ ტურისტებში სარგებლობს. იგი წლევანდელი სეზონის ჩავარდნაზე და სიღნაღში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს.
„რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის შეწყვეტამ და ტურისტული სეზონის დასრულებამ, ძალიან იმოქმედა სიღნაღში არსებულ სასტუმროებზე. რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა არა მხოლოდ ფრენების აკრძალვაა, არამედ ის, რომ ჩვენ ვერ ვაწვდით სათანადო სერვისს უცხოელებს, გვაქვს მომატებული ფასი სეზონზე, რომელიც ტურისტებს აშინებს. ამ თემაზე მუდმივად მაქვს საუბრები სიღნაღის სასტუმროების მეპატრონეებთან, რომ ჯობია იყოს ლოგიკურად დაბალი ფასი, ვიდრე ალოგიკურად მაღალი. მაგალითად, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი.
სამწუხაროდ, ორივე პრობლემამ ერთდროულად იმოქმედა და მაშინ როდესაც ასეთი კარგი ამინდია, თბილი ნოემბერი დგას, სიღნაღი სრულიად დაცლილია და აბსოლუტურად სტუმრის გარეშე დარჩა, რაც სერიოზული პრობლემაა სასტუმროებისთვის“, - განუცხადა „კომერსანტს“ მოროშკინამ.
მისი თქმით, მართალია თავის სასტუმროებში ძირითადად ევროპელი ტურისტები ჰყავს, თუმცა, რუსი ტურისტების შემცირება სიღნაღის სასტუმროებზე ძალიან ცუდად აისახა.
მართლაც, სტატისტიკურად რუსეთიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ ოქტომბერში 79,4 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 26,2%-ით ნაკლებია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი თვის მაჩვენებელია. სამაგიეროდ, 2019 წლის ათ თვეში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობამ 1,3 მილიონ ადამიანზე მეტი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობაა სხვა ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების მხრივაც.
„მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში ზრდის ტემპების გარკვეული შემცირებისა, ჯამში ტურიზმის სფეროში დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ საქართველოს მთავრობის ყოველდღიური სამუშაო იყო - მინიმუმამდე დასულიყო ის ზარალი, რომელიც კერძო სექტორს და მთლიანად ქვეყანას მიადგა“, - აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ რვა მილიონს გადააჭარბა (ზრდა 6,8%). საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 6,6 მილიონზე მეტი (ზრდა 6,2%), ხოლო ტურისტული ვიზიტების - 4,4 მილიონზე მეტი (ზრდა 6%).
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ტურიზმის წლევანდელი მონაცემები არ არის ის, რასაც ისინი წლის დასაწყისში ელოდნენ, თუმცა დარგი დიდ პრობლემებს გადაურჩა.
„ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა. ჩვენ ერთ დღეში დავდექით პრობელმების წინაშე, რომელიც გულისხმობდა დღეში საშუალოდ 10-15 პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის გაუქმებას.
დღეს უკვე შეგვიძლია შევაჯამოთ ის მოცემულობა, რომელიც ეხება ზაფხულის სეზონს. ჩვენი ტურიზმის სექტორის შემოსავლები გაზრდილია, წინასწარი მონაცემებით, 0.9 პროცენტით. მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად გავაალანიზოთ, რა გზა გამოვიარეთ იქამდე, რომ დღეს ამ ციფრებამდე მოვსულიყავით. ჩვენ გულწრფელად ვამბობთ, რომ ეს არ არის ის შედეგი, რასაც ველოდით წლის დასაწყისში იმიტომ, რომ წლევანდელი წელი უნდა ყოფილიყო გამორჩეული მაღალი მაჩვენებლით“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
სამთვიანი ვარდნის მიუხედავად, მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მიხედვით საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 95 მილიონი დოლარით არის გაზრდილი და 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. წლის დარჩენილი ბოლო 2 თვის დადებითი დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება.