პოლიტიკოსები და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერები აზარტული თამაშების წანააღმდეგ დაირაზმნენ. მათი წამოწყებული კამპანია პერმანენტული იქნება. ისინი გეგმავენ წნეხში მოაქციონ არა მარტო სათამაშო ინდუსტრია, არამედ ის კომპანიებიც, რომლებიც აზარტული თამაშების რეკლამირებას ეწევიან.
მთავრობის ადმინისტრაციასთან უკვე გაიმართა კამპანია - „გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ“. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მიზანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოების გაერთიანება და საერთო პროტესტის გამოხატვა.
კამპანიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ შეკრებილებს პეტიცია გააცნო, რომელიც საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება. კამპანია „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ შემდეგი შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს:
- აიკრძალოს 25-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის შესვლა აზარტული სათამაშო დაწესებულებებში, მონაწილეობა და რეგისტრაცია
- პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მთავრობამ უზრუნველყოს ლუდომანიის დაავადებულთათვის პროგრამების დაფინანსება, მათ შორის ცხელი ხაზის შექმნა.
- აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ყველა ტიპის მედიასაშუალებაში და ასევე გარე რეკლამების განთავსებას ბილბორდებზე, ავტობუსებზე და ა.შ
- პირველი ნოემბერი გამოცხადდეს აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლის დღედ.
ანა დოლიძე ხელისუფლებას მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ყველა იმ კომპანიასთან, აქტივისტებთან ერთად, აქციას გამართავს, რომლებიც უარს აზარტული თამაშების რეკლამირებაზე არ იტყვის.
„ყოველი დღე თითო სიცოცხლედ გვიჯდება. თითოეულ იმ კომპანიასთან მივალთ და გავაპროტესტებთ, რომლებიც აზარტული თამაშებს რეკლამირებაზე უარს არ იტყვიან“ - განაცხადა დოლიძემ.
სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ თამარ ჯაფარიძე კი ამბობს, რომ მთავრობის ქმედებებს დაელოდებიან და შედეგების მიხედვით გადაწყვეტენ, როგორ და რა ფორმით გააგრძელონ ბრძოლა ლუდომანიის წინააღმდეგ.
„აქციამ იმედი ჩამისახა. პირველ ეტაპზე საკმაო რაოდენობის ადამიანები მოვიდნენ. ცოტა ხანს მთავრობას დაველოდებით, რა გავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაში პირველად გამართული აქცია აზარტული თამაშების წინააღმდეგ. ამის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფი მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ გავაგრძელებთ კამპანიას“, - აღნიშნა „პრაიმტაიმთან“ ჯაფარიძემ.
დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა კი თამაშების დაწესებულებების შემაშფოთებელ ფინანსურ ბრუნვაზე ისაუბრა.
„როცა კანონპროექტს პარლამენტი განიხილავდა, კანონში ძალაში შესვლისთვის 14 ხმა დაგვაკლდა. მხარი სწორედ იმ ადამიანებმა არ დაგვიჭირეს, ვინც ყველაზე მეტ პოპულისტურ განცხადებებს აკეთებდნენ და აცხადებდნენ, რომ მეტად რადიკალები უნდა ვიყოთ. დაინტერესებულ პირებს ვთავაზობ, ამ კანონპროექტის განხილვას დაესწრონ, მათ დასწრებას უზრუნველვყოფ.
განსაკუთრებით სამარცხვინოა ამბროლაურის მერის ჩართულობა აზარტულ თამაშებში. მას ჰგონია, რომ გვშურს მისი მოგებული ავტომობილის, მაგრამ არ ესმის, რომ ის ამბროლაურელი ახალგაზრდებისთვის აზარტული თამაშებთან ასოცირდება.
იმდენად შემაშფოთებელია აზარტულ თამაშებში ჩართული ადამინების მდგომარეობა, რომ ბრუნვამ 13 მილიარდს გადააჭარბა, აქედან 60 პროცენტი შავი ფულია, რომელსაც მთავრობა იყენებს. მოთამაშეებმა უკვე მოსახლეობის 30 პროცენტი შეადგინა, ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშობს ყველა, პოლიციელი, პარლამენტარი, მერი და ა.შ.“ - თქვა გოგიჩაიშვილმა.
საქართველოში 2018 წელს ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესი იყო. ესენია: შპს „მარსი“ („კრისტალბეთი“); შპს „ლიდერ-ბეთ სლოტი“ („ლიდერბეთი“); შპს „ბეთლაივი“ („ბეთლაივი“); შპს „ჩემპიონები 111” („ევროპა ბეთი“) და შპს „ავიატორ“ („აჭარაბეთი“, კაზინო „ავიატორი“).
ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.
SOS
აი, ეს არის კატასტროფა და ამათ, ლამის არის, საპატრიარქოს კარის თამაშებს გადააყოლონ ქვეყანა!
ამაზე იფიქრეთ, თუ გაქვთ ის ორგანო, რითაც ფიქრობენ!