ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის მკვეთრი მატების საკითხი. ეს ძირითადად ეხება მეტროსა და ავტობუსებს. ადამიანები ვერ ახერხებენ სასურველ ტრანსპორტში ასვლას და დანიშნულების ადგილზე მისვლას. ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ მგზავრების რაოდენობა მუდმივად მატულობს, ხოლო ახალი სატრანსპორტო საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება მას ფეხს ვერ უწყობს.
ტაქსების რეფორმის შემდეგ მგზავრთა გადაყვანის პრობლემა ყველაზე თვალსაჩინო გახდა. მოსახლეობა და სპეციალისტები უკმაყოფილონი არიან, რაც არ ითქმის მერიის ჩინოვნიკებზე. ისინი ერთგვარ კმაყოფილებასაც კი გამოთქვამენ მუნიციპალური ტრანსპორტის დატვირთვის გამო. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების ზრდის კი არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გაგვიხარდეს იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტა“. მისივე დაკვირვებით, მეტრო მგზავრთნაკადის გადაყვანას შეუფერხებლად ახორციელებს და პრობლემა მხოლოდ პიკის საათებში ფიქსირდება.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთნაკადის მატებაზე შესაბამისი სტატისტიკაც მეტყველებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო, 2018 წლის მონაცემებით მგზავრთა რაოდენობა მეტროში უფრო გაზრდილია, ვიდრე ავტობუსებში.
კერძოდ, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, მეტროში მგზავრთნაკადი 10%-ით არის გაზრდილი. თუ 2018 წელს მგზავრთა რაოდენობა 125 705 965 ადამიანს შეადგენდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 113 819 401 იყო. რაც შეეხება ავტობუსებში იგივე მაჩვენებელს, 2018 წელს გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 131 957 605 კაცს, 2017 წელს კი 128 452 979 კაცს შეადგენდა. მატება მხოლოდ 3%-ია.
დღესდღეობით თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა ნერვების ნამდვილი გამოცდაა. მეტრო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, ბევრ უბანში საერთოდ არ მიდის ან მიდის, მაგრამ ამ უბნებს საკმარისად ვერ ფარავს (მაგ. ვარკეთილი, გლდანი, თემქა და ა.შ.). ყვითელი სამარშრუტო ტაქსები გადატვირთულია, ზაფხულში ჩახუთულია და მათი გარკვეული ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია. ავტობუსები დიდი ინტერვალებით დადიან, საკმაოდ ნელა და მათ მუდმივად საცობებში უწევთ დგომა. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა უბნის განსაკუთრებულ საჭიროებებს ჯეროვნად ვერ აკმაყოფილებს. ქვეითთა გადაადგილება ბევრ უბანში შეზღუდულია - ტროტუარები ან საერთოდ არ არსებობს, ან არსებობს, მაგრამ მათზე მანქანების საპარკინგო სივრცეებია მოწყობილი.
შესაბამისად, ოპოზიცია ძალიან უკმაყოფილოა. საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის სატრანსპორტო რეფორმას აკრიტიკებს და კალაძის ქმედებებს დედაქალაქისთვის დამაზიანებელს უწოდებს.
„არაკომპეტენტურმა, გაუაზრებელმა და არათანმიმდევრულმა რეფორმამ შედეგად მოიტანა სატრანსპორტო კოლაფსი და ქალაქში გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელი გახდა. ვერც ფეხით, ვერც საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მით უფრო მანქანით ადამიანები ვერ გადაადგილდებიან. ქალაქის მერს ვიწვევ ნებისმიერ არხზე დებატებში ტრანსპორტის თემაზე. ვიწვევ არა იმიტომ, რომ მასთან ლაპარაკი და მუსაიფი მომენატრა, არამედ დავუსაბუთო, რომ ასე ამ ტაქსების რეფორმის გაგრძელების შემთხვევაში სატრანსპორტო სისტემა თავზე დაგვემხობა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ჯერჯერობით იმედიანადაა თავად დედაქალაქის ხელმძღვანელობა. კახა კალაძის თქმით, 60 ერთეული მწვანე ავტობუსი, რომელიც დედაქალაქს ემსახურება, ძალიან კომპაქტურია და დაკვირვებებით ჩანს, რომ მიკროავტობუსების მგზავრები ახალი ავტობუსებით გადაადგილებას ანიჭებენ უპირატესობას.
„მიკროავტობუსების მდგომარეობა, თუ რა პირობებში უწევთ მგზავრებს გადაადგილება, როგორი მძიმეა იქ სიტუაცია... რა თქმა უნდა, არჩევანი არის ახალი ავტობუსი და რა თქმა უნდა, ისინი (მიკროავტობუსები) კარგავენ მგზავრებს. 2030 წლამდე აქვთ მათ (მიკროავტობუსების მძღოლებს) ხელშეკრულება, რომელიც წინა მთავრობის პირობებში გაფორმდა. ჩვენთვის მთავარი არის, რომ კომპანია დავავალდებულოთ, მოვთხოვოთ ახალი ავტობუსების შემოყვანა. ამაზე უკვე გვაქვს მოლაპარაკებები და ჩვენი მიდგომაა, რომ როგორც მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ასევე მიკორავტობუსების ჩანაცვლება უნდა განახორციელოს კომპანიამ. თუ როგორი ავტობუსები იქნება და რა მარკა იქნება, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან კომუნიკაციები აუცილებლად გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.